22.06.2020, 11:20 | |
ეუჰარისი ანუ ამაზონის შროშანი ძალიან ლამაზი ბოლქვიანი და ლამაზად მოყვავილე სურნელოვანყვავილებიანი მცენარეა. მცენარე გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში, სადაც ის ბინადრობს ამაზონის დაბლობში. დეკორატიულობას ინარჩუნებს მთელი წელი. მისი სახელი ,,ეუჰარისი" მომხიბლავს ანუ ნატიფს ნიშნავს, სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის გამო: ,,ერთ კუნძულზე შემთხვევით ერთად აღმოჩნდნენ ტელემაქე - ოდისევსის შვილი, რომელიც მამას ეძებდა და ნიმფა კალიფსო თავისი ამალით, რომელთა შორისაც იყო მომხიბლავი გოგონა - ეუჰარისი, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ქალღმერთმა ათენამ ძალით წაიყვანა ბიჭი მამის საძებნელად და დააშორა ეუჰარისს. მიდიოდა ტელემაქე და თვალები და გული უკან რჩებოდა-ულამაზეს და უნაზეს შეყვარებულთან. ზუსტად ასეთი ყვავილია ეუჰარისიც... ეუჰარისი გამოირჩევა ოთახის ყვავილებს შორის ფოთლების სილამაზითა და სურნელოვანი ყვავილებით. საკმაოდ მაღალი და დიდი ფოთლები აქვს, ფართო, ოვალური, ბოლოში წამახული, მუქი მწვანე შეფერილობის და პრიალა. ყვავილებიც მაღალ საყვავილე ღეროზე ამოსდის, -70სმ სიგრძის, თეთრი ყვავილები ნარცისისას წააგავს, დიამეტრში 12 სმ-მდე. ძირითადად თეთრი, იშვიათად მოცისფრო ან კრემისფერი. ქმნიან ყვავილედს 8 -12 ყვავილით. ეუჰარისი უმეტესად ყვავის შემოდგომაზე, თუმცა შეუძლია მეორედაც იყვავილოს. მის სხვადასხვა ზომის ბოლქვს თუ ერთ ქოთანში ჩავრგავთ, სხვადასხვა დროს აყვავდბიან და ხანგრძლივ მოყვავილე მცენარე გვექნება. ერთი ყვავილი 8-10 დღე ყვავილობს, ყვავილედი ერთბაშად არ იშლება, ამიტომ საკმაიოდ ხანგრძლივად მოყვავილე გამოდის. თუ მცენარე დიდხანს არ ყვავის, მას მოსვენების პერიოდი არ აქვს, ან ქოთანია ძალიან განიერი. პრიალა მუქი მწვანე დიდი ფოთლები ზამთარში არ სცვივა, თუმცა მოსვენების პერიოდში შეიძლება 1-2 ფოთოლი დაკარგოს, ეს მისაღებია და ამ პერიოდის მერე მთელი ძალით იწყებს ახალი ფოთლების ამოყრას. ფოთოლი ამოდის დახვეული და მერე იშლება. დიდ ბოლქვებს ხშირად რამდენიმე საყვავილე ღერო ამოსდის.
მოვლა სახლის პირობებში: ეუჰარისი კარგად ხარობს სახლის პირობებში, კარგად განათებულ ადგილას. ვერ იტანს შუადღის მზის სხივებს. იდეალური ადგილია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯრის რაფა. ზაფხულობით კარგია თუ აივანზე გაიყვანთ, ოღონდ ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ, რომ არ ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები და წვიმა. აგრილებისთანავე შეიყვანეთ მცენარე ოთახში, არ უყვარს დაბალი ტემპერატურა. ზრდის პერიოდში მას ზომიერად რწყავენ, როგორც სხვა ბოლქვიანებს,ზედმეტი წყალი ალპობს ჯერ ფესვებს, მერე ბოლქვსაც. მორწყვათა შორის მიწა კარგად უნდა გაშრეს. იგი ყვავილობს როცა კარგადაა გაჭედილი დიდი და შვილი ბოლქვებით, ამიტომ მას გადარგვა იშვიათად სჭირდება, 3-4 წელიწადში ერთხელ. ეუჰარისი სითბოს მოყვარული მცენარეა, ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას, 7 გრადუსზე შესაძლოა დაყაროს ფოთლები და ბოლქვის ლპობა დაეწყოს. ვეგეტაციის პერიოდში სასურველია წყლის შესხურებაც, მაგრამ ყვავილობის პერიოდში წყლის შესხურებისას სიფრთხილე გმართებთ, წყალი არ უნდა მოხვდეს ყვავილებს. ეუჰარისის წარმატებული ყვავილობისთვის სასრურველია მოუწყოთ მოსვენების პერიოდი, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში. ეს უნდა მოხდეს ყვავოლობის დასხრულების შემდეგ. ამ პერიოდში მცენარეს უნდა შეუმციროთ მორწყვა და უნდა იმყოფებოდეს თითქმის მშრალ მდგომარეობაში.
სასუქი: სასუქის მიმართ მომთხოვნია. ბოლქვის გაღვივებიდან დაწყებული უნდა მიეწოდოს მინერალური და ორგანული სასუქები მონაცვლეობით, ორ კვირაში ერთხელ. ყვავილობის დასრულებისთანავე კვება უნდა შეწყვიტოთ.
ნიადაგი და გადარგვა: მცენარე ახალ ქოთანში უნდა გადაირგას 3 წელიწადში ერთხელ. ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რადგან მცენარე რთულად იტანს გადარგვას და ფესვებზე შეხებასაც კი. ფრთხილად უნდა გაუფხვიეროთ მიწა და ისე ამოიყვანოთ მცენარე. ფესვები ფრთხილად ჩამოურეცხეთ და მოარიდეთ შვილეული ბოლქვები. სასურველია ერთ ქოთანში 3-4 ბოლქვის ჩარგვა. ბოლქვები ირგვება 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე. მიწა კარგად უნდა დაუტკეპნოთ. გადარგვის მერე დგამენ გაბნეულ სინათლეზე, სითბოში დაახლოებით 10 დღე. ბოლქვებს თუ ფოთოლი არ აქვს,ისე უნდა ჩაირგას, რომ ყელი უჩანდეს,და რწყავენ ცოტ-ცოტა რაოდენობით, სანამ ფოთლები არ წამოუვა. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი. ქოთნის ძირში უნდა ჩაყაროთ დრენაჟი. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ფოთლოვანი ტყის მიწა + კორდის მიწა + ქვიშა + ტორფი + ბიოჰუმუსი. როგორ მრავლდება ეუჰარისი: მრავლდება შვილი ბოლქვებით, ბუჩქს ისე ყოფენ, რომ თითო მხარეს 4-5 შვილი მოხვდეს, მაშინ შეიძლება ახალგადარგული მცენარეც იმავე წელს აყვავდეს. ცალკე ჩარგული ბოლქვი არ იყვევილებს მანამდე, სანამ ფესვები ქოთანს არ გაავსებს.
დაავადებები: დაავადებებისადმი საკმაოდ მედეგია, თუმცა შეიძლება დაზიანდეს ტრიპსით, ფარიანათი, აბლაბუდა ტკიპებით. ფარიანა ყავისფერი წვრილი მწერებია, რომელიც ღეროსა და ფოთლებზე ჩნდება. მწერი მცენარის წვენით იკვებება. აღმოჩენისთანავე უნდა მიასხუროთ საპნიანი წყალი რამოდენიმეჯერ, ათ დღიანი ინტერვალით. ტრიფსი ჩნდება მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის დროს. მავნებელი ფოთლის ქვედა მხარეს დებს კვერცხებს, ზემოთა მხრიდან კი ჩნდება თეთრი ლაქები. მცენარე უნდა შეიწამლოს ინსექტიციდით ( ფიტოვერმი, აქტელიკი ან ინტავირი). | |
| |
ნანახია: 3385 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |