ეპისციას მოვლა და გამრავლება სახლის პირობებში (Episcia)
20.10.2018, 21:27

    ეპისცია მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებულ გესნერისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და დაახლოებით 30-40 სახეობას აერთიანებს. მას ასევე ქართულად „იისფერ ალს“, „მცენარე-ქამელეონსა“ და „ფორთოხლისფერ აფრიკულ იას“ უძახიან.
ეპისციას სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, სადაც ტროპიკულ ტყეებში დაბალი ბალახების სახითაა წარმოდგენილი.
მცენარეს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს - მისი ჭრელი და ბარხატისებური ფოთლები თითქოს შუქს გამოსცემსო, ისე ანათებს. ამას ეპისციას ფოთლების ზოგიერთი ნაწილის შუქის არეკვლის უნარი განაპირობებს. ეპისციას ასევე სხვადასხვა ფერის ყვავილებიც აქვს.

 

მოვლა:

   ეპისციას ბევრი შუქი სჭირდება, მზის პირდაპირი სხივები ვნებს. ამიტომ მცენარე ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე, რომ შუადღის მცხუნვარე მზე არ ხვდებოდეს. ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 18-25 გრადუსია, რაც შესანიშნავად შეესაბამება ოთახის პირობებს.

 

მორწყვა:

    მოზრდილი ეპისცია ჰაერის ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ, ახალგაზრდა მცენარეს კი შედარებით მაღალი ტენიანობის პირობები უნდა შეუქმნათ. 
ბუსუსებიანი ფოთლების გამო, არ არის რეკომენდებული ეპისციასთვის ფოთლებზე წყლის შესხურება, ან შხაპის მოწყობა. მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში რეგულარულად, მაგრამ ზომიერად უნდა მოირწყას, ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე მიწის კარგად გამოშრობას უნდა დაელოდოთ. ქოთნის სადგამზე ჩამოღვრილი წყალი კი დაუყოვნებლივ უნდა გადაღვაროთ.

 

სასუქი:

  შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სასუქი ყვავილობის პერიოდში, თვეში 2-ჯერ, მოყვავილე დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქი.

 

გადარგვა:

ეპისცია ყოველწლიურად მხოლოდ გაზაფხულზე უნდა გადაირგოს. ქოთანი არცთუ ისე დიდი ზომის უნდა იყოს. ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟის მოწყობა აუცილებელია, ამისთვის კენჭების ან კერამზიტის ნატენების გამოყენება შეგიძლიათ.

 

 

ნიადაგი:

ნიადაგი ფხვიერი უნდა იყოს, მაგრამ არ სჭირდება ძალიან ნოყიერი მიწა. 
შეგიძლიათ, სპეციალურად იებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშისგან (3/2/1)

 

გამრავლება:

    ეპისცია შეგიძლიათ თესლით, ფოთლით ან ტოტით გაამრავლოთ.
   ეპისციას თესლით გამრავლება შედარებით რთულია, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ მცენარე ამ მეთოდით გაამრავლოთ, გაითვალისწინეთ, რომ ნათესს ზემოდან შუშის ქილა უნდა დააფაროთ, დროდადრო მიწა ოდნავ უნდა დაასველოთ და გაანიავოთ.
   შედარებით მარტივია მცენარის ტოტით გამრავლება, ამისთვის საჭიროა: განვითარებული ტოტი (3-4 ფოთლით) დედა მცენარეს ფრთხილად მოაშოროთ და დასაფესვიანებლად წყალში ჩადოთ. ასეთი წესით მცენარე ძალიან მოკლე დროში დაფესვიანდება.
   რაც შეეხება მცენარის ფოთლით გამრავლებას, ამისთვის: უნდა მოაჭრათ მცენარეს კარგად განვითარებული ფოთოლი და წყალში, ან მსუბუქ სუბსტრატში დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ ფოთოლს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის ბოთლი უნდა დააფაროთ. როგორც კი ფოთოლი კარგად დაფესვიანდება, შეგიძლიათ, ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

 

ეპისციას გამრავლება:

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1508 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar