08.11.2018, 15:13 | |
აბუტილონი გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ეს არის მრავალწლოვანი ბუჩქოვანი მცენარე. დღესდღეობით გამოყვანილია მრავალი ჰიბრიდული ჯიში. სიმაღლეში იზრდება ნახევარი მეტრიდან სამ მეტრამდე. აბუტილონი ცნობილი მცენარეა, მისი ფოთოლი ძალიან ჰგავს ნეკერჩხლის ფოთოლს, მისი ყვავილი კი იაპონურ ფარანს. ეს მცენარე არ არის პრეტენზიული, ადვილია მისი მოვლა. აბუტილონი არის უხვად მოყვავილე მცენარე, ყვავილის ფერი თეთრიდან დაწყებული, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი მუქი წითლით დამთავრებული. ყვავილი არსებობს ზარისავით ჩამოკიდებული და ხუჭუჭა. ყვავილის გულში არის ყვითელი მტვერი, რომელიც პერიოდულად სცვივა.
როგორ მოვუაროთ სწორად: აბუტილონს მოსწონს მკვეთრი, გაბნეული სინათლე. მოსწონს დილის მზის სხივი, შუადღისას კი უნდა მოარიდოთ, რათა ფოთლები არ დაეწვას. ზაფხულში შეიძლება მცენარის აივანზე გატანაც. თუ ჩრდილში დიდხანს ამყოფებთ, მცენარე არ იყვავილებს. მცენარე ვერ უძლებს ყინვას, ამიტომ შემოდგომის ბოლოს უნდა შეიყვანოთ სახლში და გრილ ოთახში გამოაზამთროთ. ამ პერიოდში მორწყვის რეჟიმი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. ზამთარში მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 15 გრადუსია. მცენარე უხვად ყვავილობს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. შესაფერისი პირობებით გამოზამთრების შემთხვევაში მცენარე შეიძლება იანვარშიც აყვავდეს.
მორწყვის რეჟიმი: აბუტილონს უყვარს ზომიერი მორწყვა, ვერ იტანს ნიადაგის ბოლომდე გამოშრობას. მორწყეთ მაშინვე როცა მიწის ზედაპირი გაშრება. მცენარეს ისედაც შეატყობთ როცა წყალი აკლია, ფოთლები ჩამოეკიდება დაბლა. ზაფხულში თითქმის ყოველდღე რწყავენ, ზამთარში-იშვიათად. თუ ზედმეტი მოგივიდათ მორწყვა, ფოთლებს დაყრის. არარეგულარული მორწყვის დროს, როდესაც მცენარეს სრულად უშრება ნიადაგი, აბუტილონი ღებულობს სტრესს, ასეთ დროს მცენარემ შეიძლება დაყაროს ფოთლები. მცენარეს ასევე ძალიან მოსწონს ფოთლებზე წყლის შესხურება დილის და საღამოს საათებში. ასევე ცხელ ზაფხულში შეგიძლიათ თბილი შხაპიც მოუწყოთ.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში სასუქი სჭირდება 10 დღეში ერთხელ. სასუქი კარგია ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები, რაც ხელს შეუწყობს მის უხვ ყვავილობას.
როდის და როგორ გადავრგათ: აბუტილონი სწრაფად მზარდი მცენარეა და ყოველწელს სჭირდება გადარგვა.
როგორი ნიადაგი სჭირდება: ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ფოთლოვანი ტყის მიწა + პერლიტი + ქვიშა + ტორფი. აბუტილონს სჭირდება გასხვლა. ზამთრის ბოლოს უნდა მოეჭრას ტოტები, გაზაფხულიდან კი უფრო დაიტოტება და ყვავილობაც უხვი ექნება.
როგორ გავამრავლოთ: გასხვლისას მოჭრილი ტოტები ჩაალაგეთ წყალში, ან ჩარგეთ ტორფში და დაასათბურეთ. პერიოდულად უნდა გაანიაოთ და დანამოთ მიწა. პატარა მცენარეს თუ კარგად მოუვლით 2-3 თვეში იყვავილებს კიდეც. ასევე შეგიძლიათ თესლითაც გაამრავლოთ: წინასწარ უნდა ჩაალბოთ თესლი სტიმულატორში და დაასათბუროთ. დადგით ნათელ ადგილას. ნათესი ამოდის 2-3 კვირაში. სრული სამი ფოთლის ამოსვლის შემდეგ უნდა გადაირგას ცალ-ცალკე.
| |
| |
ნანახია: 1719 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |