28.11.2018, 13:02 | |
შეუდარებელია ვარდი, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით. ვარდის ყვავილი, მისი სილამაზისა და სურნელის გამო უძველესი დროიდან სარგებლობდა სიყვარულითა და თაყვანისცემით. არც ერთ მცენარეს არ შეუსრულებია კულტურის ისტორიაში ისეთი დიდი როლი, როგორც ეს ვარდმა შეასრულა. ძნელია ჩამოითვალოს ვარდისადმი მიძღვნილი ხელოვნების შესანიშნავი ნაწარმოებები. ჯუჯა ვარდები მაქსიმუმ 30-40 სმ სიმაღლის იზრდება. ის მინიატურული მცენარეა, რომელიც სხვა ვარდების მსგავსად, ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და სამ პირობით ჯგუფადაა დაყოფილი: ჩაის-ჰიბრიდული, წვრილყვავილა და მინიატურული.
როგორ მოვუაროთ სწორად: სხვა ვარდების მსგავსად, ოთახის ვარდიც სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ყველაზე კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათავსებთ. ზაფხულში უმჯობესია, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ხოლო თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფანჯარაზე მოათავსეთ, ოღონდ შუადღის მწველი მზე თხელი ფარდით გაუფანტეთ. ჯუჯა ვარდს ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა სჭირდება, ზამთარში კი შედარებით გრილად 8 გრადუსზე გამოაზამთრეთ. ვარდების მორწყვა საჭიროა იმის მიხედვით, როგორ სწრაფად შრება მისი ნიადაგი. ეცადეთ რომ მიწა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს. შემოდგომიდან უნდა შეამციროთ მორწყვა გაზაფხულამდე, როგორც კი კვირტები წამოუვა მორწყვა უნდა გაახშიროთ. ვარდები ასევე კარგად რეაგირებენ ფოთლებზე წყლის მისხურებაზე. ამას აკეთებენ საღამოს, ანადუღარი, გაციებული წყლით. ხოლო კვირაში ერთხელ თბილი შხაპი მოუწყვეთ. როცა შეიძენთ და სახლში მიიტანთ არ იჩქაროთ მისი გადარგვა, ჯერ უნდა შეეჩვიოს გარემოს.
ნიადაგი:
ჯუჯა ვარდებს ფხვიერი, ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი ნიადაგი სჭირდება. უნდა გადაურიოთ ერთმანეთში: კორდის მიწა, ტორფი, ცოტა მინერალური სასუქი, ქვიშა და ცოტა პერლიტი. ნურც კარგი დრენაჟი დაგავიწყდებათ, ამისთვის მცენარეს ქოთნის ძირში კერამზიტის ნატეხები ან მსხვილი კენჭები ჩაუყარეთ.
როდის და როგორ გადავრგათ: ჯუჯა ვარდი წელიწადში ერთხელ, გაზაფხულობით უნდა გადარგოთ. სასურველია სავსე მთვარის პერიოდში. გადარგვისას ეცადეთ, მცენარეს ფესვებიდან მიწა ბოლომდე არ მოაცილოთ. გადარგვის წინ მცენარე კარგად უნდა მოირწყას. მას უნდა მივცეთ წყლის შეწოვის საშუალება (20 წუთი). შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ ქოთნიდან და დავიქნიოთ რომ ზედმეტი მიწა დასცვივდეს. გადარგვის შემდეგ ყველა მხრიდან მოაყრეთ მიწა. ამ დროს მცენარის მორწყვა საჭირო არაა. შეგვიძლია წყალი მივასხუროთ ფოთლებზე და დავდგათ ჩრდილში ან სამხრეთ ფანჯარასთან. სასუქი: გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ უნდა დაიწყოთ სასუქის მიცემა. ჩვეულებრივ სასუქი შეაქვთ ორ კვირაში ერთხელ, რწყავენ მინერალური სასუქის ხსნარით, ან ფოთლებზე ასხურებენ სპეციალური სასუქის სუსტ ხსნარს. არ შეიძლება ახალგადარგული ან დაავადებული მცენარისთვის სასუქის მიწოდება. ამ პროცედურას ატარებენ საღამოს, მორწყვის შემდეგ, მაგრამ ცივ, წვიმიან ამინდში ვარდის სასუქით მომარაგება რეკომენდირებული არაა.
სხვა ვარდების მსგავსად, ოთახის ვარდსაც ეწყება მოსვენების პერიოდი ფოთლები უყვითლდება და სცვივა. ამ დროს მცენარე შედარებით გრილ შენობაში უნდა გადაიტანოთ, სადაც ოპტიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება.
ვარდის გასხვლა: მცენარის ზამთრისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია მისი გასხვლა. მას ატარებენ მთვარის შევსების ფაზაში. თუ არ გავსხლავთ შემოდგომით, გაზაფხულზე ვარდი აყვავდება გვიან და ექნება ძალიან ცოტა ყვავილები. თუმცა თუ შემოდგომით ვერ მოვახერხეთ, ამის გაკეთება შესაძლებელია ადრე გაზაფხულზეც.
როგორ გავამრავლოთ: მოჭრილი ტოტები შეგვიძლია ვარდის გასამრავლებლად გამოვიყენოთ. ტოტი სასურველია იყოს 10-12 სმ სიგრძის და მასზე უნდა დატოვოთ 3-4 ფოთოლი.ტოტი შეგიძლიათ წყალშიც დააფესვიანოთ და ქვიშაშიც. ჩვეულებრივ მას გამოაქვს ფესვები ორი კვირის შემდეგ, თუმცა მისი გადარგვა უმჯობესია, როდესაც ფესვი კარგად განვითარდება. შემოდგომის ნერგები ყვავილობას იწყებან უკვე შემდეგ გაზაფხულზე. წყალში დაფესვიანებული მცენარე მოგვიანებით მიწაში გადარგეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ. ვარდი ხშირად ავადდება ნაცრით, რაც ჰაერის სიმშალის გამო შეიზლება გაუჩნდეს. პირველივე ნიშნის შემჩნევისას შეწამლეთ მცენარე ნაცრის საწინააღმდეგო ფუნგიციდით. ორი კვირის შემდეგ კი გაიმეორეთ პროცედურა. კვირტებს შეიძლება ბუგრი გაუჩნდეს, ამ დროსაც ზომები მალევე უნდა მიიღოთ. გაზაფხულიდან როცა მცენარე კოკრების გამოტანას დაიწყებს აქტიურად დაიწყეთ მისი მორწყვა, ამ დროს მცენარე არ უნდა განიცდიდეს სინათლისა და ტენის ნაკლებობას. | |
| |
ნანახია: 11400 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |