ჟასმინი (jasmine)
27.11.2018, 13:30

ჟასმინი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც უმთავრესად აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. არსებობს ჟასმინის 300-მდე სახეობა. საქართველოში ჟასმინის მხოლოდ რამდენიმე სახეობა ხარობს, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება სამკურნალო ჟასმინი და ტანდაბალი ანუ ბუჩქოვანი ჟასმინი. ორივე მათგანი კარგი დეკორატიული მცენარეა, რომელსაც რგავენ ბაღებში, პარკებში, ან კედლების და აივნების გასამწვანებლად იყენებენ. ასევე არსებობს ისეთი ჟასმინებიც, რომელიც სახლის პირობებში კარგად ხარობს. მაგალითად ასეთებია: დიდყვავილა ჟასმინი, სამკურნალო ჟასმინი, უხვყვავილიანი ჟასმინი და სამეფო ჟასმინი.
ჟასმინის ყვავილისგან ამზადებენ არომატულ და სასარგებლო თვისებებით გამორჩეულ ჩაის, იღებენ სურნელოვან ეთერზეთს, რომელსაც აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში. სწორედ ამ მომაჯადოებელი სილამაზისა და არომატის მქონე ყვავილების გამო ჟასმინს მეორენაირად ღამის დედოფალსაც ეძახიან. 

სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა. იზრდება მთის ქვემო სარტყელში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. ხარობს ზომიერად ტენიან ნიადაგებზე. ყვავილობს ივლისიდან ოქტომბრამდე. კარგი დეკორატიული მცენარეა. მცენარის სიმაღლე ერთი მეტრიდან მეტრანახევრამდე აღწევს. 

პოპულარულია ოთახის ჟასმინი, მას აქვს ყვითელი ყვავილები. იზრდება პატარა ბუჩქად. ზამთარში ხშირად ფოთლები სცვივა, თუმცა ამავე დროს (იანვრიდან მარტამდე) გამოაქვს ყვითელი ყვავილები, რომლებიც იკავებენ ფოთლების ადგილს.
ასევე არსებობს ოთახის ჯასმინი-სამბაკი. მას ასევე ეძახიან არაბულ ან ინდურ ჟასმინს. ის წარმოშობით ინდოეთიდანაა. მისი ყვავილი თეთრია, ყვავის მთელი წლის განმავლობაში. ყვავილებს აქვთ კარგი სურნელი და ყვავილობის ბოლოს იღებს მოწითალო შეფერილობას.

ძალიან ლამაზია სამეფო ჟასმინი. მისი ფოთლები ჟასმინის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით გრძელი და ოვალურია. ყვავის ზამთარში, დიდი თეთრი ყვავილებით, რომლებსაც არ აქვთ სუნი.

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

ჟასმინი არაა პრეტენზიული მცენარე. მისი მოვლა ადვილია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ზოგიერთი რამ მისი მოვლის შესახებ. ჟასმინს უყვარს ნათელი ადგილი, უნდა მოათავსოთ განათებულ ფანჯარაზე, ოღონდ ისე რომ შუადღის მწველი მზე არ მოხვდეს. ჯასმინს უყვარს წყალი. მცენარე უნდა მოირწყას ოდნავ მყავე წყლით. ზაფხულსა და ზამთარში თბილ ოთახში ყოფნისას უფრო ხშირად უნდა მოვრწყათ, ხოლო დაბალი ტემპერატურის პირობებში შევამციროთ მორწყვების რაოდენობას. ზამთრიდან, როცა ჟასმინი ყვავილობისთვის მომზადებას დაიწყებს, მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ და მცენარე მხოლოდ კვირაში 1-ხელ მორწყეთ.
უყვარს ფოთლებზე წყლის მისხურებაც. ჯასმინის მოვლისას უნდა ვცადოთ შევინარჩუნოთ გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი. მისი ყველაზე მისაღებია ტემპერატურა +8- +20 გრადუსამდე. გაზაფხულზე უმჯობესია მცენარე გავიტანოთ სუფთა ჰაერზე. თუმცა უნდა მოვარიდოთ სიცხეს. 

 

სასუქი:

გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჟასმინი 2 კვირაში ერთხელ, მინერალური და ორგანული სასუქებით მონაცვლეობით გაანოყიერეთ. შემოდგომიდან სასუქი მხოლოდ თვეში 1-ხელ მიაწოდეთ, ზამთარში კი სასუქის მიცემისგან თავი შეიკავეთ.

 

როდის და როგორ გადავრგათ

ახალგაზრდა მცენარე უნდა გადაირგას ყოველი წლის გაზაფხულზე, ხოლო ზრდასრული 2-3 წელიწადში ერთხელ. ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი და ოდნავ მჟავე უნდა იყოს. კარგი იქნება თუ მას თანაბარი რაოდენობით ფოთლოვანი მიწის, კორდის მიწის, ტორფისა და ქვიშისგან მოამზადებთ. ასევე შეგიძლიათ შემდეგი ნარევიც მოამზადოთ: 1 წილ აზალიებისთვის ან ვარდებისთვის განკუთვნილ ნიადაგს + 3 წილი ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი ნიადაგი +1 წილი ქვიშა და ცოტაოდენი ვერმიკულატი.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ძირში კერამზიტის ნატეხების თხელი ფენაც უნდა ჩაუყაროთ.

ჟასმინის გასხვლა:

ჟასმინის სასურველი ფორმის მისაცემად საჭიროა მისი გასხვლა. ამის გარდა მისთვის ტოტების მოჭრა დადებითად მოქმედებს ყვავილობაზე, რადგან ეს ხელს უწყობს ახალი რტოების განვითარებას, რომლებზეც წარმოიქმნება ყვავილის კვირტები. განსაკუთრებით ხშირად სხლავენ ჟასმინ სამბაკს. საერთოდ მცენარეს გაზაფხულზე სჭირდება გასხვლა, მაგრამ შეგიძლიათ წელიწადში 2-3 ჯერაც გადსხლათ

 

როგორ გავამრავლოთ:

 ჟასმინი მრავლდება კალმებით. ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს დაახლოებით 12-15 სმ-ის სიგრძის კალამი (კალამზე 4-6 ფოთოლი მაინც უნდა იყოს) და დასაფესვიანებლად წყალში ან ქვიშაში მოათავსოთ. უკეთესად დაფესვიანებისთვის, შეგიძლიათ ზრდის სტიმულატორები გამოიყენოთ. როგორც კი კალამს ახალი ფოთლები ამოეზრდება მცენარე შეგიძლიათ პატარა ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

არასაკმარისი მოვლის შემთხვევაში ჟასმინს შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა მავნებელი. მათ ანადგურებენ წყლის მისხურებით და ფოთლების გარეცხვით. ფოთლები გაუწმინდეთ საპნიანი წყლით, გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგ ფოთლები უნდა ჩამოვურეცხოთ თბილი წყლით. პროცედურა უნდა დავიწყოთ პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე და გავაგრძელოთ სანამ მავნებლები სრულად რა განადგურდებიან. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2 კვირის შემდეგ. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4249 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar