05.12.2018, 13:04 | |
ფუქსიას მცენარეთა გვარი ონაგრასებთა ოჯახისაა. მცენარე ბუნებაში იზრდება ბუჩქებად ან პატარა ხეებად. აქვს გრძელყუნწიანი დაკიდებული ყვავილი და კენკრა ნაყოფი. ფუქსიას სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. მოიცავს 100-მდე სახეობას. ბევრ სახეობას დეკორატიულ მცენარედ ამრავლებენ. ცნობილია ფუქსიის 2 ათასზე მეტი ჰიბრიდული ჯიში, რომლებიც გამოირჩევა ნაირფერი ბუთხუზა ყვავილებით, ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმევა. მცენარეს სახელი გერმანელი ექიმისა და ბოტანიკოსის ლეონარტ ფუქსის პატივსაცემად უწოდეს, თუმცა ყვავილების ფორმის გამო ხალხში „ბალერინასაც“ ეძახიან. მცენარეების მოყვარულთა განსაკუთრებულ ინტერესსაც სწორედ მოცეკვავე ბალერინების ფორმის, ულამაზესი ყვავილების გამო იმსახურებს. ფუქსია ყვავილობს უხვად და ხანგრძლივად. ყვავილის შეფერილობა მრავალგვარია: თეთრიდან დაწყებული იასამნისფერით დამთავრებული. ასევე არსებობს ისეთი მცენარეც, რომელსაც ყვავილი სამ ფერში აქვს. ფუქსიას ღერები პლასტიკური აქვს და შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ: ამპელური, დაბუჩქული და შტამბოვანი.
როგორ მოვუაროთ სწორად: ფუქსია სინათლის მოყვარული მცენარეა, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს, თუ მზის სხივი მოხვდა ფოთლები უყვითლდება, ჭკნება და შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ფუქსია უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას, ისე რომ მზე არ ადგებოდეს. ოთახის ოპტიმალური ტემპერატურაა ზაფხულში 18-20 გრადუსი, ზამთარში კი 15 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. თუ ზაფხულში ოთახში ძალიან ჩამოცხა, უმჯობესია, მცენარე ვერანდაზე ან ეზოში გაიტანოთ, მხოლოდ ისეთ ადგილზე უნდა დადგათ, სადაც მზის პირდაპირი სხივები მხოლოდ დილის საათებში აღწევს. ფუქსიას ყვავილობის დროს ხშირი მორწყვა სჭირდება. უნდა მოირწყას მიწის ზედა ფენის შეშრობისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ სადგამზე წყალი არ დაგუბდეს ეს მცენარის ლპობას გამოიწვევს. შემოდგომის ბოლოდან კი მორწყვა უნდა შეუმციროთ, ზამთარში მორწყეთ თვეში ორჯერ ან ერთხელ( გააჩნია პირობებს). ზაფხულობით ფოთლებზე წყალიც შეასხურეთ, პერიოდულად თბილი შხაპიც არ აწყენს, გაახალისებს თქვენს მცენარეს.
ფუქსიას მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა რეგულარული განოყიერება, რომელიც მას უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის სჭირდება. უნდა გამოიყენოთ მონაცვლეობით კომპლექსური და მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები ათ დღეში ერთხელ. სასუქის მიწოდება მცენარეს მხოლოდ ზამთარში უნდა შეუწყვიტოთ, რადგან ამ პერიოდში მოსვენების პერიოდი აქვს.
როგორი ნიადაგი სჭირდება: ნიადაგი აუცილებლადა კარგი წყალგამტარი უნდა იყოს. კარგი იქნება ბაღის მიწაში ცოტაოდენი ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და მსხვილმარცვლიანი ქვიშის გადარევა.
როდის და როგორ გადავრგათ: ფუქსიას გადარგვა ყოველ წელს არ არის აუცილებელი, უნდა გადაირგას მაშინ, როცა ფესვები ძველ ქოთანს შეავსებს. როცა მიხვდებით რომ გადასარგავია უნდა გადარგოთ აუცილებლად გაზაფხულზე. რაც შეეხება ნიადაგს, ის აუცილებლად ნოყიერი და კარგი წყალგამტარი უნდა იყოს. კარგი იქნება ბაღის მიწაში ცოტაოდენი ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და მსხვილმარცვლიანი ქვიშის გადარევა. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟო მასალა, შემდეგ ცოტაოდენი მიწა და გადავსვათ მცენარე. გაითვალისწინეთ, რომ გადარგვისას ფუქსია უნდა გადაიტანოთ თავისივე კომით. სასურველია ტოტები ოდნავ დაუმოკლოთ, უხვი ყვავილობისთვის. ახალგადარგული მცენარე კარგად მორწყეთ და დადგით ნათელ ადგილას.
როგორ გავამრავლოთ: ფუქსიას გამრავლება შეგიძლიათ: კალმებით, ფოთლით და თესლით. დასესვით გამრავლება საკმაოდ რთულია სახლის პირობებში. მომწიფებული ყვავილი უნდა დაამტვერიანოთ, შემდეგ უნდა გამოშრეს კარგად და ითესება ნესტიან ნიადაგში და სათბურდება. კალმით გასამრავლებლად საჭიროა, მცენარეს მოაჭრათ 5-7 სმ-ის სიგრძის ტოტი. დაფესვიანება შეგიძლიათ წყალშიც და ქვიშანარევ ტორფში. კალამი დაახლოებით 20-25 დღეში დაფესვიანდება, რის შემდეგაც ქოთანში უნდა გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ. ფოთლით გასამრავლებლად საჭიროა მცენარეს მოაცალოთ ფოთოლი თავისივე ყუნწით და ჩარგოთ ქვიშანარევ მიწაში, უნდა დასათბურდეს და ყოველდღე დაინამოს.
| |
| |
ნანახია: 2390 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |