კაპსიკუმი იგივე დეკორატიული წიწაკა (Capsicum)
27.11.2019, 09:31

კაპსიკუმი, რომელსაც ბევრი დეკორატიული წიწაკის სახელით მოიხსენიებს არ არის რთული მოსავლელი მცენარე, ეგუება ნებისმიერ გარემოს. კარგად ხარობს როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში. 

კაპსიკუმის სამშობლო მექსიკაა, თუმცა, მისი რამდენიმე ჯიში ჩვენში კარგად არის დამკვიდრებული. ის გაცილებით ცხარე და დამახასიათებელი გემოს მატარებელია, ვიდრე ჩვეულებრივი წიწაკა.

დეკორატიულ მნიშვნელობაზე როცა ვსაუბრობთ, სასურველია, შევარჩიოთ მრავალწლიანი ჯიში, რათა გაზაფხულსა და ზაფხულში ღია აივნები თუ ბაღები გავალამაზოთ -- ზამთარში კი ჩვენი საოჯახო ინტერიერი.

 

როგორ მოვუაროთ:

კაპსიკუმი ანუ დეკორატიული წიწაკა განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. მცირე ზომის მოგრძო ნაყოფი შეიძლება იყოს: ყვითელი, იასამნისფერი, მწვანე ან წითელი. უყვარს სინათლე, ამიტომ ზამთრის პერიოდში, როცა ქოთანს სახლში შევიტანთ, კარგად განათებულ ადგილზე უნდა მოვათავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღერები გაეწელება და სილამაზეს დაკარგავს. დეკორატიული წიწაკისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა.

ტენიანობას რაც შეეხება, უყვარს წყალი, ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშროთ და არც ზედმეტი მოგვივიდეს. კარგია პერიოდულად თუ ფოთლებზეც მიასხურებთ წყალს.

 

გასხვლა:

კაპსიკუმი დიდხანს და ლამაზად, რომ გამოიყურებოდეს ზოგჯერ უნდა გავსხლათ კიდეც. უმეტესად კი მაშინ, როცა მცირე ზომის ნაყოფს შევამჩნევთ, ტოტები 2-3 სანტიმეტრით დავუმოკლოთ.

 

სასუქი:

კაპსიკუმს, როგორც ყველა სხვა მცენარეს სჭირდება პერიოდულად ნიადაგის განოყიერება. თვეში ერთხელ მიაშველეთ კომპლექსური სასუქები. პირველი ყვავილის გაჩენის თანავე გაანოყიერეთ კალიუმიანი სასუქით, ეს ხელს შეუწყობს მის უხვ ყვავილობას.

კაპსიკუმი, ეზოებსა თუ ქოთნებში, ზამთარ-ზაფხულ უნდა გვქონდეს. ზამთრობით იგი ძალიან ალამაზებს გარემოს, დიასახლისებს კი კერძისთვის მუდამ ცოცხლად მოსაკრეფი ეგზოტიკური სიცხარის მქონე წიწაკა ექნებათ.

 

როგორ დავთესოთ:

დაალბეთ წიწაკის თესლები თბილ წყალში ერთი დღე-ღამით. შემდეგ ამოიღეთ და გაამშრალეთ. უნდა დაითესოს მხოლოდ კარგად გამშრალებული თესლი. დალბობის პროცედურა თესლს დათესვის პროცესს ააქტიურებს და წიწაკა იზრდება ძლიერი. ძალიან კარგია ასევე დასალბობად თბილი გვირილის ჩაი. ის ძალიან კარგად მოქმედებს წიწაკის თესლზე.

დასათეს ქოთანში ჩაყარეთ სადრენაჟე მასალა, შემდეგ სასუქიანი მიწა. მოაფრქვიეთ დამბალი თესლი, ზემოდან კი თხელ ფენად მოაყარეთ სასუქი. 

ნათესი მოათავსეთ თბილ და ნათელ ადგილას, მიწის ზედაპირი ყოველდღიურად დანამეთ. რამოდენიმე დღეში ნათესი დაიწყებს ამოსვლას. როცა 3-4 ზრდასრული ფოთოლი განუვითარდება შეგიძლიათ ცალკე ქოთნებში გადარგოთ. გაითვალისწინეთ: თუ ღია გრუნტში ან აივანზე აპირებთ წიწაკის გაზრდას, თანდათან უნდა შეაჩვიოთ გარე პირობებს. პირველ დღეს ხუთი წუთით ამყოფეთ გარეთ, მომდევნო დღეებში ხანგრძლივობა გაზარდეთ.

 

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3461 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar