უნაბი (Zizyphus)
26.09.2019, 12:40

უნაბს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობენ: ურნაბი, ორნაბი, ბურნაბი, ანაპი, ზიზიფუსი, ჩინურად კი ფინიკი. 

უნაბი არის ფოთოლმცვენი ხე ან ბუჩქი, მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახიდან. გვარში დაახლოებით 40 სახეობაა. გავრცელებულია აზიის, აფრიკის და ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ყველაზე ცნობილია უნაბის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც „იუბას“ უწოდებენ. დიდი ხეებია, სიმაღლით 15 მ-მდე, ცოცლობენ 300 წლამდე. აქვს კვერცხისებრი, ოვალური ან ლანცეტა ფოთოლი, ორსქესიანი, ჯვარედინმტვერია ყვავილი. ყვავილობს მაისში, რაც 1,5 - 2 თვეს გრძელდება. ფოთლები განიერი ლანცეტა ან კვერცხირსებრი, ზემოდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი, კიდეწვრილ-ხერხისებრდაკბილული, არათანაბარგვერდებიანი, მეტად მოკლე ყუნწიანი, წვრილ ყლორტებზე ორმწკრივადაა განლაგებული. ხუთწვერიანი პატარა ყვითელი ყვავილები სამ-სამ ყვავილიან მჭიდრო თანაყვავილედებად შეჯგუფული ფოთლების უბეებშია განლაგებული. ნაყოფი კურკიანაა, რბილობი სქელი, ფერად - ღია მწვანე ან თეთრი. ნაყოფს იძლევა მე-3, მე-4 წელს. საქართველოში მსხვილნაყოფა უნაბის ცნობილი ჯიშებია ტა-იან-ძაო და ლი, რომლებიც 1930 წელს შემოიტანეს კალიფორნიიდან. ამჟამად ამ ჯიშების გასამრავლებლად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს. ნაყოფი მრგვალი ან მოგრძო ოვალური ფორმის მბრწყინავკანიანია, მუქი-მოწითალო ან მოყავისფრო, ხორციანია, სიგრძით 4 სმ-მდე, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, წონით 45 გ-მდე, კურკა ქვისებრია.

ნაყოფის მშრალ რბილობში არის 40%-მდე ნახშირწყლები, 5%-მეტი პროტეინი, 1,5% ქარვის და ვაშლის მჟავები, 5,8%-მდე – პექტინოვანი ნივთიერებები, 2%-ზე მეტი ფისები, 1,2% მთრიმლავი ნივთიერებები. ნაყოფები ძალიან მდიდარია ვიტამინებით (C 1100 მგ.%-მდე, P 100 მგ.%-მდე). ფოთლები აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას.

სასარგებლოა:

გამოიყენებენ ნედლად, კომპოტის, პასტილისა და მურაბის დასამზადებლად, მომჭნარი, გამხმარი და კონსერვირებული სახით. იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში და სასმელებში. უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც მსუბუქი სასაქმებელი, ამოსახველებელი, მატონიზირებელი და შარდმდენი საშუალება. ფოთლებს გააჩნია მაანესთეზირებელი თვისებები. გამოიყენება აგრეთვე ვიტამინური ჩაის დასამზადებლად.

 დღეს ყველამ იცის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უნაბს რეგულარულად მიირთმევენ, ჰიპერტონიული დაავადებით ნაკლებად ავადდებიან. ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ უნაბს თანამედროვე მედიცინაც უწევს რეკომენდაციას. ამ მიზნით მისი 20 ცალი ნაყოფი დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი სამ თვეს გრძელდება. შეიძლება გამომშრალი ნაყოფის გამოყენებაც. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა უნაბის ფოთლები და ფესვებიც. უნაბის ნაყოფის ნახარში მეტად ფასეული სასმელია - აძლიერებს ორგანიზმს, სწევს ტონუსს, ხსნის ხველასა და თავბრუხვევას, სასარგებლოა ტკივილებისა და უძილობის დროს, რეკომენდებულია მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ და, საზოგადოდ, სკლეროზული პროცესების საპროფილაქტიკოდ. უნაბი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის. 

Zizyphus

უნაბის დარგვა და მოვლა:

უნაბი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის (დამლაშებული და გრუნტის წყლებთან ახლოს მყოფი ნიადაგების გარდა), მაგრამ ყველაზე კარგად თიხნარ ნიადაგებზე ხარობს. მისთვის საუკეთესოა ნეიტრალური ან სუსტი ტუტე ნიადაგის არეს რეაქცია pH = 7-8.

რგავენ ძირითადად ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით, ნერგი ასეთ შემთხვევასი კარგად უნდა იყოს დაფესვიანებული. თუ რამოდენიმე ნერგის დარგვას აპირებთ, გაითვალისწინეთ ნერგებს შორის უნდა იყოს 4-5 მეტრი დაშორება. დასარგავი ორმო სიღრმეში და სიგანეში უნდა ამოთხაროთ არანაკლებ 70 სანტიმეტრის. თუ ნიადაგი ძალიან გამოფიტულია დასარგავ ნიადაგში გადაურიეთ გადამწვარი ნაკელი და ის დააყარეთ ჩარგულ მცენარეს. დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ. დარგვიდან 3-4 დღის შემდეგ განმეორებით მორწყეთ. 

მაღალი ნაყოფიერებისთვის უკეთესი იქნება თუ რამდენიმე სხვადასხვა ჯიშს დარგავთ.

პირველ წელს უნაბი ნელა იზრდება, ამიტომ მის გასხვლა-ფორმირებას დარგვიდან ერთი წლის შემდეგ იწყებენ. ფორმირებისთვის, ღეროზე, კენწეროს პინცირებას ახდენენ და ტოვებენ 3-5 ღეროს გარშემო თანაბრად განლაგებულ ძირითად (ჩონჩხის) ტოტს. შემდეგ წლებში დრო და დრო სანიტარულ გასხვლებს ატარებენ.

პირველ წელს უნაბს უხვი მორწყვა სჭირდება, ყვავილობის პერიოდში აჯობებს თავი შევიკავოთ მორწყვისგან, თუ გვალვიანი წელიწადი არ არის.

ერთი წლის შემდეგ კარგი იქნება, თუ გადამწვარ ნაკელს მოვაყრით ძირში.

უნაბი ნიშანს ძირითადად პირველივე წელს იძლევა, მაგრამ ნაყოფირება მეორე-მესამე წელს იწყება, სრულ ნაყოფირებას საშუალოდ 7-10 წლის ასაკში აღწევს.

 

სასუქი:

დარგვის მეოთხე წლიდან, ყოველ წელს გაზაფხულობით საჭიროა უნაბის კვება, იმ ორგანული ან მინერალური განოყიერების საშუალებებით, რომელსაც ხეხილოვანი კულტურებისთვის ვიყენებთ.

როგორ მრავლდება:

უნაბი მრავლდება თესლით, კალმით და ფესვის ამონაყარებით, ვეგეტაციური გზითაც, რომელიც სრულყოფილად ინარჩუნებს ჯიშურ ნიშან-თვისებებს. უნაბი კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და უძლებს -25-28 გრადუს ყინვასაც.

თესლით გამრავლების შემთხვევაში დასათესად ამზადებენ მწიფე ნაყოფებისაგან მიღებულ თესლებს, რომელთაც თავდაპირველად შესაბამისი წესით ამუშავებენ - ახდენენ მათ სტრატიფიკაციას, რისთვისაც შემოდგომით, უნაბის თესლს ურევენ მას შესაბამისი ტენიანობის მქონე სუბსტრატში - სველ ქვიშაში 1/3 შეფარდებით. სტრატიფიკაციის პროცესი გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში საჭიროა სუბსტრატის მუდმივად ტენიან პირობებში შენარჩუნება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა 2-8℃-ის ფარგლებში.     

სტრატიფიცირებული თესლი ითესება ადრე გაზაფხულზე, 2-4 სმ-ის სიღრმეზე. თესავენ რიგებს შორის 80 სმ და მცენარეთა შორის 4 – 5 სმ მანძილით. ნათესები უნდა მოირწყოს აღმოცენების შემდეგ. მცენარეები უნდა გამოიხშიროს ყოველ 25 სმ -ზე თითო მცენარის დატოვებით.

უნაბისგან მომზადებული ნაყენი:

აიღეთ 1 კგ გამომშრალი ნაყოფი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია 3-4 ნაწილად გაიყოს), დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ შეფუთულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ, ნაყოფს ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათი დააყოვნეთ და ისევ გადაწურეთ. ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ეს ნაყენი ხალხურ მედიცინაში ჰიპერტონიის სამკურნალოდ მეტად სასარგებლო საშუალებად არის მიჩნეული. ერთ მიღებაზე ერთი ჭიქა უნდა მიირთვათ.


ფოთლების ნაყენი:
აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული უნაბის ფოთოლი, დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით 50 მლ. დღეში 3-4 ჯერ, ხველისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ.


კურკების ნაყენი:
აიღეთ 100 გრამი დაფქული უნაბის კურკა, დაასხით 500 მლ. წყალი, ადუღეთ 10 წუთი, დაამატეთ 200 მლ. 96%-იანი სპირტი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ ნევრასთენიის, ისტერიის, თავბრუხვევისა და უძილობის დროს.

 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 7533 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 0
avatar