08.11.2019, 01:19 | |
სტაპელია არის დაბალი ჯიშის სუკულენტი მცენარე. სტაპელიას აქვს ხუთწახნაგოვანი ულამაზესი ყვავილი, ზომით 25 დიამეტრიანი, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს. ყვავილის შეფერილობა შეიძლება იყოს ერთი ფერის, შეიძლება დაწინწკლული ან ზოლები დაჰკრავდეს. მცენარე იტოტება ძირიდანვე, სიმაღლით მაქსიმუმ 20-30 სანტიმეტრის იზრდება, ოთხკუთხა ტოტები სწორმდგომია ზემოთ ამართული. ტოტები შეფერილობით ღია მწვანეა, ხოლო თუ მზეზე მოათავსებთ მოიისფერო შეფერილობას მიიღებს. სტაპელიას მოვლა სახლის პირობებში: სტაპელია საკმაოდ ადვილი მოსავლელი მცენარეა, არ ითხოვს დიდ ყურადღებას და ხშირ მორწყვას. უნდა მოირწყას მიწის ბოლომდე გამოშრობის შემდეგ, ზამთრის ცივ სეზონზე კი საერთოდ არ სჭირდება მორწყვა. სტაპელიას უყვარს ნათელი მზიანი ადგილი, ოღონდ ზაფხულის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ. თუ სინათლე აკლია ღეროები უწვრილდება და ეწელება, თანაც სინათლის ნაკლებობისას არც იყვავილებს. კარგია ზაფხულში მისი გატანა აივანზე ან ტერასაზე. ზამთარში ეცადეთ გრილად გამოაზამთროთ დაახლოებით 10-15 გრადუს ტემპერატურაზე.
სასუქი: მცენარეს მარტიდან სექტემბრამდე სჭირდება სასუქის მიწოდება ორ კვირაში ერთხელ. მოსწონს კალიუმიანი სასუქი, ან უნდა მიაწოდოთ სუკულენტებისთვის და კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქები.
როდის და როგორ გადავრგათ: ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად სჭირდება ახალ ქოთანში გადარგვა, მოზრდილს კი 2-3 წელიწადში ერთხელ. გადასარგავად კარგი პერიოდია გაზაფხული, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რათა სუსტი ფესვები აქვს და არ დაუზიანდეს. ახალი ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, რადგან ზედაპირული ფესვები აქვს. ქოთნის მესამედზე უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა და შემდეგ გადაირგას მცენარე. სასურველი გრუნტი უნდა შედგებოდეს: ორი წილი ტყის მიწა + ერთი წილი ქვიშა + ნახშირი. ახალგადარგული მცენარე 2-3 დღე არ ირწყვება. როგორ მრავლდება სტაპელია: სტაპელია ძირითადად მრავლდება კალმებით. მჭრელი დანით უნდა მოაჭრათ გვერდითა ტოტი და გადანაჭერ ადგილას მოეყაროს დაფხვნილი ნახშირი. კალმები რამოდენიმე საათი გააჩერეთ მშრალ ადგილას, რათა ზედმეტი წყლისგან გამოშრეს და შემდეგ ჩარგეთ ტორფნარევ ქვიშაში. როცა კარგად დაფესვიანდება უნდა გადაიტანოთ ქოთანში, მისთვის განკუტვნილ სუბსტრატში.
დაავადებები ნაკლებად ემართება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად რწყავენ. სინათლის ნაკლებობისას ღეროები უწვრილდება და არ იყვავილებს.
| |
| |
ნანახია: 3128 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |