08.08.2019, 22:32 | |
მიუხედავად იმისა, რომ ადენიუმი ვარდი არ არის მას უდაბნოს ვარდს ეძახიან. ის ულამაზესი მცენარეა ლამაზად მზარდი კაუდექსით. ადენიუმს მოსწონს უდაბნოც, ტროპიკებიც და სახლის პირობებიც. ადენიუმები საქართველოში სულ 4-5 წელია გამოჩნდა და სუკულენტების მოყვარულთა შორის მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ადენიუმის ყველა ნაწილი შხამიანია, მასთან მუშაობისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები. ადენიუმების გამრავლება სახლის პირობებში საქართველოში სულ უფრო მოდური ხდება. მათი მოვლა დიდ ძალისხმებას არ მოითხოვს, ამიტომ ოთახის მცენარეების მოყვარულებს შორის მასზე მოთხოვნა გაიზარდა. ადენიუმი ყვავილების გარეშე და ყვავილობისას ძალიან ლამაზია და ეგზოტიკურად გამოიყურება. ყვავილის ფერთა გამა საკმაოდ ფართეა: ვარდისფერი, ალისფერი, ჟოლოსფერი, მუქი ღვინისფერი და თეთრი. არის როგორც ერთფეროვანი, ისე ჭრელი ჯიშები. ადენიუმის უნაზესი კაშკაშა ყვავილები მის მსუქან ღეროებზე მართლაც რომ ეგზოტიკურ ეფექტს ახდენს. საინტერესოა არა მარტო მათი მომხიბვლელი ყვავილები, არამედ „ბოთლისმაგვარი“ დაკრუნჩხული ღეროც, რომელსაც საკმაოდ ხშირად ბონსაიშიც ურევენ. ასეთი უცნაური ღერო და ვარჯი მებაღეთა ძალისხმევის შედეგია და ბევრად უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე ბონსაის შემთხვევაში. ადენიუმის კაუდექსის ფორმირება ძალიან საინტერესო პროცესია, შეგიძლიათ კაუდექსს მისცეთ სასურველი ფორმა. კულტურაში ძირითადად ზრდიან მსუქანა ადენიუმებს, ასევე პოპულარულია არაბული ადენიუმი.
განათება: ძალიან კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებს. მეტიც, კარგი განათება ამ მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. გაითვალისწინეთ ახალმოყვანილი მცენარე პირდაპირ მზეზე არ მოათავსოთ, ის თანდათან უნდა შეაჩვიოთ მზეს. აუცილებელია ადენიუმის პერიოდულად მოტრიალება განათებული მხარისკენ, რათა არ მოხდეს ღეროს გადახრა შუქისკენ.
ტემპერატურა და ტენიანობა: ადენიუმს აქტიური ზრდის პერიოდში გაზაფხულიდან შემოდგომამდე, საკმაოდ მაღალი ტემპერატურა სჭირდება. ამასთან ჰაერის ტენიანობა მნიშვნელოვანი არ არის. ადენიუმი შეგიძლიათ დანამოთ ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, მაგრამ ისე ფრთხილად, რომ წყალი ყვავილებს არ მოხვდეს. შემოდგომაზე, როცა დღე მცირდება, მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება. ზოგიერთ ადენიუმს ფოთლების ცვენა ეწყება. შესაძლოა სულ გასცვივდეს კიდეც. მოსვენების პერიოდში დაბალი ტემპერატურით უზრუნველყოფა აუცილებელი არ არის. თუმცა ადენიუმებს ზამთარში შეუძლიათ +10 გრადუსამდე ტემპერატურის დაცემა აიტანონ. ამ შემთხვევაში ჰაერის ტენიანობა დაბალი უნდა იყოს, რათა მცენარე არ დაავადდეს სოკოთი და არ დაიღუპოს.
მორწყვის რეჟიმი: გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როცა ცხელა და მცენარე აქტიურად იზრდება, მას უხვი მორწყვა სჭირდება. ზამთარში მორწყვის რეჟიმი მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა მიწა არ უნდა გამოშრეს. მაგრამ თუ ნაკლები განათება აქვს და დაბალ ტემპერატურაზე იმპოფება მიწა ბოლომდე უნდა გამოშრეს და შემდეგ მოირწყას, რათა ლპობა აიცილოთ თავიდან. მორწყვისთვის რბილი, ნადგომი წყალი უნდა გამოიყენოთ, რომელიც შეგიძლიათ მცირედ დაამჟავოთ.
ყვავილობა: ადენიუმი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ყვავის. აქვს მსხვილი, მრავლობითი ყვავილები, რომლებიც კვირაზე მეტს ძლებენ. გაზაფხულზე, როცა აქტიური ზრდა იწყება, უკეთესი განტოტვისთვის უმჯობესია ადენიუმი გაისხლას.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში და ყვავილობისას აუცილებლად უნდა მოაწოდოთ ორგანული და მინერალური სასუქები, რომელიც გამდიდრებული იქნება ფოსფორით, კალიუმით და აზოტით. ფოსფორ კალიუმიანი სასუქი ხელს უწყობს ყვავილობას და აძლიერებს მცენარეს. მიკრო სასუქი კარგია გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
ნიადაგი და გადარგვა: გადარგვა მცენარის ზომაში მატების მიხედვით ხდება, ხოლო ოთახის პირობებში, ზრდის საკმაოდ დიდი ტემპის გამო, ამის გაკეთება არც ისე იშვიათად მოგიწევთ: პატარები წელიწადში ერთხელ, მოზრდილებისა კი წელიწადში ორჯერ. სულ პატარა, თესლიდან ამოყვანილ ადენიუმებს კი პირველ წელს სამჯერაც კი მოუწევთ გადარგვა. ქოთნის ფართობი განაპირობებს მცენარის ზომას, ასე რომ, თუ ძალიან დიდი არ გინდათ გაიზარდოს თქვენი ადენიუმი, შეზღუდეთ ქოთნის ზომა. გაითვალისწინეთ ადენიუმი უნდა ჩაირგას აუცილკებლად დაბალ და განიერ ქოთანში. ასევე გაითვალისწინეტ ქოთნის ფერიც. იმის მიხედვით, რომ ადენიუმი ძირითადად მზეზე უნდა იდგას მუქი ფერის ქოთანი არ გამოდგება, რადგან ის ძალიან ცხელდება მზეზე და არ მოხდეს ფესვების გადახურება. თუ ყოველი გადარგვისას ადენიუმის კაუდექსის ქვედა ნაწილს ოდნავ ამოსწევთ მიწიდან, ძალიან მალე საოცარი ფორმის მცენარეს მიიღებთ. ადენიუმის ქოთანში აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟის ფენა და ამისთვის ყველაზე უკეთ მსხვილი კერამზიტი გამოგადგებათ. ადენიუმისთვის გრუნტის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. იგი წყლისა და ჰაერგამტარი უნდა იყოს, ოდნავ მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის. შეიძლება ყვავილებისთვის გამზადებულ გრუნტში ვერმიკულიტისა და პერლიტის დამატება ისე, რომ მათი რაოდენობა საერთო მასის 20%-ს არ აღემატებოდეს. ასევე კარგია დაფხვნილი აგურისა და ხის ნახშირის დამატება.
დაავადებები და მავნებლები: ადენიუმის ყველაზე დიდი მტერია ლპობა, რასაც იწვევს დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობისას განვითარებული ბაქტერიები. როგორ შევამჩნიოთ ეს დაავადება? ამ დროს ადენიუმის ტანი რბილდება, იცვლის ფერს, მუქდება, ხელის დაჭერისას იგრძნობა მისი სირბილე. შეიძლება კანიც გასკდეს და შავი სითხე გამოვიდეს. თუ ამ დროს ადენიუმს ამოვიღებთ მიწიდან, ფესვებზე აშკარად გამოვლინდება პრობლემა, ფესვები გაშავებული და დამპალი იქნება. თუ დროზე მიუსწრებთ, შეიძლება გადარჩეს: უნდა მოვაჭრათ დაზიანებული ნაწილები და გავაშროთ სითბოზე რამდენიმე საათით, შემდეგ თანდათან მივაჩვიოთ მიწას და სინესტეს. რაც შეეხება აბლაბუდისებრ ტკიპებს, ამ დაავადების დროს მცენარეს ფოთლები უყვითლდება, წებოვანი ხდება და სცვივა, ფოთლის ქვემოდან ჩნდება წინწკლები და ტოტებზე მცირე აბლაბუდები. ამ სიმპტომების შემჩნევისას მცენარეს აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ ინსეკტიციდებით. მიუხედავად ამ "მზაკვარი" პრობლემისა, გირჩევთ გაზარდოთ ადენიუმი და დატკბეთ მისი ბუთქუნა და უჩვეულო ფორმების მქონდე ტანით, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ლამაზდება.
| |
| |
ნანახია: 5534 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | |
სულ კომენტარები: 1 | |
| |