15.05.2019, 11:42 | |
შეფლერა არალიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე, ფოთოლ დეკორატიული მცენარეა, რომელიც 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს და ძირითადად გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ფოთლების შეფერილობა შეიძლება იყოს სადა მწვანე, ან ჭრელი თეთრი ან ყვითელი ლაქებით დაფარული. რაც შეეხება შეფლერას ყვავილს, ის ძალიან წვრილი, მწვანე, უსახური ყვავილედია და სურნელებითაც არ გამოირჩევა. შეფლერას ძირითადად იყენებენ ოფისებსა და კაბინეტებში ინტერიერის გასალამაზებლად.
შეფლერას მოვლა სახლის პირობებში: შეფლერაუნდა მოვათავსოთ განათებულ ადგილას, აღმოსავლეთ ან დასავლეთის მხარეს. ჭრელფოთოლა შეფლერას უფრო მეტი განათება სჭირდება, ვიდრე მწვანეფოთლიანს. სინათლის ნაკლებობისას მკვეთრ ფერებს დაკარგავს. ზამთარში როცა სინათლე ნაკლებია და ოთახში ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია აუცილებელია დამატებითი განათების დაყენება. გაზაფხულიდან კარგი იქნება თუ აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ, მხოლოდ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. სასურველი ტემპერატურაა გაზაფხულ-ზაფხულში 22-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში 12 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს ტემპერატურა, არ მოათავსოთ გამათბობელთან ახლოს. ისიც ცნობილია რომ კონდინციონერთან მცენარე კარგად გრძნობს თავს, მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ცივი ჰაერი პირდაპირ არ უბერავდეს. შეფლერას უყვარს ტენი, მაგრამ არც ზედმეტი უნდა მოგვივიდეთ. გაზაფხულიდან ირწყვება უხვად როგორც კი მიწის ზედა ფენა გაუშრება, ხოლო შემოდგომა-ზამთარში უფრო ნაკლებად, მაშინ მორწყეთ როცა მიწა ბოლომდე გაუშრება. მცენარეს უყვარს ჰაერის მაღალი ტენიანობა, კარგია თუ დღეში ორჯერ ფოთლებზე წყალს შეასხურებთ, ხოლო თვეში ერთხელ თბილ შხაპს მოუწყობთ. შეფლერა შეგიძლიათ პერიოდულად დაკრიჭოთ და მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში, გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე უნდა მიაწოდოთ უნივერსალური სასუქი ორ კვირაში ერთხელ. კარგია ისეთი სასუქები, რომელიც შეიცავს ყველა მიკრო და მაკრო ელემენტებს.
ნიადაგი და გადარგვა: შეფლერა ახალ ქოთანში უნდა გადაირგას ორ წელიწადში ერთხელ, ახალი ქოთანი წინაზე საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა მალე გაიზარდოს. ქოთნის ძირში ეყრება სადრენაჟე მასალა. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და სუსტად მჟავე.
როგორ მრავლდება: მცენარე შეფლერა მრავლდება ორი გზით, თესლით და კალმით. თესლით გამრავლება: თესლი ითესება შუა ზამთარში. დათესვამდე თესლი უნდა ჩაალბოთ წყალში 2-3 საათით. დასათესი ნიადაგი უნდა შედგებოდეს ტორფისა და ქვიშისაგან. უნდა მოვათავსოთ ნათელ და თბილ ადგილას 22-24 გრადუსზე. პერიოდულად უნდა დაინამოს მიწა. როცა სამი ფოთოლი განუვითარდება უნდა გადაიყვანოთ ცალკე პატარა კონტეინერში და მოათავსოთ 20 გრადუს ტემპერატურაზე. კალმით გამრავლება შედარებით იოლი პროცესია, კალამი უნდა ჩაირგას ნესტიან ტორფისა და ქვიშის ნარევში. უნდა დაეფაროს მინის თავსახური და მოათავსოთ 22 გრადუსზე ნათელ ადგილას. პერიოდულად კალმები გაანიავეთ და დანამეთ მიწის ზედაპირი. როცა ფესვები კარგად გაეზრდება უნდა გადაიყვანოთ მოზრდილ ქოთანში. მავნებლები: ჰაერის სიმშრალის გამო მცენარე ადვილად ავადდება ტკიპებით, ასეთ დროს უნდა შეწამლოთ მცენარე ქიმიური პრეპარატით ან კარგად გაუწმინდოთ თითოეული ფოთოლი საპნიანი წყლით. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ათი დღის შემდეგ. თუ მცენარეს რომელიმე ფოთოლი გაუყავისფრდა, ესეიგი წყალი მოგივიდათ ზედმეტი. ასეთ დროს არ მორწყათ მანამ, სანამ მიწა კარგად არ გაუშრება.
ქვემოთ ვიდეოში ნაჩვენებია შეფლერას გადარგვა და გამრავლება.
| |
| |
ნანახია: 4937 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |