21.02.2019, 12:53 | |
პასიფლორა ანუ ვნების ყვავილი პასიფლორასებთა ოჯახიდანაა. მცენარე მცოცავი ბუჩქები და ბალახებია. პასიფლორას მსხვილი, 10 სმ-მდე დიამეტრის ყვავილები აქვს, რომელიც ორიგინალური აგებულებით გამოირჩევა. მას აქვს ხუთი მწვანე ფერის ჯამის ფოთოლი და ამდენივე თეთრი, ვარდისფერი, მეწამული წითელი ან ცისფერი ფერის ფურცლისგან შედგება, რომლებიც ზემოდან გაფორმებულია თხელი ზიგზაგისებური ხაზებით. ყვავილის ცენტრში განლაგებულია ხუთი მოზრდილი ბუტკო და სამი მტვრიანა. მცენარე ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე ყვავის და მრავალრიცხოვან ყვავილებს მორიგეობით ივითარებს. დაყვავილების შემდეგ მასზე რჩება მოყვითალო-ფორთოხლისფერი ნაყოფი, რომელსაც საკვებად იყენებენ. პასიფლორას რამდენიმე სახეობა სამკურნალოდაც გამოდგება და ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ. მაგალითად: პასიფლორას ერთ-ერთ სახეობას, რომელიც „ღამურას“ სახელითაა ცნობილი, მე-16 საუკუნის ბოლოს ინდოელები ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო მცენარის სხვა სახეობებს დამამშვიდებელ საშუალებად იყენებენ. წითელი ხორცოვანი პასიფლორას სამკურნალო თვისებები კი ოფიციალურმა მედიცინამაც აღიარა და მისი ექსტრაქტის საფუძველზე ისეთ პრეპარატებს ამზადებენ, როგორიცაა: „ნოვოპასიტი“, „ცენტრალ ბ“ და სხვა.
როგორ მოვუაროთ სწორად: პასიფლორა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ უხვი ყვავილობისთვის კარგი იქნება, თუ მზიან ადგილას მოათავსებთ. მცენარეს მზის პირდაპირი სხივებიც ვერაფერს ვნებს, მთავარია, ყურადღება მიაქციოთ, რომ მიწა სიცხისგან ძალიან არ გამოშრეს. მცენარეს ერთდღიანი ყვავილი აქვს, ამიტომ ეცადეთ ბევრი საყვავილე გამოიტანოს, ამისთვის კარგი განათებაა საჭირო.
მორწყვის რეჟიმი: ზაფხულობით პასიფლორა უხვად და ხშირად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში შედარებით ზომიერად, მხოლოდ ისე, რომ მიწის გამოშრობა არ დაუშვათ. თუ მცენარეს ქოთანში ზრდით, ეცადეთ, მორწყვა ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ეს ფესვებისა და ტოტების ლპობას გამოიწვევს. საღამოობით უყვარს ფოთლების დანამვა.
სასუქი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე ორ კვირაში ერთხელ მინერალური და ორგანული სასუქებით უნდა გაანოყიეროთ. სასუქის მიცემამდე აუცილებელია მორწყათ, რათა სასუქმა ფესვები არ დაუწვას.
როდის და როგორ გადავრგათ: ახალგაზრდა მცენარეს გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, მოზრდილი ეგზემპლარები კი მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ღია გრუნტში ზრდით, კარგი იქნება, დასარგავად მზიანი, მაგრამ ქარისგან დაცული ადგილი შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ ორმოში ცოტაოდენი ქვიშის ჩაყრაც, რაც საჭიროა კარგი დრენაჟის უზრუნველსაყოფად. გადარგვამდე კარგად დაუთვალიერეთ ფესვები, დაზიანებული ნაწილები მოაჭერით და ცოტა ხნით მარგანცოვკიან წყალში მოათავსეთ.
როგორი ნიადაგი სჭირდება: ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და ნოყიერი. უნდა შედგებოდეს ტორფის, ქვიშის და ტყის მიწისგან. ან უნდა გამოიყენოთ ბეგონიებისთვის განკუთვნილი ნიადაგი.
გასხვლა: პირველ წელს გასხვლა არ სჭირდება, მცენარე თვითონვე ფორმირდება. იმისთვის, რომ მცენარემ რაც შეიძლება მეტი საყვავილე კვირტი განივითაროს, აუცილებელია მისი გასხვლა. ამისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული, კერძოდ მარტი. პირველ რიგში, მცენარეს დაზიანებული და გამხმარი ტოტები უნდა მოაჭრათ, ხოლო დარჩენილი ტოტები რამდენიმე სანტიმეტრით დაუმოკლოთ. გასხვლის შემდეგ პასიფლორა მოსვენებას საჭიროებს, ამიტომ სასურველია, 2-3 კვირით ნახევრად ჩრდილში მოათავსოთ. საჭიროების შემთხვევაში, მცენარე შეგიძლიათ, შემოდგომით, ყვავილობის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გასხლათ. უნდა დაიცვათ შემდეგი წესი: ძლიერი ტოტები უნდა დაუტოვოთ, ახალგაზრდა ტოტები კი ოდნავ დაუმოკლოთ. უნდა მოეჭრას გამხმარი ტოტებიც, გადანაჭერი ადგილი უნდა დამუშავდეს მარგანცოვკით.
როგორ გავამრავლოთ: პასიფლორას გამრავლება შეგიძლიათ ორი მეთოდით: თესლით და კალმის დაფესვიანებით. თუმცა კალმით გამრავლებას ერთი უპირატესობა აქვს, კალმით გამრავლებული მცენარე მომდევნო წელსვე ყვავის, თესლისგან აღმოცენებულს კი ამისთვის რამდენიმე წელიწადი სჭირდება.
| |
| |
ნანახია: 5394 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |