არმა (Arma)
14.05.2019, 12:44

მცენარე ნიუკასებრთა ოჯახს ეკუთვნის.  გვარში 50 სახეობაა გავრცელებული. ყველა მათგანს აქვს სქელი ფოთლები წაწვეტებული ბოლოებით, კარგად გამოხატული ძარღვებით და დიდი ყუნწებით. არმა ალოკაზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სახეობაა. ის სიმაღლით შესაძლოა, 2 მ-საც კი აჭარბებდეს, გულის ფორმის ფოთლები კი სიგრძეში 1 მეტრს, ხოლო სიგანეში 60-70 სანტიმეტრს აღწევს.
ოთახის პირობებში მცენარე იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მოყვითალო-მომწვანო ბუტკოს ივითარებს, მისი ყვავილი კალას წააგავს.
 არმა ძალზე მგრძნობიარეა ამინდის მიმართ და გაწვიმებამდე „ტირილს იწყებს“, მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, ამის გამო ხალხში „მტირალასა“ და „ამინდის წინასწარმეტყველსაც“ ეძახიან.
ხალხურ მედიცინაში არმა „სამფოთოლას“ სახელწოდებითაა ცნობილი, რადგან მეოთხე ფოთლის გაჩენისთანავე მცენარის ყველაზე ძველი ფოთოლი ჭკნობას იწყებს და მხოლოდ სამი საღი ფოთოლი რჩება. ხალხურ მედიცინაშიც სწორედ ეს დამჭკნარი ფოთოლი გამოიყენება - სანამ ბოლომდე გახმება, ფოთოლს მცენარეს აშორებენ (აჭრიან) და მისგან სამკურნალო ნაყენს ამზადებენ.

არმას ნაყენი გამოიყენება ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, პოდაგრა, პოლიართრიტი, მიოზიტი და ა.შ. თუმცა, ნაყენის თვითნებურად დამზადება და თვითმკურნალობა დაუშვებელია, მცენარე შხამიანია და შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.
სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარესთან მუშაობის პროცესშიც ხელებზე ხელთათმანი გეკეთოთ, მუშაობის დასრულებისთანავე კი ხელები საპნით დაიბანეთ.

 

 

როგორი მოვლა სჭირდება:

არმა სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 22-260C უნდა იყოს, ზამთარში კი 180C-ს არ უნდა ჩამოსცდეს. 
მცენარე ოთახის ყველაზე ნათელ ადგილას მოათავსეთ, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ და შუადღის მზე ფარდით გაუფანტეთ.

ოთახის პირობებში არმას ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხურეთ ყოველდღიურად და პერიოდულად ფოთლები სველი ჩვრით გაუწმინდეთ.
ტენიანობის ასამაღლებლად შეგიძლიათ, ქოთნის სადგამზე სველი კენჭებიც დაუფინოთ ან სველი ქვიშით სავსე ჭურჭელი არმას სიახლოვეს მოათავსოთ.
არმა ვეგეტაციის პერიოდში რაც შეიძლება უხვად უნდა მორწყათ - მიწის ზედა ფენის გამოშრობისთანავე. შემოდგომიდან მორწყვა თანდათან გააიშვიათეთ.
ზამთარში კი მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობიდან მე-2-3 დღეს მორწყეთ.

 


 

სასუქი:

 არმას განოყიერება თვეში 2-ჯერ, მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე სჭირდება, რისთვისაც შეგიძლიათ, ფოთოლდეკორატიული ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქი გამოიყენოთ.

 

 

ნიადაგი და გადარგვა:

ახალგაზრდა მცენარე წელიწადში 1-ხელ უნდა გადარგოთ, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 2-3 წელიწადში 1-ხელ ესაჭიროება. ეს პროცედურა აუცილებლად გაზაფხულის დადგომისთანავე ჩაატარეთ.
რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ ქვიშის, ტორფის, ფოთლოვანი და წიწვოვანი მიწის ნარევს (1/2/2/2) გამოიყენებთ. შეგიძლიათ, სუბსტრატში ხის ნახშირიც გაურიოთ, რაც მცენარეს ფესვებში წყლის ჩადგომისგან დაიცავს.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ფსკერზე კერამზიტის, კენჭების ან აგურის ნამტვრევებიც მოუფინეთ.

 

როგორ მრავლდება:

არმას გამრავლება შეგიძლიათ გაზაფხულზე თესლით, ფესვის დაყოფით ან ღეროს კალმით. 
 სახლის პირობებში ძნელია თესლით გამრავლება. თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის თესლი ტორფითა და ქვიშით მომზადებულ მსუბუქ სუბსტრატში არც ისე ღრმად მოათავსოთ და ზემოდან შუშა ან პოლიეთილენის თხელი ფენა დააფაროთ. ნათესი პერიოდულად გაანიავეთ და მიწის ზედაპირი დანამეთ.

  გაცილებით მარტივია მცენარის ფესვის დაყოფით და ღეროს კალმით გამრავლება. ამ შემთხვევაშიც უნდა ჩასვათ ტორფისა და ქვიშის ნარევში და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

 

 

 

მავნებლები
 

არმას ჰაერის სიმშრალის გამო ზოგჯერ ფოთლებზე მავნებლები უჩნდება. 
ასეთ შემთხვევაში მცენარეს საპნიანი წყლით ფოთლები და ღეროები სათითაოდ უნდა გაუწმინდოთ. თუ არ უშველა მაშინ აკტელიკის ხსნარი (1-2 მლ/1 ლ წყალი) შეასხურეთ.

 

ვიდეოში ნაჩვენებია არმას მოვლა და გადარგვაა.

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 12427 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar