მცენარე სალბის სასარგებლო თვისებები (Salvia)
18.12.2019, 15:42

სალბი მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლიანი ბუჩქოვანიო მცენარეა. ყვავილები რგოლურადაა გაწყობილი და შეკრებილია თავაკისებრ ან საგველა ყვავილებად, ყვავილები იისფერია. სიმაღლით იზრდება 20-დან 100 სანტიმეტრამდე. 

სალბის 700-მდე სახეობაა გავრცელებული ყველგან, ძირითადად კი ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში იზრდება 12-მდე სახეობა. იზრდება ხმელთაშუა ზღვისპირეთში. წინა საუკუნეების საქართველოში კულტივირებულია, როგორც სამკურნალო მცენარე. მის ფოთოლში ეთერზეთები, ალკალოიდები და მთრიმლავი ნივთიერებებია. ნაყენი ყელისა და პირის ღრუს გამოსავლებად იხმარება.

სალბს აქვს ძლიერი, მერქნისებრი ფესვები. ღეროები დატოტვილია, ქვემოთ მერქნისებრი. განვითარების პირველ წელს ქვემოთ ოთხწახნაგოვანია, ღეროს ძირში მოკლე, ხშირფოთლებიანი ყლორტებით.

ფოთლები მოგრძოა, მოპირისპირე, ყუნწიანი, სიგრძით 2-8 სმ, სიგანით 0,8-2,5 სმ, ნაოჭიანი, შებუსული, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან, მონაცრისფრო-მწვანე. ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ ფოთლები იცვლიან ფერს მოვერცხლისფრო-ნაცრისფრად.

ყვავილედი მარტივია ან დატოტვილი 6-7 ათყვავილოვანი ცრუ რგოლით. მოლურჯო-იისფერი ყვავილები სხედან თანაყვავილედების უბეებში. ყვავილობს მაის-ივნისში.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სალბის ორი სახეობა. სამკურნალო სალბი საქართველოში ბუნენბრივად არ ხარობს. 

სამკურნალო სალბი 50 სმ-მდე სიმაღლის ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. მრავალრიცხოვანი ღერო აქვს. ღერო ზედა ნაწილში მწვანე და ოთხწახნაგოვანია, უხვად არის დაფარული ბუსუსებით. ღეროს ქვედა ნაწილი გამერქნებულია და რუხი, ან მურა-რუხი შეფერილობისაა. ფოთოლთა განლაგება მოპირისპირეა. ღეროს ქვედა ნაწილის ფოთლები ყუნწიანია, წვეროს ნაწილის ფოთლები კი – მჯდომარე. ფოთლის ფირფიტის ფორმა ღეროს ქვედა ნაწილიდან წვეროს მიმართულებით ცვალებადია. კერძოდ, ქვედა ნაწილში ფოთლები უფრო დიდი ზომისაა და მოგრძო-კვერცხისებრი ფორმა აქვთ. წვეროს მიმართულებით ფოთლის ზომა თანდათან მცირდება და მოგრძო ლანცეტისებურ სახეს იძენს. ფოთლის საშუალო სიგრძე 8 სმ-ია. მცენარის ნორჩი ფოთლები მოვერცხლისფრო შეფერილობისაა, რაც გამოწვეულია მათზე ბუსუსების სიჭარბით. ფოთლების შებუსვის ხარისხი ფოთლის ასაკთან უშუალოდ არის დაკავშირებული, რაც უფრო ნორჩია ფოთოლი, მით უფრო ინტენსიურია მისი შებუსვა და პირიქით. მოძველებული ფოთლები ბუსუსებს ინარჩუნებენ ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარის ძარღვების გარშემო, ზედა მხარე კი თითქმის თავისუფალია ბუსუსებისაგან. ფოთლის ყუნწიც, ასევე დაფარულია ბუსუსებით.

სამკურნალო სალბის ყვავილები იისფერია, ორტუჩიანი, ტოტის წვეროზე თავაკისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი. ორსქესიანია. ჯამი ზარისებრია, ორტუჩა, შებუსული. გვირგვინიც ორ ტუჩიანია, თეთრი ან მოცისფრო. სვეტი ჩვეულებრივ ძალიან გრძელია, . ნაყოფი ჩამალულია ჯამში. ნაყოფი ოთხნაწილიანი კაკლუჭაა. კაკლები კვერცხისებური ფორმისაა, მუქი-მურა ფერის. მცენარის მიწისქვეშა ნაწილი მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემით გამოირჩევა. 

სამკურნალო სალბი სხვა სახეობებისაგან გამოირჩევა მრავალრიცხოვანი ბუსუსებით. ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა, დაახლოებით ასე გამოიყურება: ,,მთლიანი ფოთლები 35 მმ-მდე სიგრძის, მოგრძო-კვერცხისებრი ან ფართო-ლანცეტა ფორმის, ფუძესთან გულისებრი, წვერში მობლაგვო ან წამახვილებული, ფოთლის კიდე წვრილად დაკბილული, ფოთლის ფირფიტის ზედაპირი ერთნაირად – დანაოჭებული, სქელი ბადისებრი დაძარღვით, რომლებიც ფოთლის ზედა მხრიდან შეწეულია, ქვევიდან პირიქით ძლიერ გამობერილი. ფოთოლი მთლიანად დაფარულია გრძელი ბეწვებით, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან.

სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ისე ბაქტერიოსტატიკური თვისებების, მადეზინფიცირებელ საშუალებას, პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ბრონქიტების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი და შარდმდენი საშუალება.

 

 

როგორი პირობები უნდა შევუქმნათ:

სამკურნალო სალბისთვის მიზანშეწონილია კარგად განათებული ადგილი. ნიადაგი აუცილებლად უნდა იყოს ფხვიერი. მისი დარგვისას ისიც გაითვალისწინეთ, რომ უყვარს ქარისგან დაცული ადგილი. 

სალბი წყლის მიმართ მომთხოვნი არის,კარგად ხარობს აღმოსავლეთ საქართველოში. ჭარბი ნესტის შემთხვევაში მასში ეთერზეთების რაოდენობა მკვეთრად იკლებს.

 

 

როგორ მრავლდება სალბი:

სამკურნალო სალბს ამრავლებენ თესლებით. დათესვა შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში, საიდანაც ჩითილებს გადარგავენ მუდმივ ადგილას. სათბურებში ჩითილების გამოყვანას ძირითადად თესლის სიმცირის შემთხვევაში მიმართავენ.

თესლის აღმოცენებას ხელს უწყობს სტრატიფიკაცია. ამ მიზნით, თესლის დათესვამდე 10-15 დღით ადრე, თესლს თანაბარი რაოდენობით შეურევენ ნოტიო ქვიშას და დააყოვნებენ 2-30С ტემპერატურაზე.

სტრატიფიცირებულ თესლებს თესავენ ადრე გაზაფხულზე. შესაძლებელია მცენარის დათესვა სტრატიფიკაციის გარეშე დაზამთრებამდეც. ამ დროს თესლებს ბუნებრივად უტარებენ სტრატიფიკაციას. საერთოდ, აღმონაცენის გასაზრდელად აუცილებელია თბილი ამინდი. სათბურში მიღებულ ჩითილებს ღია გრუნტში გადარგავენ მას შემდეგ, რაც 4-5 წყვილი ფოთოლი გაუჩნდება. გადარგვის შემდეგ სალბი უნდა მოირწყას.

სალბის დათესვა ასევე შესაძლებელია ღია გრუნტშიც. თესლი ნიადაგში ითესება 2 სმ-ის სიღრმეზე. სტრატიფიცირებული თესლი, თუკი სითბოები დაიჭირა, ამოდის 18-20 დღეში. მას შემდეგ, რაც აღმონაცენი შესამჩნევი გახდება, მას გამოხშირავენ. ამასთან, გამოხშირვის შედეგად მიღებული სარგავი მასალა გადააქვთ იქ, სადაც მცენარის თესლი არ გაღივდა ან სუსტი აღმონაცენი მოგვცა.

ახალამოსული სალბი უნდა გაიმარგლოს ხშირად, რათა მოვაცილოთ სარეველები. შემდეგ უნდა გაუფხვიეროთ მიწა. თუ გვალვებია ახალგაზრდა სალბს სჭირდება პერიოდულად მორწყვა. 

სიცოცხლის შემდეგ წლებში უფრო ადვილია მისი მოვლა. მეორე წლიდან სანამ მცენარეს გავმარგლავთ, უნდა გავსხლათ მცენარე. ღერები უნდა დავუმოკლოთ 12-13 სანტიმეტრით. 

 

თესლის აღება და შენახვა:

თესლის აღება ხდება მშრალ ამინდში. თესლი უნდა ავიღოთ ძლიერი ძირებიდან. ყვავილედს აჭრიან ბასრი დანით. აღება იწყება მაშინ, როცა ყვავილედის ქვედა ნაწილში ჯამი შეხმება და ნაყოფები მურა შეფერილობას მიიღებენ. შეგროვილ ყვავილედებს ათავსებენ ფარდულში მოწყობილ საფენებზე. 

თესლები უნდა დახარისხდეს, მოცილდეს მინარევები. მშრალი თესლები შენახულ უნდა იქნეს კარგი აერაციის პირობებში. თესლის აღმოცენების ხარისხი დამოკიდებულია შენახვის ვადაზე. 

 

 

სალბის ნედლეულის შეგროვება:

სამკურნალო ნედლეულად აგროვებენ სამკურნალო სალბის ფოთლებს. მათი შეგროვება შესაძლებელია პირველივე წლის ნერგიდან. პირველ წელს ნედლეული უნდა შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ, რათა მცენარე არ დასუსტდეს. შეგროვებისათვის ოპტიმალური პერიოდია სექტემბრის მეორე ნახევარი. პირველ წელს ნედლეული ხელით უნდა შეგროვდეს. ამისათვის სალბის ღეროს შეეხებიან ქვედა ნაწილში და წვეროს მიმართულებით მოძრაობისას მოაწყვეტენ მასზე განლაგებულ ფოთოლს. ფრთხილად უნდა ვიყოთ შეგროვებისას, ნედლეულში ღეროს წვეროები დიდი რაოდენობით არ მოხვდეს.

მეორე წლიდან სამკურნალო ნედლეულს წელიწადში 2-3ჯერ აგროვებენ. მას შემდეგ, რაც ფოთლების ზომა მიაღწევს 8 სმ-ს, შეიძლება მისი შეგროვება. პირველი შეგროვება, როგორც წესი, ხდება ყვავილობის დაწყებამდე.

გაშრობა უნდა მოხდეს კარგად ვენტილირებულ ადგილას. ნედლეული უნდა გაიშალოს არაუმეტეს 3 სანტიმეტრის სისქეზე. შრობისას პერიოდულად საჭიროა ამოტრიალება. ასეთი წესით შრება 10-15 დღეში. გამომშრალი ნედლეული უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას. 

 

როგორ მოვამზადოთ სალბის ნაყენი და რისთვის გამოიყენება:

სალბში შემავალ ეთერზეთებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. გარდა ეთერზეთებისა, სალბის ფოთლების ქიმიურ შემადგენლობაში შედის მჟავები, რაც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციული აქტივობის გამაძლიერებელ მოქმედებას.

სალბის ნაყენის მისაღებად 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

გამოიყენება პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად. სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს.

თვლიან, რომ სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამიტომ ურჩევენ მის მიღებას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.

მის ნაყენს იყენებენ აგრეთვე, როგორც კოსმეტიკურ საშუალებას ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა, ხმარობენ თბილი საფენების სახით.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2299 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar