კოწახურის სასარგებლო თვისებები
26.11.2019, 12:30

კოწახური მრავალწლოვანი მცენარეა კოწახურისებრთა ოჯახის. არის 3–5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი. აქვს ძლიერი ფესვი და გამერქნებული ფესვურები. ყლორტები მოფენილია წვეტიანი ეკლებით. დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფებად განლაგებულია მწვანე უკუკვერცხისებრი, წამწამებით შემოსილი, წვრილად დაკბილულნაპირებიანი ფოთლები. ნაყოფი წითელი წაგრძელებული ფორმის კენკრაა. ყვავის მაის–ივნისში, დამწიფებას აგვისტო–სექტემბერში იწყებს. მტევნები ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია.

გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე, ტყის პირებზე მდინარის ნაპირებზე, ჭალებში, რიყეზე და სხვა. გამძლეა ყინვებისა და გვალვების მიმართ.

ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი, თავჩაქინდრულ მტევნებად შეკრებილი, ფრიად მგრძნობიარე 6 მტვრიანათი. მტვრიანას ძაფზე ნემსით შეხებისას იგი მყისვე ეცემა დინგს. მწერი ხორთუმით შეხებისას აღიზიანებს მტვრიანას, რომელიც თავზე ეცემა მწერს და მომწიფებულ მტვრის მარცვალს აბერტყავს. სხვა ყვავილის დინგზე თავით შეხებისას მწერი ხელს უწყობს ამ მტვრის იქ დატოვებას. ე.ი. ხელი ეწყობა ჯვარედინ დამტვერვას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კოწახურის ბიოლოგიაში.

მჟავე, სასიამოვნო გემოს ოვალური, წვრილი, მომჟავო ნაყოფები დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, კაროტინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, ცხიმოვან ზეთებს. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჭალებში, ძეძვიან-ღვიანებში, მეჩხერ მუხნარებში, მთაში ზღვის დონიდან 200 მეტრამდე და ზოგან უფრო მაღლაც გვხვდება, მაგრამ დიდ სიმაღლეებზე უფრო იშვიათია და თანაც ძლიერ დაბალი. ნაყოფები 5 პროცენტამდე შაქრებსა და 6-7 პროცენტ ვაშლის მჟავას შეიცავს. მათგან ამზადებენ მურაბას, ლიმონათს, კანფეტებს, გამაგრილებელ სასმელებს, იხმარება კულინარიაში ისეთი ხორციანი კერძების შესაკაზმად, როგორიცაა კუპატი, ხინკალი, ქაბაბი და სხვ. ფართოდაა ცნობილი კოწახურის ლიქიორი. 

ივნისში შეგროვებული ფოთლები შეიცავენ 120 მგ /პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/ პროცენტ ვიტამინ E-ს. გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას.

ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც.

ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.

მწვანე ნაყოფები შაბთან ერთად მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს, ფესვები კი მატყლსა და ტყავს ყვითლად ღებავს. კარგი თაფლოვანი ბუჩქია, ამასთან მაღალდეკორაციული თვისებებითაც გამოირჩევა და ამიტომ ბაღ-პარკებში საკმაოდაა დანერგილი, მაგრამ მისი ყველგან დარგვა არასასურველია, იმის გამო, რომ ხელს უწყობს პურეულის პარაზიტი სოკოს (ჟანგა სოკოს) გავრცელებას.

კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტიან სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.

ფიტოთერაპიულ ლიტერატურაში იმის შესახებაცაა ცნობები, რომ კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. როგორც უკანასკნელი წლების გამოკვლევებით გამოირკვა, კოწახურისაგან გამოყოფილი ალკალოიდ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია.

ამურის კოწახურის ფოთლების ნაყენი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს ჰიპოტონიის დროს. აგრეთვე, სხვა მედიკამენტოზურ საშუალებებთან კომბინაციებში, მშობიარობის შემდგომი ენდომიტრიტების და საშვილოსნოს სუბინვოლუციის დროს.

ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ კოწახურის ნაყენს გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები და იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას, ადიდებს გულის შეკუმშვათა ამპლიტუდას და ახშირებს რიტმს, დაბლა სწევს სისხლის წნევას. ამურის კოწახურის ფესვებისაგან დამზადებული პრეპარატების მოქმედებაც ანალოგიურია.

ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროს და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს. მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.

მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.

ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.

კოწახურის წვენი მადას აუმჯობესებს. ამიტომ მისი მიცემა სასურველია ბავშვებისთვის, ანორექსიით დაავადებულთათვის და მათთვის, ვისაც კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. აგრეთვე, ის კუჭში გამხსნელი საშუალებაა და ყაბზობის წინააღმდეგ გამოიყენება. გარდა ამისა, კოწახურის წვენს ანტიმიკრობული და სიცხის დამწევი თვისებები აქვს და დაბერების პროცესს აფერხებს.
რევმატიზმის დროს: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული კოწახურის ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და დაახლოებით 4 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

კოწახურის ნაყენი, როგორც ნაღველმდენი და სიცხის დამწევი საშუალება: აიღეთ 30-40 გრამი მცენარის დაქუცმაცებული ნაყოფი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და საწყისი მოცულობის მისაღებად შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე, ნახევარი ჭიქის ოდენობით.

 

როგორი პირობები მოსწონს:

იზრდება მშრალ, თხელ ნიადაგებზე, მაგრამ ოპტიმალური ზრდით ნოყიერ კირნარ ნიადაგებზე გამოირჩევა. სინათლის დიდი მომთხოვნია, ამიტომ ხშირი ტყის საბურველის ქვეშ უსინათლობით ჩქარა იღუპება. ძალიან გამძლეა ყინვების და გვალვების მიმართ, შესანიშნავად იტანს მცხუნვარე მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას. ყოველივე ამასთან ერთად იგი მარილამტანიცაა, მხოლოდ ვერ ეგუება დამდგარწყლიან ჭარბტენიანობას.

 

როგორ მრავლდება კოწახური:

მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც (ამონაყარი).

ვეგეტატიურად გამრავლება ძალზე ხელსაყრელია მასივის გაზრდისა და კულტურაში შემოტანის მიზნით. ვეგეტატიურად გასამრავლებლად მიწისზედა ყლორტებს აფესვიანებენ და ცალკე რგავენ.

 დათესვა უმჯობესია შემოდგომით, ახალ შეგროვილი თესლით. საგაზაფხულო თესვისათვის გამოიყენება სტრატიფიცირებული თესლები.

როდის და როგორ აგროვებენ კოწახურის ნედლეულს:

კოწახურის ფესვების შეგროვება შესაძლებელია მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. დამზადებისას თავდაპირველად ბუჩქს მოაშორებენ მთლიანად მიწისზედა ყლორტებს და შემოუბარავენ 0,5მ რადიუსზე 0,5-0,6მ სიღრმეზე. შემდეგ ფესვების ზედა ნაწილს ხელით მოაშორებენ ნიადაგს და მასზე თოკს ამაგრებენ, რომელიც მანქანის ძალის გამოყენებით ამოგლეჯს ფესვთა სისტემას.

ნედლეულის შეგროვებისას გულმოდგინეთ უფრთხილდებიან წვრილ ფესვებსა და ქერქს, რადგანაც მათი დანაკარგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნედლეულში ბერბერინის შემცველობას.

კოწახურის ფესვებს დაფერთხავენ მიწას და მოაშორებენ სხვა მინარევებს, ასევე გაშავებულ და დამპალ ნაწილებს. არ არის მიღებული ფესვების წყალზე გარეცხვა, ვინაიდან ბერბერინი წყალში კარგად იხსნება და გარეცხვით მოსალოდნელია მისი დაკარგვა. 6სმ-ზე სქელ ფესვებსა და ფესვის გვერდით ნაწილებს ჩაჭრიან სიგრძეზე. ჩაჭრისას ქერქის დანაკარგი რომ არ მოხდეს, ქვემოთ უფენენ ბრეზენტს ან ტომარას.

ნედლეულს აშრობენ კარგი ვენტილაციის პირობებში 40-50 ტემპერატურაზე, დროდადრო ურევენ.

ფოთლებს კრეფენ მცენარის ბუტონიზაციის და ყვავილობის ფაზაში. აშრობენ კარგი ვენტილაციის პირობებში.

 

 

 

კანის გასაახალგაზრდავებლად მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად:

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლი ან ხმელი კოწახურის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. ნაყენის წაისვით სახეზე დილითა და საღამოს ტონიკის სახით. შეგიძლიათ გაყინოთ პატარა კუბებად და სახე გაიწმინდოთ.

 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3428 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar