აიხრიზონი ანუ სიყვარულის ხე (aixrizon)
28.09.2019, 11:25

აიხრიზონს მეორენაირად სიყვარულის ხეს ეძახიან, მართლაც ამ მცენარეს ოჯახში სიყვარული და სითბო შემოაქვს. აიხრიზონი დაბალი ბუჩქოვანი მცენარეა, სიმაღლეში მაქსიმუმ 30 სანტიმეტრის იზრდება. აქვს წვრილი, როზეტებად შეკრული გულის ფორმის ბუსუსიანი ფოთლები. ყვავილობას იწყებს აპრილში, ყვავილები აქვს ვარსკვლავის ფორმის და შეიძლება იყოს: ყვითელი, წითელი, ან კრემისფერი. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, როზეტი რომელზეც ყვავილები იყო კვდება. ყვავილობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ ჯიშებზე, ზოგიერთი სახეობა ექვსი თვის განმავლობაში ყვავის. 

აიხრიზონი მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, სულ გავრცელებულია თხუთმეტი სახეობა. ბუნებრივ პირობებში იზრდება კლდის ნაპრალებში. გავრცელებულია კუნძულ მადეირაზე, კანარის და აზორის კუნძულებზე. ზოგიერთი სახეობა მაროკოსა და პორტუგალიაშიც გვხვდება. აიხრიზონი მიეკუთვნება სუკულენტ მცენარეებს, მცენარეს აქვს ხორციანი, მწვანე ფერის ბუსუსიანი ფოთლები. ფოთლების შეფერილობა ყველანაირი მწვანე შეიძლება იყოს: ღია მწვანეც და მუქიც. 

 

 

მოვლა სახლის პირობებში:

აიხრიზონს უყვარს გაფანტული, კარგად განათებული ადგილი, ოღონდ პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. მცენარისთვის საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთი ან დასავლეთის ფანჯარა, სხვა მხარეს მოთავსებისას აუცილებელია მზის სხივები ფარდის საშუალებით დაიცვათ. ზაფხულობით როცა ძალიან ცხელა შეგიძლიათ მცენარეს თბილი შხაპი მოუწყოთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება გრილ სეზონზე.

ჰაერის ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნი არ არის, ზამთარში მოსწონს შედარებით გრილი გამოზამთრება, დაახლოებით 8-10 გრადუსი. არ მოათავსოთ გამათბობელ მოწყობილობასტან ახლოს.  მაღალ ტემპერატურაზე ფოთლები და ღეროები ეწელება და შესაძლოა ფოთლებიც დაყაროს.

აიხრიზონს არ უყვარს ზედმეტი წყალი, სჯობს დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ. ზედმეტი წყალი იწვევს ფესვების ლპობას. უნდა მოირწყას ცოტა რაოდენობის წყლით, ისეთ შემთხვევაში როცა ფოთლები მოეშვება და ღერო დაურბილდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ წყალი აკლია. 

ორი-სამი წლის აიხრიზონი ყვავილობას იწყებს გაზაფხულზე, ისიც იმ შემთხვევაში თუ სათანადოდ გამოიზამთრა (თუ გრილად გამოაზამთრეთ), რწყავდით იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში და არის პატარა ქოთანში ჩარგული. ყვავილობისას მცენარე კარგავს ფოთლების ოთხმოც პროცენტს. ყვავილობის დასრულებიშ შემდეგ უნდა შეაჭრათ დაყვავილებული როზეტები და უნდა მოირწყას უხვად. 

სასუქი:

გაზაფხულიდან შემოდგომამდე მცენარეს სჭირდება კვება. ამ პერიოდში უნდა მიაწოდოთ სუკულენტებისტვის განკუთვნილი სასუქები ათ დღეში ერთხელ. 

 

aixrizon

ნიადაგი და გადარგვა:

აიხრიზონი საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაირგას გაზაფხულზე, გადარგვა იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ ფესვები მთლიანად შეავსებს ქოთანს. მისთვის კარგია დაბალი და განიერი ქოთანი, რადგან მცენარეს აქვს ზედაპირული ფესვები. ნიადაგი უნდა იყოს ძალიან ფხვიერი, წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. მისთვის სასრუველი ნარევი უნდა შედგებოდეს: ტყის ქოთლოვანი მიწა + ნეშომპალა + ქვიშა + ხის ნახშირი. შეგიძლიათ ცოტა აგურის ნამტვრევებიც აურიოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სუკულენტებისტვის განკუთვნილი ნარევი. 

როგორ გავამრავლოთ: 

აიხრიზონი მრავლდება კალმებით. დასაფესვიანებლად კარგი პერიოდია გაზაფხული ან შემოდგომა. მოჭრილი კალამი რამოდენი საათით მოათავსეთ მშრალ და ბნელ ადგილას. კალმები ადვილად ფესვიანდება მსუბუქ სუბსტრატში. კალმები ჩარგეთ ნესტიან ქვიშაში და მოათავსეთ ნათელ ადგილას. დაფესვიანების შემდეგ უნდა გადაირგას ცალ-ცალკე პატარა ქოთნებში. 

 

 

 

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 7084 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 0
avatar