ყველაზე პოპულარული ოთახის ყვავილები
06.09.2019, 10:13

ოთახის მცენარეები ინტერიერს ყოველთვის განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებენ. ისინი ჩვენ დადებითი ემოციებით გვავსებენ. თუმცა, მათზე მზრუნველობა და ყოველდღიური მოვლა ყველა დიასახლისისთვის ადვილი არ არის. გთავაზობთ რამოდენიმე პოპულარულ ოთახის მცენარეს, რომელთა მოვლა არ გაგიჭირდებათ, თქვენი სახლი კი ყვავილებით დამშვენდება.

 

აზალია:

აზალია საკმაოდ პოპულარული მცენარეა, თავისი უხვი ყვავილობით ის ყველას იზიდავს. აზალიასთვის ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში  +19-+22 გრადუსია, ზამთარში კი +12-+13 გრადუსი. აზალიას უყვარს ტენიანი და მჟავე ნიადაგი, ამიტომ მის შემცველობაში აუცილებლად  უნდა შედიოდეს ტორფი, რომლის შეძენა ყვავილების მაღაზიებში შეგიძლიათ. ზაფხულში ხშირად მოწყეთ, შემოდგომა-ზამთარში შეამცირეთ, მაგრამ არ გამოუშროთ ნიადაგი.  კარგი იქნება, თუ ყოველ წელს გადარგავთ. მრავლდება კალმით, თესლით, ბუჩქის გაყოფით.

 

კრასულა, ბარაქის ხე:

კრასულას ბევრნაირი სახელით მოიხსენიებენ: ბარაქის ხე, ოჯახის ხე... ის თითქმის ყველა ოჯახის სიმბოლოა. კარსულა ადვილად მოსავლელი მცენარეა, არ ითხოვს დიდ დროს და ყურადღებას. კარგად იტანს როგორც განათებულ ადგილს, ისე ჩრდილიან ადგილსაც. მორწყეთ მაშინ როცა მიწა ბოლომდე გაუშრება. 

 

კალანჰოე:

კალანჰოეს თითქმის ყველა მეყვავილის ოჯახში ნახავთ. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და ადვილად ეგუება ოთახის პირობებს. მთელი კვირაც რომ დაგრჩეთ მოსარწყავი არაფერი დაუშავდება, ამიტომ დამწყები მეყვავილეებისთვის პირველი ყვავილია. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. ადვილად იტანს ზამთრის სიგრილეს, არანაკლებ 10 გრადუსს. კალანჰოეს ცოტა წყალი სჭირდება. უმჯობესია, თუ წყალს ლამბაქზე დაუსხამთ. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ, ზამთრის პერიოდში კი იშვიათად მორწყეთ.

 

ორქიდეა:

ორქიდეა ინტერიერში საუკეთესო დეკორაციაა, თუმცა როცა ორქიდეა გარემო პირობებში თავს კარგად ვერ გრძნობს, ყვავილები სცვივა და ახლების გამოტანაც აგვიანებს. ამას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს – განათება და მორწყვა.  ორქიდეას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, მოსარწყავად კი უნდა ჩადოთ ქოთანი წყალში 15-20 წუთის განმავლობაში.

 

ანთურიუმი:

ეს ოთახის მცენარე მთელი წლის განმავლობაში გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით, ის ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეა. იგი ტროპიკულ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. მას მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სინათლე, ოღონდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. მცენარის ზრდისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20 გრადუსი, ზამთარში 16. მისი მოწყვა საჭიროა ზომიერად, ეცადეთ, მიწა მთლიანად არ გამოუშრეს. პერიოდულად სჭირდება ფოთლების დანამვა. 

 

სპატიფილიუმი:

სპატიფილიუმს „ქალურ ბედნიერებასაც“ უწოდებენ, რადგან სიყვარული და ბედნიერება მოაქვს. თუკი ვინმე გაჩუქებთ ამ ყვავილს, იგი პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ. სპატიფილიუმი ადვილად მოსავლელი ყვავილია. ის მზის პირდაპირ სხივებს ცუდად იტანს და საარსებოდ ნათელი, უმზეო ადგილი ან ნახევარჩრდილი ურჩევნია.  წყალი ზომიერად უნდა დაუსხათ. სიცივის მიმართ ძალზე მგრძნობიარეა, ამიტომ ტემპერატურა 12 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს ოთახში. ყვავილის გადარგვა შეიძლება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, თავისივე კომით.

 

პელარგონია, ბალბა:

პელარგონია ფართოდ გავრცელებული და ულამაზესი ოთახის მცენარეა. განსაკუთრებით უყვარს სინათლე და მისთვის იდეალური ადგილია ფანჯრის რაფა. მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, ბალბა ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით. ეს მცენარე სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მას მეტი სინესტე სჭირდება.

 

იები:

ია ყველა დიასახლისის საყვარელი ოთახის მცენარეა, რადგან უპრეტენზიო და მარტივად მოსავლელი ყვავილია. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და მორწყეთ მაშინ, როცა ზედაპირი გამოშრება. მიწა ბოლომდე არ უნდა გამოუშრეს. უნდა მოირწყას სადგამიდან, რათა ფოთლებზე არ მოხვდეს წყალი. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3701 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar