ანთურიუმის სწორად მოვლა (Anthurium)
23.10.2018, 12:59

ანთურიუმი არალიასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონებია, სადაც მცენარის ათეულობით სახეობა იზრდება. არსებობს მცენარის გამოყვანილი ჯიშებიც. თუმცა, საოთახო დეკორაციაში ანთურიუმის მხოლოდ რამდენიმე სახეობა გამოიყენება.
ანთურიუმის სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება: ზოგიერთი სახეობა უფრო ტანმაღალია, ზოგი უფრო ფართოფოთლებიანი ან ღია ფერის ძარღვებით. ყვავილის ფერიც განსხვავებული აქვთ - ზოგის ყვავილი კაშკაშა წითელია, ზოგის - ვარდისფერი, თეთრი, სალათისფერი, მუქი შინდისფერი და სხვა. მართალია, ყველა მათგანი არ გამოირჩევა სურნელით, მაგრამ სამაგიეროდ ყველა სახეობას ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს, ყვავის თითქმის ყველა სეზონზე.

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

ანთურიუმი უნდა მოვათავსოთ კარგად განათებულ ადგილას, ოღონდ პირდაპირი მზის სხივი არ უნდა მოხვდეს. სინათლის ნაკლებობისას ფოთლები უპატარავდება, ღეროები კი უგრძელდება, მზისგან კი ეწვება ფოთლები. ანთურიუმი სითბოს მოყვარული მცენარეა, მისთვის სასურველი ტემპერატურაა 22-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში ტემპერატურა 16 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ორპირი არ მოსწონს.

ანთურიუმს ფოთლები დღეში ერთხელ სველი ღრუბლით გაუწმინდეთ. ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში ფოთლებზე წყლის შესხურებაც, ყვავილს წყალი არ უნდა მოხვდეს. დაყვავილებული ყვავილები უნდა მოვაჭრათ დროულად, რათა მცენარემ დრო და ენერგია არ დახარჯოს. 

 

 

როგორ მოვრწყათ სწორად:

ვეგეტაციის პერიოდში ირწყვება უხვად, ოღონდ მიწის ნახევარი უნდა გაშრეს. სჯობს ნაკლები მოგივიდეს წყალი, ვიდრე ზედმეტი, რადგან ფესვები ადვილად ლპება. დაუშვებელია წყლის დატოვება სადგამზე, ის მაშინვე უნდა გადავღვაროთ. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს ნადგამი და ოთახის ტემპერატურის. კარგია წვიმის წყლით მორწყა. 

 

სასუქი:

ანთურიუმი გაზაფხულ-ზაფხულში აუცილებელია გამოკვებოთ სხვადასხვა სასუქებით. გაითვალისწინეთ, რომ ანთურიუმი ცუდად რეაგირებს სასუქის ზედმეტ დოზაზე, ამიტომ ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და მცენარე 2 კვირაში ერთხელ, მინერალური სასუქისა და მიკროელემენტების მცირეოდენი დოზით გამოკვებეთ. სასუქი უნდა იყოს მითითებული დოზის ნახევარი. 

ანთურიუმისთვის კარგი სასუქია გადამწვარი ნაკელი ან ქათმის სკლინტი. 

 

 

 

როდის და როგორ გადავრგათ:

მისი გადარგვა ხდება გაზაფხულზე, ოღონდ ძალიან ნელა, რომ ფესვები არ დავაზიანოთ. უმჯობესია მცენარის ახალ ქოთანში გადაყვანა თავისივე კომით. ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ყოველწლიურად, ზრდასრულს კი სამ წელიწადში ერთხელ. გადარგვისას ქოთანი უნდა იყოს 2სმ-ით დიდი, დაუშვებელია ძალიან დიდ ქოთანში ჩარგვა. კარგია პლასმასის ქოთანი, კერამიკის ქოთანში მიწა ჰაერთან შედარებით გრილია, ეს კი უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე. 

 

როგორი ნიადაგი სჭირდება:

ანთურიუმი ეპიტიფი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშობლოში იგი ხეებზე, ტოტებს შორის შექმნილ ე.წ. ბუდეებში ცხოვრობს, სადაც ნიადაგს ხეებიდან ჩამოცვენილი ნაწილები ქმნიან. ამიტომ, ეს ფაქტი ქოთანში გამოზრდისას უნდა გავითვალისწინოთ და წყლის კარგი გამტარი, მსუბუქი და ნოყიერი ნიადაგი შეურჩიოთ. მისთვის სასურველი ნაზავი შემდეგნაირად უნდა დაამზადოთ: 1/3 ტორფს + ტყის მიწა + წიწვოვანი ხეების ქერქი + ხის ნახშირი + ქვიშა ან ცოტა დაფხვნილი აგური. ანთურიუმს მჟავე რეაქციის ნიადაგი სჭირდება, ეს მასალები კი ნიადაგის მჯავიანობას აამაღლებს. თუ მიწის ზემოდან ხავსსაც შემოუფენთ, ამით მცენარეს დამატებითი ფესვების გაზრდაშიც დაეხმარებით და ტენიანობასაც შეუნარჩუნებთ.

 

როგორ გავამრავლოთ:

გამრავლება ხდება გვერდითა ტოტით ან თესლით. თესლით გამრავლება საკმაოდ რთულია სახლის პირობებში. უფრო ადვილია მისი გამრავლება ტოტით, ამისათვის მცენარეს აცლიან გვერდითა ამონაყარს და ათავსებენ ქვიშაში ან პერლიტში დასაფესვიანებლად, შემდეგ უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ თბილ და ნატელ ადგილას. როცა დაფესვიანდება უნდა გადაიგას მისთვის განკუთვნილ ნაზავში. 

 

დაავადებები:

როცა მცენარე არ ყვავის ეს მავნებლების ბრალი, ან არასათანადო მოვლის ბრალია.

შეიძლება ფესვების ლპობა დაეწყოს ზედმეტი მორწყვისას, ასეთ შემთხვევაში მცენარეს ფოთლები უყვითლდება. სანამ მცენარე ბოლომდე გაფუჭდება უნდა ამოიღოთ მიწიდან და ახალ სუბსტრატში ჩარგოთ. უნდა შეამციროთ მორწყვის რეჟიმი.

თუ ფოთლის წვერები უშავდება: ეს კალციუმის სიჭარბის ბრალია. 

ჰაერის სიმშრალის გამო შეიძლება მავნებლებით დაავადდეს, ასეთ დროს უნდა გაუწმინდოთ ფოთლები საპნიანი წყლით, ერთი კვირის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. თუ ვერ შველით მაშინ ქიმიური პრეპარატებით შეწამლეთ. 

 

 

 

 

 

ანთურიუმის გადარგვის სხვადასხვა მეთოდები: 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 9015 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar