24.05.2019, 12:16 | |
იუკა აგავას ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც შეცდომით პალმასაც ეძახიან. მაგრამ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და მოვლის წესებიც განსხვავებული აქვთ. ამ გვარში გავრცელებულია 30 სახეობა და ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში. მცენარეს ხშირად „იუკას პალმასაც“ ეძახიან, თუმცა მას არანაირი საერთო არა აქვს პალმასთან. იუკა იზრდება ნელა და საბოლოოდ იღებს სფერულ ფორმას, პატარა ბუჩქის სახეს ან ჯუჯა ხეს.
იუკას მოვლა სახლის პირობებში: ტროპიკული წარმოშობიდან გამომდინარე, იუკას სიცხეები არ აშინებს, პირიქით, უკეთესად გრძნობს თავს ასეთ გარემოში. ამიტომ, ეცადეთ, ზაფხულში მცენარე გარეთ დადგათ, ოთახში კი რაც შეიძლება ნათელ ადგილას მოათავსოთ. არ შეგეშინდეთ პირდაპირი მზის სხივებისაც კი. გაზაფხულზე მცენარეს უნდა მოვარიდოთ ქვემოთა მოძველებული ფოთლები და თუ აქვს ამონაყარიც. მორწყვის რეჟიმი:
იუკას მორწყვის ინტერნსივობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ქოთნის ზომაზე, მცენარის სიმაღლეზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობაზე. აქედან გამომდინარე აუცილებელია მორწყვის თავისებურებების ცოდნა. ზაფხულობით იუკა უხვად უნდა მორწყათ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწა 5 სმ-ის სიღრმეზე გამოუშრება. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, თუ ტემპერატურა 18-20 გრადუსია და დიდი ზომის იუკა გყავთ კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. ზამთარში მორწყვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვებში წყალი ჩაუდგება, რაც ფესვების ლპობას, საბოლოო ჯამში კი მცენარის კვდომას გამოიწვევს. იუკას უყვარს ჰაერის ტენიანობა, ჰაერის სიმშრალეს ძნელად ეგუება. ამიტომ პერიოდულად მცენარეს ნადგამი წყალი უნდა შეასხუროთ, ხოლო თვეში ერთხელ თბილი შხაპი მოუწყოთ. ტენიანობის ასამაღლებლად ქოთანი შეგიძლიათ წყლიან სადგამზე მოათავსოთ, სადაც ცოტაოდენი კენჭები ეყრება. ყურადღება მიაქციეთ წყალი არ ეხებოდეს ქოთანს.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში (აპრილიდან აგვისტომდე), მცენარეს დამატებითი საკვები სჭირდება, ამისთვის შეგიძლიათ ორ კვირაში ერთხელ, დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური ან ორგანული სასუქით გაანოყიეროთ.
ნიადაგი და გადარგვა: მცენარე სანამ ახალგაზრდა და პატარა ზომისაა, იუკას გადარგვა პრობლემას არ წარმოადგენს და შეგიძლიათ, ორ წელიწადში ერთხელ გადარგათ. ხოლო როცა მცენარე გაიზრდება, მისი გადარგვა გაძნელდება, მაგრამ ნუ იდარდებთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ იუკას ყოველწლიურად მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალოთ ახანი ნიადაგით. რაც შეეხება ნიადაგს, იგი აუცილებლად ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს.
გასხვლა: უმეტესწილად იუკა ერთ ღეროზე იზრდება, მაგრამ შეგიძლიათ, მცენარე გასხვლის მეშვეობით დაატოტიანოთ და ამით უფრო ლამაზი გახადოთ.
გადანაჭერი შეგიძლიათ მოათავსოთ ქვიშაში და დააფესვიანოთ (თუ რა თქმა უნდა გამრავლება გსურთ...).
დაავადებები: თუ მცენარეს ქვემოთა ფოთლები უყვითლდება, ეს ბუნებრივია. დროთა განმავლობაში ქვემოთა ფოთლები ბერდება და ყვითლდება. უნდა მოვაცილოთ ფრთხილად. ფოთლის წვერები თუ უყავისფრდება ეს მშრალი ჰაერის ბრალია. თუ ფოთლებზე აქვს ყავისფერი ლაქები, ეს არასაკმარისი მორწყვის ბრალია. მონაცფრისფრო ლაქები მიგვანიშნებს მის სოკოვან დაავადებაზე, ასეთ დროს ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და დაუთვალიერეთ ფესვები. დაზიანებული და დამპალი ნაწილები მოაჭერით. იუკას შეუმცირეთ მორწყვა.
| |
| |
ნანახია: 2756 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |