03.02.2020, 18:42 | |
დრაცენა ოთახის მცენარეებს შორის ძალიან პოპულარული მცენარეა. ეს ეგზოტიკური მცენარე ნებისმიერ ინტერიერს უხდება. ეს მცენარე პრაქტიკულად პრეტენზიული არ არის და ადვილად მოსავლელია, მაგრამ მასთან დაკავშირებით პრობლემებს მაინც ვაწყდებით, ეს ძირითადად არასწორი მოვლის შედეგია. დრაცენას საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ინფექციებით იშვიათად ავადდება, თუ ფოთლებზე ლაქები ჩნდება ეს დაავადების მანიშნებელია და საჭიროა მცენარის ფუნგიციდით შეწამლა. უფრო მეტად დრაცენას მოვლისას გვხვდება ფოთლის წვერების ხმობა, ეს რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ყველაზე დიდი მიზეზი დრაცენას ფოთლის წვერების ხმობის არის მშრალი ჰაერი. ბუნებრივ პირობებში მცენარე კარგად გრძნობს თავს თბილ და ტენიან პირობებში, ოთახის პირობებში კი ასეთი კლიმატი ხელოვნურად უნდა შევუქმნათ. განსაკუთრებით ძნელია ზამთრის პერიოდში, რადგან გამათბობლები ჰაერს ძალიან აშრობს და ამ პერიოდში აუცილებელია მცენარე დღეში მინიმუმ ორჯერ დანამოთ. შეგიძლიათ წყლით სასვე ჭურჭელი დაუდგათ მცენარეს გვერდით, ასე ხელს შეუწყობთ ჰაერის დატენიანებას. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მორწყვის რეჟიმს. ჭარბი ან ნაკლები მორწყვა ,მცენარეზე უარყოფითად მოქმედებს. ნაკლები ტენიანობა და მიწის ბოლომდე გამოშრობა იწვევს მცენარის გამოშრობას, რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარის მომავალზე. ხშირი მორწყვა კი იწვევს ნიადაგის დამჟავებას და ფესვების ლპობას. სასურველია მცენარე მოირწყას მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე. მოსარწყავად უნდა გამოიყენოთ რბილი ნადგამი წყალი. მცენარე შეიძლება დაავადდეს მავნებლებით, ეს ხდება მშრალი ჰაერის გამო. ამიტომ მცენარე რომ არ დაავადდეს სჭირდება რეგულარული დანამვა. მავნებლები ფოთლის ქვედა მხარეს იბუდებენ. რეგულარულად შეუმოწმეთ მცენარეს ფოთლის ქვემოთა მხარე, მავნებლის აღმოჩენისთანავე მიიღეთ ზომები. საწყის ეტაპზე შეგიძლიათ საპნიანი წყლით გაუწმინდოთ ფოთლები. ზოგი მეყვავილე ცდება და ზედმეტად აძლევს სასუქს, ასეთ შემთხვევაში მცენარე ჰკარგავს პირვანდელ იერსახეს და თანდათან ჭკნება. სასუქი უნდა მისცეთ აქტიური ზრდის პერიოდში, მარტიდან აგვისტომდე, უნდა მიაწოდოთ სასუქი ორ კვირაში ერთხელ. დაუშვებელია ზამთარში სასუქის მიცემა. უარყოფითად მოქმედებს არასწორად შერჩეული ნიადაგიც. ღარიბი ნიადაგი მცენარეს არ მოსწონს და ფოთლებზე მუქი ფერის ლაქები უჩნდება, შემდეგ კი დააფადებული ფოთლები იწყებს ცვენას. ასეთი სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა შეუცვალოთ ნიადაგი. ნიადაგის შემადგენლობა ასეთი უნდა იყოს: ფოთლოვანი მიწა + ნეშომპალა + ტორფი + ქვიშა. მცენარეს არ უნდა მოხვდეს პირდაპირი მზის სხივები, რადგან ფოთლები ადვილად დაეწვება. გაითვალისწინეთ: წლების შემდეგ დრაცენას ქვემოთა ფოთლები ბერდება და სცვივა, ამაში საშიში არაფერია. მთავარია ზემოთა ფოთლები არ გაუფუჭდეს. | |
| |
ნანახია: 2523 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |