ტარხუნა
03.08.2019, 12:52

ტარხუნა მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, გლუვი ღერო, რომლის სიმაღლე 60—125 სანტიმეტრს აღწევს, ლანცეტა ფოთოლი, პატარა, თეთრი ყვავილები, შეკრებილი სფეროსებრ ყვავილედად. ყვავილობს ივლისს-აგვისტოში, სამშობლოა მონღოლეთი და სამხრეთი ციმბირი.

გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქარტველოში ყველაზე უხვად მოჰყავთ თბილისის საგარეუბნო ზონაში. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს. იყენებენ მწვანილად, კულინარიაში, ლიქიორის მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საკონსერვო მრეწველობაში (კიტრისა და პამიდვრის დამჟავებისას).

ამრავლებენ ვეგეტატიურად, ბუჩქის დაყოფით ან კალმებით. ჩითილი ირგვება ღია გრუნტში 25 სმ დაშორებით. ტარხუნა ერთსა და იმავე ნაკვეთზე მოჰყავთ 10—15 წლის განმავლობაში.

 

ტარხუნის ფოთლები, ფესვები და ღერო შეიცავს ალკალოიდებს, კაროტინს, ფლავონოიდებსა და კუმარინებს. ტარხუნასი გვხვდება რუტინი, ეთერზეთები, a, d, e, k, b, ჯგუფის ვიტამინები და ასკორბინის მჟავა. მცენარე მდიდარია მაკრო ელემენტებით (მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი) და მიკროელემენტებით( რკინა, სპილენძი, თუთია, სელენიუმი, მარგანეცი).

ტარხუნის ეთერზეთები არა მხოლოდ გასაოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა, არამედ სასარგებ;ოა ადამიანის ორგანიზმის ბევრი სისტემისთვისაც. დამტკიცებულია ტარხუნის სასარგებლო თვისებები. მას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. ტარხუნა ეხმარება ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან, თავის ტკივილთან გამკლავებაში. აქვს ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის ჭიებისგან გამწმენდი თვისება. მისი ნაყენი რეკომენდირებულია ართრიტისა და რევმატიზმის დროს. 

თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას ტარხუნა აწესრიგებს ამ ორგანოების მუშაობას და აქრობს ვირუსისა და ანთების საწინააღმდეგო პროცესს.

ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ტარხუნა გამოიყენება რესპირატორული სისტემის მკურნალობისას: ანგინების, ბრონქიტების, ფილტვების ანთებებისა  და ტუბერკულოზის დროსაც კი. 

ტარხუნა შეუცვლელია დიეტების დროს, 100 გრამში დაახლოებით 25 კილოკალორიაა. გასახდომი დიეტის დროს როგორც წესი, მარილის მიღება იზღუდება, ტარხუნა კი სხვა მწვანილებთან ერთად მის შემცვლელად გამოიყენება. ასე შეგიძლიათ მოაგვაროთ უგემური საჭმელის პრობლემა. ამ დროს ტარხუნა არამხოლოდ აუმჯობესებს საკვების გემოს, არავედ ზედმეტი სითხე გამოჰყავს ორგანიზმიდან,პარაზიტებისგან წმენდს ნაწლავებს. 

პოლიგაჯერებული მჟავიანობის მაღალი შემცველობის წყალობით, ტარხუნა აწესრიგებს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, შესაბამისად ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური და გრიპოზული დაავადების მიმართ. იმავე მიზეზით, ტარხუნის გამოყენება მნიშვნელოვანია ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმელებში ქვები აქვს. 

ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ტარხუნა გამოიყენება როგორც პოლივიტამინური საშუალება. 

ტარხუნა კატეგორიულა უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, მიიჩნევა, რომ მას ნაყოფის მოშლის პროვოცირება შეუძლია.

 

ტარხუნის მოვლა:

ტარხუნა არ ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. საჭიროა წელიწადში 3-4 ჯერ მიწის გაფხვიერება, სარეველების მოშორება, მორწყვა მოთხოვნილების შესაბამისად (წყალი არ უნდა დაუგუბდეს), საწყის ეტაპზე და გვალვიან პერიოდში.

 

სასუქი:

ტარხუნას დარგვის წელს არ კვებავენ, შემდეგ კი, წელიწადში ერთხელ სჭირდება მინერალური ან ორგანული სასუქით გამოკვება აპრილ-მაისში. ორგანულ სასუქს კი აძლევენ შემოდგომაზე, შეგიძლიათ დაუმატოთ ფოსფორი და მინერალური სასუქი.

ტარხუნას არ ჭრიან, მანამ ღერო არ მიაღწევს 20 სმ-ს. ჭრიან ისე, რომ მცენარე 5-7 სმ-ის სიმაღლის დარჩეს.

 

ტარხუნის დარგვა:

ტარხუნა ცუდად იტანს ჭარბტენიან, თიხიან და მძიმე ნიადაგს.

დარგვისას, ეცადეთ ტარხუნას შეურჩიოთ ნაყოფიერი ნიადაგი (თუმცა ხარობს ღარიბ ნიადაგებზეც) და მზის სხივებით კარგად განათებული ადგილი. ეცადეთ მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდეს მზის სხივი.

ნიადაგი არ უნდა იყოს მძიმე (ასეთ დროს, ურევენ ქვიშას და ორგანული განოყიერების საშუალებებს), კარგია ქვიშნარი. დარგვის წინ რეკომენდირებულია ნიადაგში ხის ნაცრის დამატებაც.

ტარხუნისთვის კარგია შემაღლებული კვლების მეთოდის გამოყენება.

დარგვა შეიძლება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ტარხუნა ერთსა და იმავე ნაკვეთზე მოდის საკმაოდ დიდხანს (7-10 წლის განმავლობაში, ზოგჯერ მეტიც). თუმცა შეიძლება ღერომ და ფოთლებმა სინაზე დაკარგოს და გემოვნური თვისებები გაუარესდეს, ამიტომ რეკომენდირებულია განახლება 4-5 წელიწადში ერთხელ.

ტარხუნას რიგში 30-40 სმ დაშორებით რგავენ. რიგებს შორის მანძილი 50-70 სმ. დარგვისას აუცილებელია უხვი მორწყვა.

 

 

გამრავლება:

ტარხუნას ამრავლებენ თესლით, ბუჩქის გაყოფით, ფესვის ამონაყარით ან კალმით. თესლით გამრავლებისას ტარხუნამ შეიძლება დაკარგოს არომატული თვისებები. პირველ წელს ფორმირდება 50-60 სანტიმეტრი სიმაღლის ღერო, მეორე წლის შუიდან იწყებს ყვავილობას.

თესლი უნდა დაითესოს თოვლის მოსვლამდე ან ადრე გაზაფხულზე. თესლი საკმაოდ მცირე ზომისაა, ამიტომ არ არის საჭირო გრუნტში ღრმად ჩაფლვა, საკმარისია მიწის მსუბუქად მიყრა.

ჩითილის მისაღებად, ტარხუნა უნდა დათესოთ ქოთანში ან კონტეინერში. თესავენ ადრე გაზაფხულზე, გადარგვამდე 60 დღით ადრე, ტარხუნის თესლს ყლორტის გამოსაღებად, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება. მაისში გადარგავენ მუდმივ გრუნტში.

ბუჩქის გაყოფისას, ძირითადად 4-5 წლის პლანტაციიდან თხრიან ბუჩქებს და ჰყოფენ მას ისე, რომ თვითეულს ჰქონდეს 3-5 ყლორტი და კარგად განვითარებული ფესვი. 

კალმით გამრავლებისთვის აპრილ-მაისში, მცენარეს აჭრიან დაახლოებით 15 სმ სიგრძის ყლორტებს. ყლორტების ქვედა მხარეს, წაკვეთა ხდება მახვილი კუთხით – ბოლო ფოთლებიდან 3 სმ-ით დაბლა. კალამს დასაფესვიანებლად რგავენ ქოთანში ან კონტეინერში (დახურულ სივრცეში) დაახლოებით 3 კვირაში კალამი მზად იქნება გადასარგავად.

ყველაზე კარგად მრავლდება ფესვის ამონაყრით, ამისთვის 2-3 წლის ბუჩქებს ადრე გაზაფხულზე, აცლიან ამონაყრებს და რგავენ მათ ტენიან ნიადაგში, 5-8 სმ სიღრმეზე.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2826 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar