ქოთნის კამელიას მოვლა სახლის პირობებში
24.01.2020, 15:16

კამელია მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახის მცენარეა. მისი 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იაპონური კამელია (Camellia japonica) და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში.

ჩინური კამელიის ანუ ჩაის ბუჩქის ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ ჩაის. ზეთის ანუ ევგენოლის კამელიის ფოთლებისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს. 

ევროპაში პირველად შემოიტანა ნატურალისტმა მღვდელმა კამელიუსმა, რის გამოც მცენარეს კამელია ეწოდა. კამელიას აქვს მარტივი ფოთლები კვერცხისებური ან ელიფსის ფორმის, ტყავისებური და პრიალა. ყვავილები აქვს წითელი, ვარდისფერი ან თეთრი, იშვიათად კი ჭრელი შეფერილობის. 

 

მოვლა სახლის პირობებში:

კამელიას მოვლა სახლის პირობებში რთულია, ზოგჯერ გამოცდილ მეყვავილეებსაც უჭირთ მისი გახარება. კამელიას სჭირდება მკვეთრი, გაფანტული სინათლე. მოსწონს სუფთა ჰაერი, კარგია თუ ზაფხულის პერიოდში აივანზე ან ტერასაზე გაიტანთ. მცენარეს არ მოსწონს ზედმეტი სიცხე, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კოკრები სცვივა. ოპტიმალური ტემპერატურაა მაქსიმუმ 25 გრადუსი. ზამთარში კარგია გრილად გამოზამთრება, ტემპერატურა უნდა იყოს არა უმეტეს 15 გრადუსისა. ~

კამელიას უყვარს ნესტიანი მიწა, ირწყვება მას შემდეგ, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. არ მოსწონს მიწის ბოლომდე გამოშრობა, ასეთ შემთხვევაში ფოთლები სცვივა. გრილად გამოზამთრების შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს, უნდა მოირწყას ცოტა რაოდენობის წყლით. წყალი უნდა იყოს ნადგამი და ოდნავ თბილი. 

რადგან კამელიას მოსწონს ტენიანი ჰაერი, უნდა დავუნამოთ ფოთლები მინიმუმ დღეში ერთხელ. ყვავილობის შემთხვევაში უნდა დავნამოთ ფრთხილად, რომ წყალი არ მოხვდეს ყვავილებსა და კოკრებს. 

 

სასუქი:

სასუქი სჭირდება მთელი წლის განმავლობაში, სასუქი უნდა მიეწოდოს ოც დღეში ერთხელ, ხოლო როცა კოკრებს წამოიღებს იმ პერიოდში ყვავილობის დასრულებამდე უნდა მივაწოდოთ სასუქი კვირაში ერთხელ. კარგია კალიუმ-ფოსფორიანი სასუქი ან მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

კამელია ახალ ქოთანში საჭიროებს გადარგვას ყოველ წელს. გადასარგავად კარგი პერიოდია გაზაფხული. გადარგვისას აუცილებელია მცენარის ტოტების დამოკლება, რადგან კარგად დაიბუჩქოს. 

უყვარს მჟავე ნიადაგი. სუბსტრატი უნდა შეიცავდეს: ტორფი + კორდის მიწა + ქვიშა. ქოთნის ძირში უნდა ჩაყაროთ სადრენაჟე მასალა და გადარგოთ მცენარე.

 

 

როგორ გავამრავლოთ კამელია:

კამელია მრავლდება ორი გზით: დათესვით და დაკალმებით

დათესვით გამრავლებული მცენარე დედა მცენარისგან განსხვავებულია. უნდა დავთესოთ ერთჯერად კონტეინერებში და მოვათავსოთ თბილ და ნათელ ადგილას. როცა ნათესი ამოიზრდება და ექნება 2-3 ფოთოლი უნდა გადავრგათ მოზრდილ ქოთანში. 

კალმით გამრავლების შემთხვევაში მცენარე სრულიად ინარჩუნებს დედა მცენარის თვისებებს. კალმით გასამრავლებლად იდეალური პერიოდია ივლისი ან იანვარი. კალამი უნდა იყოს 7-8 სანტიმეტრის, გაუხევებელი. თუ კალამს სტიმულატორში ამოავლებთ, უკეთ დაფესვიანდება. უნდა ჩაირგას ტორფნარევ ქვიშაში და მოვათავსოთ თბილ 20-22 გრადუსზე და ნათელ ადგილას. ხშირად უნდა დაინამოს, ისე რომ არ მოხდეს მიწის გამოშრობა. დაფესვიანებას სჭირდება დაახლოებით ორი თვე. როცა კარგად დაფესვიანდება უნდა გადარგათ ქოთანში მისთვის განკუთვნილ სუბსტრატში. 

 

 ჰაერის სიმშრალის გამო კამელია შესაძლოა დაავადდეს. მისი ძირითადი დაავადებაა ტკიპა ან ცრუფარიანა. ამიტომ, ხშირად შეამოწმეთ ფოთლები, როგორც ზემოდან, ასევე ქვემოდანაც, რომ მავნებელი არ შეესიოს და თვეში ერთხელ შეასხურეთ კარატეს ერთპროცენტიანი ხსნარი.
თუ ფოთლები დასცვივდა, ეს იმის ნიშანია, რომ ის დაავადდა. ზოგადად, მას არ ახასიათებს ფოთოლცვენა. ოთახის პირობებში მცენარე დადგით აღმოსავლეთის მხარეს. ახლა ბინაში, კვირაში ორჯერ მორწყეთ, მაგრამ ეზოს პირობებში ყოველ საღამოს სჭირდება წყლის დასხმა, რადგან, შესაძლებელია, ძალიან მალევე გამოშრეს ნიადაგი.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4681 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 0
avatar