17.04.2019, 12:28 | |
ციკლამენი იგივე ყოჩივარდა, ფურისულასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 20-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, თურქეთსა და ირანშია გავრცელებული. ეს არის ყვავილი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ყვავის. განსაკუთრებული ყვავილობით გამოირჩევა, ევროპული და სპარსული ციკლამენები. განსხვავებული, წაგრძელებული ფორმის ყვავილები, კაშკაშა, მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. ციკლამენის სხვადასხვა ჯიში არსებობს, ზოგი გარე გრუნტში კარგად ხარობს, ზოგს კი ოთახის პირობები სჭირდება.
ციკლამენის მოვლა სახლის პირობებში: იმისათვის, რომ ციკლამენმა ყვავილობა არ შეწყვიტოს, უნდა დადგათ კარგად განათებულ ადგილზე და ზომიერად მორწყათ. ზაფხულის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ და ფარდით მოუჩრდილოთ, რათა ფოთლები არ დაეწვას. ყვავილობის პერიოდის გასახანგრძლივებლად აუცილებელი პირობაა დროულად მოაცილოთ დამჭკნარი ყვავილები და ფოთლები. ყვავილობის პერიოდში ციკლამენს მეტი ტენი სჭირდება, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ამ პერიოდში უმჯობესია ქოთანი ჩადგათ წყლიან ჭურჭელში, როცა მიწა კარგად გაიჟღინთება ამოიღეთ და დადგით რომ კარგად დაიწკრიტოს ზეწდმეტი წყლისგან. ციკლამენს უყვარს წყლის შესხურებაც სანამ აყვავდება, მხოლოდ როცა ყვავილობს მცენარე დაუშვებელია წყლის შესხურება. მცენარეს არ უყვარს მაღალი ტემპერატურა, ოპტიმალური ტემპერატურაა 12-18 გრადუსი. მაღალ ტემპერატურაზე მცენარეს ფოთლები სცვივა. მაისიდან ივლისის ჩათვლით მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება, არ უნდა შეგვეშინდეს, ამ პერიოდში მცენარეს ფოთლები სცვივა. ამ პერიოდში უნდა შემცირდეს მორწყვის რეჟიმი და გადავიტანოთ შედარებით გრილ ადგილას.
სასუქი: ხანგრძლივი ყვავილობისთვის ციკლამენს საუქის მიწოდება სჭირდება. სასუქი უნდა იყოს კალიუმით გამდიდრებული და მივაწოდოთ მცენარეს ორ კვირაში ერთხელ. მცენარე წინასწარ უნდა მორწყათ, როცა მცენარე წყლით კარგად იქნება გაჟღენთილი შემდეგ უნდა მიაწოდოთ სასუქი.
ნიადაგი და გადარგვა: როცა მცენარე მოსვენების პერიოდში გადავა და ფოთლებს დაიცვენს, შეგიძლიათ ახალ ქოთანში გადაიყვანოთ. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: კორდის მიწა + ტორფი + ქვიშა + ცოტა ნაკელი. უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პირობა: სპარსულ ციკლამენს ფესვები მიწის სიღრმეში ეზრდება, ამიტომ დარგვისას ისე უნდა დაირგას ნახევრად ჩანდეს ბოლქვი. ევროპული ციკლამენის ფესვები კი მთელს ზედაპირზეა გაზრდილი და ღრმად უნდა ჩაირგას. დაუშვებელია აყვავებული მცენარის გადარგვა და გადარგვისას სასურველია თავისივე მიწით გადავიყვანოთ მცენარე.
ციკლამენის გამრავლება: ციკლამენი მრავლდება ორი გზით: ბოლქვის დაყოფით და დათესვით. ბოლქვით გამრავლება საკმაოდ ადვილი პროცესია. ზრდასრული ბოლქვი შეგიძლიათ გაჭრათ რამოდენიმე ნაწილას, ოღონდ თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს ერთი საკვირტე ღივი მაინც. გადაჭრილი ადგილი უნდა დამუშავდეს დაფხვნილი ნახშირით, შემდეგ ერთი-ორი დღით მოათავსეთ მშრალ ადგილას, რათა გაშრეს. გამშრალი ბოლქვები შეგიძლიათ ჩარგოთ ცალ-ცალკე ქოთანში. დათესვა უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზე. დათესვამდე კარგია თუ თესლს წინასწარ ჩაალბობთ რომელიმე სტიმულატორში, თესლი უნდა დაითესოს ერთ სანტიმეტრ სიღრმეზე და დაშორება უნდა იყოს 2-3 სანტიმეტრი. ქოთანს დააფარეთ სახურავი და მოათავსეთ თბილ 20-22 გრადუს სითბოში. ერთი თვის შემდეგ მცენარე დაიწყებს ამოსვლას. 6-7 თვის შემდეგ შეგიძლიათ ცალკე ქოთნებში გადაყვანა.
თუ მცენარის ფოთლებმა გაყვითლება დაიწყო ესეიგი ოთახში მაღალი ტემპერატურაა ან სათანადოდ არ ნიავდება ოთახი.
| |
| |
ნანახია: 4439 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |