ვარდის მწერებთან ბრძოლის მეთოდები
04.04.2020, 00:50

მავნე ტკიპები და მწერები ხშირად სტუმრობენ მცენარეებს, განსაკუთრებით უყვართ ვარდის კოკრები. როგორც ჩანს, საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ, სწორედ ამიტომ თავდასხმის ობიექტად ხშირად მშვენიერ, ლამაზ ვარდებს ირჩევს.

როგორ ვებრძოლოთ მცენარის მავნე მწერს ისე, რომ ყვავილი არ დავაზიანოთ? გამოცდილმა მებაღეებმა რამდენიმე რჩევა იციან, რომელიც ჩვენს მკითხველებს ვარდების სათუთად გაზრდასა და მავნებლებისა და დაავადებისგან დაცვაში დაეხმარება.

 

პირველ რიგში, ვარდი ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს, მაშინ მწერი მასზე არ დასახლდება. სწორედ ამიტომ, ვარდს სასუქი დროულად უნდა მიაწოდოთ, ნიადაგი გააფხვიეროთ და ყვავილის ირგვლივ სარეველები მოარიდოთ. მწერების მოშორებაში რამდენიმე ხალხური მეთოდი დაგეხმარებათ.

1. იოდი და რძე - პულივიზატორში 1 ლ წყალი ჩაასხით. შპრიცში ამოიღეთ ნახევარი გრამი იოდი და შეურიეთ ნახევარ ჭიქა რძეში. რძე ყვითლად შეიღებება. შემდეგ პულივიზატორში გადაიტანეთ, სადაც 1 ლ წყალი უკვე ჩასხმულია. კარგად შეანჯღრიეთ და ვარდები დანამეთ. ეს შემადგენლობა მწერებთან ბრძოლაში ეფექტური მეთოდია. ამასთან სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკას წარმოადგენს. მაგალითად, ამ ნარევით შეგიძლიათ პომიდვრის ფიტოფთორებიც დაამუშაოთ.

2. საპნიანი ხსნარი - 1 ს/კ გახეხილი სარეცხის საპონი აიღეთ და 1 ლ წყალში გახსენით. ვარდის კოკორი ამ ხსნარში ფრთხილად დაასველეთ. შემდეგ მცენარე საპნიანი ხსნარით რამდენიმე დღის განმავლობაში დანამეთ.

3. ნივრიანი ნაყენი - 300 გრ ნიორი ან ხახვი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ნარევს 1/3 ლ წყალი დაასხით, 6-8 საათი დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და კიდევ 7 ლ წყალი და 40 გრ გახეხილი სარეცხის საპონი დაუმატეთ. ამ ხსნარით ვარდები აუცილებლობის შემთხვევაში დანამეთ.

4. ნახევარი კილო კარტოფილი გაასუფთავეთ და 2 ლ ადუღებული წყალი დაასხით. 48 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და 50 გრ გახეხილი სარეცხის საპონი დაუმატეთ. აურიეთ და სამჯერ, ერთ კვირიანი შესვენებით, მწერებით დაზიანებული ვარდის ბუჩქები დაამუშავეთ.

5. ხახვის ფურცლები -  ხახვის ფურცლებს ცხელი წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ მიღებული ნაყენით ვარდის ბუჩქები დაამუშავეთ.

6. თამბაქოს ნაყენი - 400 გრ თამბაქო და 9 ლ წყალი აურიეთ. შემდეგ ნარევი ნახევარი საათით ადუღეთ, 2 დღე გააჩერეთ და მარლაში გადაწურეთ. 40 გრ სარეცხის საპონი 1 ლ წყალში გახსენით და მომზადებულ თამბაქოს ნაყენს აურიეთ. ვარდი მიღებული ნარევით დანამეთ.

გამოიყენეთ ეს ხსნარები და თქვენი ვარდები მომაბეზრებელ მწერებს სამუდამოდ დაემშვიდობებიან. 

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2065 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar