10.06.2020, 09:31 | |
ზაფხულის დადგომასთან ერთად ყველას გაგრილების სურვილი გვიჩნდება. სწორად უნდა შევარჩიოთ გასაგრილებელი საკვები თუ სასმელი, სწორად განვსაზღვროთ დღის რაციონი და გაზიანი სასმელებისა თუ ტკბილი დესერტების ჭარბი მიღებით ჯანმრთელობას პრობლემები არ შევუქმნათ. აღნიშვნა არ სჭირდება იმას, რომ სიცხესთან საბრძოლველად ცივი წყალი ყველაზე უებარი საშუალებაა და ამავდროულად აუცილებელიც: ზაფხულში განსაკუთრებით მაღალია გაუწყლოების რისკი, შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად ბევრი სითხე უნდა მივიღოთ. ახლა კი კიდევ რამდენიმე ძალიან მარტივ და ჯანსაღ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენი ზაფხულის დღეებს გააგრილებს და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. 1. ცივი ჩაი:1 ცალი ლიმონი 3-4 ცალი ნებისმიერი ჩაის პაკეტი 1 ლიტრი წყალი 2-3 სუფრის კოვზი შაქარი (უკეთეს შემთხვევაში თაფლი) პიტნის 4 ფურცელი დაასხით ადუღებული წყალი ჩაის პაკეტებს. სანამ ჩაი დაყენდება, მანამდე დაჭერით ნახევარი ლიმონი და ჩაყარეთ ნებისმიერ სასურველ ჭურჭელში, მეორე ნახევარი კი ჩააწურეთ. დაამატეთ შაქარი და პიტნის ფურცლები, ბოლოს კი შეგრილებული ჩაი. მოურიეთ კარგად და შედგით მაცივარში, მოგვიანებით კი სურვილის შემთხვევაში ყინულის კუბებთან ერთად მიირთვით. 2. ცივი ჩაი ხილით:3-4 ცალი ჩაის პაკეტი 1 ლიტრი წყალი 2-3 სუფრის კოვზი შაქარი (უკეთეს შემთხვევაში თაფლი) პიტნის 4 ფურცელი სეზონური ხილი: მარწყვი, ჟოლო, ფორთოხალი, ატამი... წინა რეცეპტის მსგავსად ამჯერადაც იმავე ნაბიჯებს მიჰყვებით, უბრალოდ ლიმონის ნაცვლად ჩაის თქვენთვის სასურველ ხილს ან რამდენიმე ხილის კომბინაციას ამატებთ. ასევე შეგიძლიათ არომატისთვის ჩააწუროთ ლიმონიც. სასურველია, რომ ჩაი რამდენიმე საათის განმავლობაში იყოს მაცივარში და კარგად გაცივების შემდეგ მიირთვათ. 3. ლიმონათი:5-6 ცალი ლიმონი 1 ლიტრი წყალი (სურვილის შემთხვევაში, გაზიანი) შაქარი გემოვნებით (ან თაფლი) პიტნა ყინულის კუბები ლიმონათის მომზადება ძალიან ჰგავს ცივი ჩაის რეცეპტს, უბრალოდ ამჯერად ჩაის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებთ, თუ სურვილი გაქვთ, მაშინ გაზიანი მინერალური წყალი გამოიყენეთ. სხვა ყველა ინგრედიენტს შეურიეთ 4-5 ცალი დაწურული ლიმონის წვენი, ერთი ცალი კი ცოცხლად ჩააჭერით. შედგით მაცივარში და გაცივების შემდეგ ჯანსაღად ჩაისველეთ ყელი. 4. არაალკოჰოლური სანგრია:2 ცალი ლიმონი 2 ცალი ფორთოხალი ორი ცალი ატამი შაქარი გემოვნებით (ან თაფლი) რამდენიმე ცალი კენკრის რომელიმე სახეობა ორი ლიტრი წყალი ყინულის კუბები ატამი და ერთი ცალი ფორთოხალი დაჭერით, მეორე ფორთოხალი და ლიმონი კი ჩააწურეთ. ჩაამატეთ კენკრა, ყინულის კუბები და შაქარი წყალთან ერთად, მოურიეთ და შედგით მაცივარში გასაციებლად. 5. ვეგანური ნაყინი:2 ცალი ბანანი ნებისმიერი კენკრა (სურვილის შემთხვევაში) წყალი (სურვილის შემთხვევაში) საყინულეში გაყინეთ ბანანი, შემდეგ გამოიღეთ და 10 წუთი აცადეთ გალღობა. შემდეგ დააბლენდერეთ სურვილის შემთხვევაში რომელიმე სასურველ კენკრასთან ერთად. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი წყალიც, თუ გსურთ უფრო თხელი კონსისტენცია მიიღოთ. შეიძლება მეტისმეტად მარტივი რეცეპტი ჩანს, თუმცა დაგვერწმუნეთ, ნამდვილად გემრიელ შედეგს მიიღებთ და გემოვნებისამებრ სხვა არომატებითაც შეგიძლიათ გაამდიდროთ ის. შემდეგ გაყინეთ და მიირთვით. | |
| |
ნანახია: 1845 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |