18.10.2019, 23:13 | |
ცეროპეგია ქენდირისებრთა გვარის მცენარეა, ამ გვარში ცნობილია 180 სახეობაზე მეტი მცენარე. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში, ასევე გვხვდება ჩინეთში, არაბეთის ნახევარკუნძულებზე, ინდოეთში, კანარის კუნძულებზე. ცეროპეგია მრავალწლიანი მცენარეა, მას აქვს მცოცავი ღეროები და ბოლქვისებური ფესვები. ფოთლები ღეროზე ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული, მომცრო ზომისაა და შეიძლება იყოს გულის ფორმის, კვერცხისებური, ან ლანცეტისებრი. ცეროპეგიას ყვავილები ეზრდება ფოთლის უპეებიდან, ცალკეული ან ქოლგად სკრული. გვირგვინი აქვს მილისებური ფორმის. სახლის პირობებში ძირითადად გავრცელებულია: ცეროპეგია ვუდი და ცეროპეგია სანდერსონი. როგორ მოვუაროთ სწორად: ეს მცენარე ჭირვეული არ არის. უყვარს მზე, კარგად ძლებს სამხრეთის ფანჯრის რაფაზე. პირდაპირი მზის შუქი არ მოაკლოთ, თორემ მეჩხერი და ცუდი ფერის ფოთლები ექნება, ასეთ დროს ფოთლები დაუწვრილდება და ღეროები გაეწელება. ცეროპეგია კარგად უძლებს ზაფხულის სიცხეებს, დადებითად მოქმედებს დღე-ღამის მონაცვლეობა. რაც შეეხება ტემპერატურას ზამთარში გრილად უნდა გამოაზამთროთ, რადგან ამ პერიოდში მოსვენების პერიოდში გადადის. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 8 გრადუსია, ხოლო ზაფხულში 22-25 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა სველი. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერიოდში ტენი სჭირდება, დროდადრო გამოშრობასაც იტანს. უმჯობესია მორწყათ უხვად და იშვიათად, ყურადღება მიაქციეთ მორწყვის შემდეგ სადგამზე წყალი არ დარჩეს. გამოშრობა ისე არ მოქმედებს მცენარეზე, როგორც ზედმეტი წყალი. ზამთარში უნდა შეამციროთ მორწყვის რეჟიმი, გააჩნია როგორ ტემპერატურაზე გამოაზამთრებთ, თუ გრილად აზამთრებთ თვეში ერთხელ მორწყვა საკმარისია. მცენარე საკიდ კალათაში ჩარგეთ და მზიანი ადგილი მიუჩინეთ. ოთახის პირობებში ცეროპეგია ყვავილობს კიდეც. მისი პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ყვავილები ორ საოცრად გრძელ, ნემსისებურ პარკუჭად იქცევა.
სასუქი: ახალგადარგულ მცენარეს სასუქი არ სჭირდება, მოზრდილს კი აქტიური ზრდის პერიოდში უნდა მოაწოდოთ ორ კვირაში ერთხელ კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქები, ოღონდ მითითებული დოზები უნდა გაანახევროთ.
ნიადაგი და გადარგვა: ცეროპეგია საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაირგას ოდნავ დიდ ქოთანში. მისი გადაყვანა ახალ ქოთანში ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან ღეროები ადვილად ემტვრევა და რომ არ დავაზიანოთ მცენარე. ქოთნის ძირში იყრება სადრენაჟე მასალა და შემდეგ უნდა ჩაირგას მცენარე. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. მისთვის სასურველი სუბტრატი უნდა შეიცავდეს: სამი წილი ტყის მიწა + ორი წილი ნეშომპალა + ორი წილი კორდის მიწა + ერთი წილი ქვიშა და ცოტა ტორფი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სუკულენტებისთვის განკუთვნილი ნიადაგი.
როგორ მრავლდება ცეროპეგია: ცეროპეგია ადვილად მრავლდება კალმებით, ამისათვის საჭიროა 10-12 სანტიმეტრი სიგრძის კალმები. კალმები კარგად ფესვიანდება ქვიშაში, კალამი უნდა დააწყოთ სპირალურად ქვიშაზე და პერიოდულად დანამოთ. ქოთანი უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას და საურველია 20-22 გრადუსი ტემპერატურა იყოს.
დაავადებები: იშვიათ შემთხვევაში ცეროპეგია შეიძლება დაავადდეს ცრუფარიანით, აბლაბუდას ტკიპით ან ბუგრებით. ასეთ დროს მცენარეს მიასხურეთ საპნიანი წყალი, ერთი კვირის შემდეგ ეს პროცედურა გაუმეორეთ.
მისი გახარება ძალიან იოლია და არც განსაკუთრებული პირობების შექმნას მოითხოვს.მრავლდება მომცრო ბოლქვებით, რომლებიც დროდადრო ვითარდება ღეროებზე.
| |
| |
ნანახია: 4527 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |