04.02.2020, 14:09 | |
ბეუკარნეა არის ნოლინისებრთა ოჯახის მცენარე. მას სპილოს ფეხსაც ეძახიან. მცენარის სამშობლოა მექსიკა და ცენტრალური ამერიკა. იგი პოპულარული გახდა ევროპასა და მსოფლიოში, როგორც ორნამენტული მცენარე. ბეუკარნეა არის პატარა ტროპიკული ქსეროფიტული ხეები, რომლებიც ბუნებრივ პირობებში იზრდება 8-10 მეტრის სიმაღლის. ფოთლები მარადმწვანეა, ხაზოვანი, ტყავისებური სქელი ტექსტურით. მოვლა სახლის პირობებში: ბეუკარნეა ნელა მზარდი დეკორატიული მცენარეა. მოვლის თვალსაზრისით არ ითხოვს დიდ ყურადღებას. სახლის პირობებში კარგად ხარობს. ბეუკარნეა უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ, მზიან ფანჯრის რაფაზე. მცენარეს თუ სინათლე აკლია და მორწყვა ზედმეტი აქვს, ღერო ეწელება უშნოდ. ამიტომ თუ გსურთ ლამაზი და ბუთხუზა ფეხიანი მცენარე გყავდეთ უნდა შეუქმნათ სათანადო პირობები. ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25 გარდუსი. გაზაფხულ-ზაფხულზე მცენარე უნდა მოირწყას უხვად და იშვიათად. მორწყვებს შორის ნიადაგი კარგად უნდა გამოშრეს, რადგან ბევრი წყალი მცენარეს არ უყვარს. ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ გრილად აზამთრებთ. უყვარს ფოთლებზე წყლის შესხურება, ოღონდ ისე, რომ ღერო არ დაასველოთ. პერიოდულად შეგიძლიათ სველი ჩვრით გაუწმინდოთ ფოთლები მტვრისგან.
სასუქი: სასუქი უნდა მოაწოდოთ მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. სასუქი აუცილებლად უნდა იყოს დაბალი აზოტის შემცველობის. შეგიძლიათ გამოიყენოთ კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქები და მოაწოდოთ ორ კვირაში ერთხელ. ასევე გამოდგება ორგანული და მინერალური სასუქები, ოღონდ მითითებული დოზის ნახევარი უნდა იყოს. ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე ახალ ქოთანში ყოველწლიურად უნდა გადაირგას, გადასარგავად კარგი პერიოდია გაზაფხული. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი. ბეუკარნიას აქვს სუსტი ფესვები და გადარგვისას სიფრთხილე გმართებთ, რადგან არ დაუზიანდეს ფესვები. მოზრდილ მცენარეს ყოველწლიურად გადარგვა აღარ სწირდება, ირგვება 2-3 წელიწადში ერთხელ, ისიც იმ შემთხვევაში, როცა შეატყობთ რომ მცენარე აღარ იზრდება, ან ქოთნის ხვრელიდან გამოჩნდება ფესვები. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. სუბსტრატის შემადგენლობა შემდეგნაირია: ფოთლოვანი ტყის მიწა + ტორფი + ქვიშა + ჰუმუსი. ქოთნის ძირში უნდა ჰქონდეს კარგი დრენაში, რათა არ მოხდეს ფესვებში წყლის დაგროვება, თორემ ფესვების ლპობას გამოიწვევს.
როგორ გავამრავლოთ: ბეუკარნეა მრავლდება ორი გზით, დათესვით და გვერდითა ამონაყარით. თესლით გამრავლება რთული პროცესია, რაგდან ძველი თესლი ძნელად ამოდის. თესლი უნდა დაითესოს ნესტიან მსუბუქ სუბსტრატში. ნათესი კონტეინერები უნდა მოათავსოთ თბილ და ნათელ ოთახში, სადაც ტემპერატურა იქნება 22-25 გრადუსი. უნდა დაიცვათ ნიადაგის ტენიანობა, რომ მთლიანად არ გამოშრეს მიწა. სათანადო პირობებში თესლი 2-3 კვირის შემდეგ იწყებს ამოსვლას. თესლიდან გაზრდილ მცენარეს დიდი დრო სჭირდება სრული ფორმის მიღებამდე. სასურველი ზომის და ფორმის რომ გაზარდოთ დაახლოებით ათი წელი დაგჭირდებათ. გვერდითა ამონაზარდი, რომელიც კაუდექსზე ვითარდება ფრთხილად უნდა მოაჭრათ ბასრი დანის მეშვეობით. მოჭრილი ადგილი უნდა დაამუშაოთ დაფხვნილი ნახშირით. კალამი უნდა დადოთ ბნელ და მშრალ ადგილას 4-5 საათის განმავლობაში, რომ გამოშრეს ზედმეტი სისველისგან. კალამი ჩადეთ ფესვის ზრდის სტიმულატორში და შემდეგ ჩარგეთ ერთჯერად კონტეინერში. უნდა მოათავსოთ თბილ და ნათელ ადგილას.
გაფუჭების მიზეზები: თუ მცენარე ნელა იზრდება და აქვს ძალიან პატარა ფოთლები, ეს საკვები ნივთიერებების სიმცირეზე მიუთითებს. თუ ფოთლები უმუქდება და ფუჭდება, სინათლე აკლია. თუ ფოთლები ჩამოშვებული აქვს და უყვითლდება ეს მაღალი ტემპერატურის ბრალია, ასეთ დროს ხშირად დაუნამეთ ფოთლები. ყველაზე საშიში პრობლემაა კაუდექსის დარბილება, როცა ხელს მოუჭერთ კაუდექსს და თუ ჩაღრმავებები დაეტყობა ეს ფესვების ლპობაზე მიუთითებს. ჰაერის სიმშრალის გამო შეიძლება ტკიპები გაუჩნდეს. კარგად დაუთვალიერეთ ფოთლის ქვედა მხარე და ტუ რამეს შეამჩნევთ დაუყოვნებლივ გაუწმინდეთ საპნიანი წყლით. საწყის ეტაპზე უშველის... თუ ძალიან დაავადებულია, მაშინ რომელიმე ფუნგიციდის გამოყენება მოგიწევთ.
ქვემოთ ვიდეოში ნაჩვენებია ბეუკარნიას გადარგვა:
| |
| |
ნანახია: 2756 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |