ქოთნის ია (სენპოლია)
12.12.2018, 13:33

ოთახის ია იგივე სემპოლია ყვავილდეკორატიული ბალახოვანი მცენარეა. იას სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკის მთიანი რეგიონებია. სელექციონერებმა უამრავი ჰიბრიდული ჯიში გამოიყვანეს, რომლებიც ერთმანეთისგან არა მხოლოდ ყვავილის ფერით, არამედ ფოთლებითაც განსხვავდებიან. 

ყვავილების ფორმის მიხედვით იებს რამოდენიმე ჯგუფად ყოფენ: კლასიკური, არშიანი, საკოლექციო, ამპელური, ფანტაზია, ხუჭუჭა, ქიმერია და სხვა. ყველაზე პოპულარულია ჭრელფოთოლა ია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყვავის, ყვავილობის დასრულებისას სულ ცოტა ხნით ისვენებს. იები განსხვავდებიან ყვავილის ზომითაც.

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

სენპოლიას უყვარს კარგად განათებული ადგილი, მაგრამ მცხუნვარე მზეს უნდა მოარიდოთ, რომ ფოთლები არ დაეწვას. ცუდად იტანს ტემპერატურის ცვლილებას. ია ზამთარში სიგრილეში უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე ზედმეტ სითბოში. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ გამათბობელთან ახლოს არ მოათავსოთ. ზომიერი მორწყვა უყვარს, ოღონდ მორწყვისას წყალი მცენარეს არ უნდა მოხვდეს, რადგან ბუსუსიან მცენარეზე წყალი დიდხანს რჩება და საბოლოოდ მის ლპობას იწვევს. ირწყვება ქოთნის ძირიდანაც, დასადგამზე დაასხით წყალი და ჩადგით მცენარე. 15 წუთის შემდეგ დარჩენილი წყალი გადაუწურეთ (ატ დაუტოვოთ). სენპოლიას არ უყვარს მშრალი ჰაერი, თუ ოთახში მშრალი ჰაერია, ტენიანობის ასამაღლებლად გვერძე დაუდგით წყლიანი ჭურჭელი. 

 

სასუქი:

კვება სჭირდება ორ კვირაში ერთხელ, მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები. 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი. მაღაზიებში იყიდება იებისთვის მზა გრუნტი ან თქვენ თვითონ უნდა შეაზავოთ. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ფოთლოვანი ტყის მიწა + წიწვოვანი მიწა + ტორფი+ ქვიშა + ვერმიკულიტი და თუ გაქვთ კარგია ქოქოსის სუბსტრატიც. 

 

 როდის და როგორ გადავრგათ:

სენპოლია მაშინ უნდა გადაირგას, როცა ფესვები ქოთანს გაავსებს. ია უნდა გადაირგას დაბალ და განიერ ქოთანში, რადგან ზედაპირული ფესვები აქვს. გადარგვისას ფესვიდან მიწა არ უნდა მოარიდოთ, უნდა გადაიტანოთ თავისივე მიწით. ქოთნის ძირში უნდა გაუკეთოთ კარგი დრენაჟი. 

 

 

როგორ გავამრავლოთ:

იის გამრავლება ადვილია, თუ სწორად დაიცავთ წესებს. იას ფრთხილად მოარიდეთ ჯამრთელი ფოთოლი და მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. პერიოდულად წყალი გამოუცვალეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დალპეს.

ფოთოლი ასევე შეგიძლიათ ქვიშანარევ მსუბუქ მიწაში ჩარგათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მუდმივად ნესტიანი ჰქონდეს. მორწყეთ ოდნავ თბილი წყლით. სასურველია ტემპერატურა იყოს 20-22 გრადუსი. დაახლოებით ერთ თვეში დაფესვიანდება და შვილს ამოიყვანს. როცა კარგად ამოიზრდება გადარგეთ ქოთანში. თუ რამოდენიმე შვილი ჰყავს, შეგიძლიათ დააცალკევოთ და ცალცალკე ჩარგოთ. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3452 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar