კამბრია (cambria)
12.08.2019, 18:29

მცენარე კამბრია ორქიდეათა ჯგუფს ეკუთვნის, ის ონციდიუმისა და მილტონიას ჰიბრიდს წარმოადგენს. ეს მცენარე ოთახისთვისაა შექმნილი და კარგად ეგუება სახლის პირობებს. 

კამბრიას ფსევდობულბები აქვს, თითოეულზე 2-3 ფოთოლი 50 სანტიმეტრიანი, მუქი ,მწვანე კარგად გამოყოფილი ცენტრალური ძარღვით. თითოეული ბოლქვი ერთხელ ყვავილობს, ამოაქვს ორი საყვავილე ღერო, დაყვავილების შემდეგ უნდა მოშორდეს. დაყვავილებული ფსევდობულბის მოშორების შემდეგ ახალი საყვავილე ღერო ამოაქვს.  ყვავილი აქვს საკმაოდ დიდი, დაახლოებით ათი სანტიმეტრის, უმეტესად არის წითელი ან ღია ფერის წინწკლებით. 

 

როგორი მოვლა სჭირდება:

კამბრიას მოსწონს მკვეთრი, გაბნეული განათება. კარგად გრძნობს თავს დასავლეთ ან აღმოსავლეთ ფანჯარაზე, სამხრეთის მხარეს კი შუადღისას ფარდის ჩამოფარება სჭირდება. ზამთარში სჭირდება დამატებითი განათეწბა, დაახლოებით 11-12 საათის განმავლობაში. 

არ უყვარს ზედმეტი მორწყვა, მორწყვებს შორის ნიადაგი ბოლომდე უნდა გამოშრეს. ირწყვება ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყლით. მორწყვისას ქოთანი უნდა ჩაიდგას წყლიან ჭურჭელში ნახევარი საათით, შემდეგ ამოდგით და დააცადეთ წყალი ბოლომდე დაიწკრიტოს. ამის შემდეგ დააბრუნეთ თავის ადგილას. 

ოპტიმალური ტემპერატურაა 22-25 გრადუსი, თუმცა მაღალ ტემპერატურაზეც თავს კარგად გრძნობს. კარგად ყვავილობს ოთახის პირობებში. მართალია მცენარეს არ სჭირდება მაღალი ტენიანობა, მაგრამ ახალი საყვავილე ღეროს ფორმირებისთვის კარგია პერიოდულად წყლის შესხურება. ასე მცენარე ადვილად გადაიტანს სიცხეს. 

სასუქი:

კამბრიას სჭირდება საკვები დანამატის მიწოდება მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე. უნდა მიაწოდოთ ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქი ორ კვირაში ერთხელ. სჯობს დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოუვიდეს. 

 

 

ნიადაგი და გადარგვა: 

კამბრია ცუდად ეგუება გადარგვას, ამიტომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაირგას, როცა ფესვები ვეღარ ეტევა ქოთანში. ნიადაგი უნდა იყოს შემდეგი შემადგენლობის: გვიმრის ფესვები + ფიჭვის ქერქი+ ტყის ხავსი + ხის ნახშირი. ამ შემადგენლობის სუბსტრატში უნდა გადაირგას. ახალ გადარგული მცენარე არ ირწყვება ერთი კვირა. 

 

როგორ მრავლდება:

მრავლდება ბუჩქის დაყოფით, დაგარგვისას ბულბები უნდა დააშოროთ ისე, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. მოჭრილ ადგილას უნდა დააყაროთ დაფხვნილი ნახშირი, ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ახალდარგული ბულბები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვს კარგად განვითარებული ფესვები, უნდა დაამაგროთ ჩხირებით, ზედმეტად რომ არ იმოძრაოს. დარგული მცენარე არ მორწყათ ერთი კვირა, ამ პერიოდში ფესვებს ივითარებს. 

 

დაავადებები:

მცენარეს დაავადებებიდან ემტერება ფარიანა, ბუგრი აბლაბუდას ტკიპა და სოკოვანი დაავადება. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მოაცილოთ დაავადებული ყვავილი და დაამუშავოთ სპეციალური ფუნგიციდებით. 

 

 

ქვემოთ ვიდეოშია ატვირთული კამბრიას მოვლა და გადარგვა:

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1972 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar