როგორი გარემო უნდა შევუქმნათ რეოს
24.11.2019, 15:58

დამწყები ყვავილების მოყვარულებისთვის რეო მართლაც შესაფერისი ყვავილია, რომელსაც შეუძლია გაუძლოს არასათანადო მოვლის პირობებს. ძალიან ეფექტური და მიმზიდველი ფოთლები აქვს, ფოთლის ზემოთა მხარე მწვანეა, ქვემოთა კი იისფერი. ამ ყვავილის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია იყვავილოს მთელი წლის განმავლობაში ლამაზი იისფერი ყვავილებით. მას უყვარს, როდესაც გარშემო უამრავი შუქია. იდეალურია ბინაში, სავაჭრო ცენტრში, ბანკში, თეატრში და ა.შ. მას შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს ნებისმიერი ინტერიერის მორთვას და ამავე დროს, მოითხოვს მინიმალურ ზრუნვას. 

როგორ მოვუაროთ სწორად:

რეოს უყვარს ნათელი ადგილი, ოღონდ პირდაპირ მზის სხივებს ვერ იტანს. მისთვის სასურველი ადგილია სამხრეთის ფანჯარა, ოღონდ ზაფხულის პერიოდში ფარდა უნდა ჩამოუფაროთ. გაზაფხულსა და ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 20-24 გრადუსი უნდა იყოს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი - 17-20 გრადუსი. არ არის სასურველი მცენარის ორპირ ქარში მოთავსება და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები.

რეოს უყვარს ნესტიანი ნიადაგი. ვერ იტანს მიწის ბოლომდე გამოშრობას. ზამთარში კი მორწყვებს შორის ინტერვალი უნდა შეამციროთ. ზაფხულის ცხელ დღეებში და თუ ოთახში მშრალი ჰაერია, მცენარეს ფოთლებზე წყალი უნდა შეასხუროთ. პერიოდულად კი თბილი შხაპი მოუწყვეთ, ეს თქვენს მცენარეს გაალამაზებს და გაახალისებს.

 

სასუქი:

მარტიდან სექტემბრამდე სჭირდება კომპლექსური სასუქების მიწოდება. ძალიან კარგად რეაგირებს კვერცხის ნაჭუჭიანი წყლით მორწყვისას.

ნიადაგი და გადარგვა:

რეო სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ ახალ ქოთანში გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება. ქოთანი არ უნდა იყოს ღრმა, სასურველია დაბალი და განიერი ქოთანი. ნიადაგი შემდეგნაირი შემადგენლობის უნდა იყოს: თანაბარი რაოდენობის კორდის მიწა + ფოთლოვანი მიწა + გადამწვარი ნაკელი + ქვიშა. ქოთნის ძირში უნდა ჩაყაროთ თხელ ფენად დრენაჟი.

 

როგორ გავამრავლოთ:

რეო მრავლდება ორი გზით: თესლით და ძირის დაყოფით.

თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მოაგროვოთ მცენარის თესლი და ჩათესოთ ტორფისა და ქვიშის ნათესში. ეს აუცილებლად გაზაფხულზე (აპრილში) უნდა გააკეთოთ. ნათესი მოათავსეთ 20-24 გრადუსზე, ხოლო პირველი 3 ყლორტის ამოსვლისთანავე ცალკე ქოთანში გადარგეთ. რეოს თესლით გამრავლებას ერთი თავისებურება აქვს: ასეთი წესით გამრავლებული მცენარე გამოდის მხოლოდ მწვანე ფოთლებიანი.
რაც შეეხება გვერდითი ამონაყრით გამრავლებას, წლის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ, ოღონდ მაშინ როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგყავთ. 

დაავადებები:

ხშირად მცენარეს ფოთლის წვერები უყავისფერდება და უხმება, ეს მშრალი ჰაერის ბრალია. ასეთ შემთხვევაში ხშირად დაუნამეთ ფოთლები ან წყლიანი ჭურჭელი დაუდგით გვერდით.

ჭარბი მორწყვისას ემართება ნაცრისფერი ლპობა, ასეთ შემთხვევაში ამოიღეთ მცენარე მიწიდან და მოაჭერით დაზიანებული ადგილები. შემდეგ ჩარგეთ ახალ მიწაში. 

ზოგჯერ ფოთლი კიდეები მუქდება, ფოთლები ეხვევა. ასე ხდება როცა ცივი წყლით რწყავთ, ან წყალი აკლია მცენარეს.

თუ მცენარეს სინათლე აკლია ღერები ეწელება, ხოლო ზედმეტი სინათლისგან ფოთლები უფერმკრთალდება და ზოლები აღარ ეტყობა, ასეთ შემთხვევაში ნაკლენათ განათებულ ადგილას უნდა გადაიტანოთ.

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2325 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar