სახის კანის მოვლა გაზაფხულზე
13.03.2020, 09:27

გაზაფხული დადგა და ამ პერიოდში გამომშრალი და გამოფიტული სახის კანი ყველაზე მეტად გვაწუხებს. გაზაფხულზე ბუნებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმიც იღვიძებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გაზაფხულზე კანის ყველა პრობლემა ერთბაშად მწვავდება. როგორ დავეხმაროთ მას ამ რთულ პერიოდში?

დასუსტებული კანი სათუთ მოვლას და სპეციალურ კოსმეტიკურ საშუალებებს მოითხოვს. გაზაფხულობით კანის გასაწმენდად კარგია რბილი სკრაბისა და ნიღბების გამოყენება. უარი თქვით სპირტზე დამზადებულ საშუალებებზე და წესად გაიხადეთ სახის გაწმენდა სახლში დაბრუნებისთანავე. გამოცდილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ, უარი ვთქვათ პროფესიულ პილინგზე - ეს პროცედურა ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივებისადმი, ამასთან, კანი ისედაც დასუსტებულია და დამატებითი სტრესი აღარაფერში სჭირდება.
 

       კარგია თუ პირს დაიბანთ გადადუღებული წყლით. კარგია დასაბანად მცენარეთა - პიტნის, ოხრახუშის, გვირილის - ნახარშების გამოყენებაც. დაბანის ნაცვლად შეგიძლიათ ყინულით გაიწმინდოთ,მაგრამ არა გაყინული წყლით, არამედ მცენარეული ნახარშით. მისი მომზადება ადვილია: აიღებთ მცენარეულ ნედლეულს ან მათ ნაკრებს (გამოგადგებათ პიტნა, გვირილა, მუხის ქერქი, კრაზანა, სალბი, ვარდის ფურცლები, არყისა და ტირიფის ფოთლები), ასხამთ მდუღარე წყალს, აჩერებთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურავთ, ჩაასხავთ ყინულის ფორმაში და გაყინავთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ერთსა და იმავე ადგილას ყინულის დიდხანს წასმა არ შეიძლება. ის სამასაჟე ხაზებზე უნდა გადაატაროთ. თუ კანი მშრალია, შეიძლება ნახარშს დავუმატოთ ზეითუნის, ქოქოსის ან ნუშის ზეთი, 1 სუფრის კოვზი 200 მლ-ზე და ასე გავყინოთ.

        როგორც კანისთვის, ასევე მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა საუნა. სახლის პირობებში შეიძლება უბრალო ორთქლის აბაზანებსაც დავჯერდეთ, თუ ეს უკუნაჩვენები არ არის გაფართოებული ფორების ან სისხლძარღვების გამო.

           გაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული დამატებითი კვება სჭირდება. კანის კვება გარედანაც შეიძლება და შინაგანადაც, რადგან კანის მდგომარება უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენს რაციონზე. გაიმდიდრეთ რაციონი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით, გარეგანი კვებისთვის კი ნიღბები გამოიყენეთ. მაგალითად: ლიმონი ავიწროებს ფორებს და ათეთრებს სახის კანს, მაგრამ მისი გამოყენებისას ფრთხილად იყავით. შეიძლება მისი დარბილება: ნახევარი ბანანისა და 1 სუფრის კოვზი რძისგან მომზადებულ ფაფას 3-4 წვეთი ლიმონის წვენი დაამატეთ.

          ცხიმიანი კანისთვის კარგია ყურძენი. ყურძნის წვენი დამატებითი კომპონენტების გარეშეც შეიძლება გამოვიყენოთ. სასარგებლოა ბლენდერში დაქუცმაცებული ყურძნის ნიღაბი. ისპანახი ხსნის კანის ყოველგვარ გაღიზიანებას. ისპანახის ფოთლები კარგად გარეცხეთ და ბლენდერში დაატრიალეთ. ასეთივე მოქმედება ახასიათებს ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლებს, ოღონდ ისინი ბლენდერში ცოტა მეტხანს უნდა კეპოთ. კარგად კვებავს მშრალ კენკრადამატებული ნიღბები. კომბოსტო სახის კანს ხავერდოვნებას და სინაზეს სძენს. საკმარისია, სახეზე ოციოდე წუთით დავიდოთ კომბოსტოს ფურცელი.

 

გთავაზობთ სხვადასხვა სახის ნიღბებს, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ:

           შვრიის ფანტელი კანს სიმკვრივესა და სიგლუვეს ანიჭებს, ავსებს A ვიტამინის დეფიციტს. მოამზადეთ ნიღაბი შემდეგნაირად: დაალბეთ ჰერკულესი ცხელ წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე მხოლოდ 10 წუთით. ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში თაფლმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

          მოამზადეთ სახლის პირობებში შემდეგი ნიღაბი: 1 კვერცხის გული + 1 ჩ/კ ზღვის მარილი + 2 ჩ/კ ნუშის ზეთი + 2 ჩ/კ გვირილის ნაყენი + 0.5 ჩ/კ ნატურალური თაფლი + 2 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი. ეს ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და ვურიოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ვისმევთ სახეზე და ვიჩერებთ 30-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ვიბანთ ნელ-თბილი წყლით.

        მშრალი კანის მოსავლელად, კვერცხის გული შესანიშნავი საშუალებაა, ამიტომ ნუ დაზარდებით და სახლის კვერცხი შეიძინეთ. ეს პროდუქტი ცოცხალ ნივთიერებებს შეიცავს, რაც კანს ლამაზ და ჯანსაღ შესახედაობას სძენს. თუ მარტივ პროცედურას მიმართავთ, საკმარისია კვერცხის გული სახეზე წაისვათ. ცოტა უფრო რთულ შემთხვევაში კი, კვერცხის გულს 1 ჩ.კ. თაფლი დაუმატეთ, რაც ვიტამინებისა და მკვებავი ნივთიერებების რაოდენობას გაზრდის. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ, ვიდრე დნობას არ დაიწყებს. პროცედურა ყოველ მესამე დღეს გაიმეორეთ.

        თუ მშრალი კანი გაგიღიზიანდათ და ქარმა კიდევ უფრო გამოგიშროთ, კიტრი და იოგურტი დაგეხმარებათ. აიღეთ ნახევარი კიტრი და ნატურალური უშაქრო იოგურტი. დახეხილი კიტრი და იოგურტი ერთმანეთს აურიეთ და სახეზე გადაინაწილეთ. ნიღბის წასმის შემდეგ 10-15 წუთით უნდა იწვეთ, რადგან ნიღაბი არ უნდა ამოძრავდეს. დროის ამოწურვის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი წაისვით.

 


როგორი კოსმეტიკა უნდა გამოვიყენოთ გაზაფხულზე?
ყველა კოსმეტიკური საშუალება უნდა იყოს მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი, ამასთანავე დამატენიანებელი, მაგრამ არა ცხიმიანი. ცხიმიანმა კოსმეტიკამ შესაძლოა ავნოს კიდეც კანს. გაზაფხულის მზე ძალზე აქტიურია, ესე იგი საგაზაფხულო კოსმეტიკა მზისგანაც უნდა გვიცავდეს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კი იმატებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა, ანუ მშრალი კანი ნორმალური ხდება, ხოლო ნორმალური ცხიმიანდება. ამიტომ საზაფხულოდ კანის მოვლის შესაბამისი საშუალებები უნდა შევარჩიოთ. კანის აღდგენასა და გაუმჯობესებაში მხოლოდ მუდმივი და სწორი მოვლა დაგვეხმარება.

 

კატეგორია: სახის კანის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2107 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar