27.02.2019, 12:14 | |
მცენარე ნიუკასებრთა ოჯახისაა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს რძეწვენს. 250-მდე სახეობაა გავრცელებული ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში. ფილოდენდრონი ერთ-ერთი საინტერესო მცენარეა ინტერიერის გასალამაზებლად, კარგად ეგუება ნახევრად განათებულ ადგილს.
მოვლა სახლის პირობებში: ფილოდენდრონის მრავალი სახეობა არსებობს და ყოველ მათგანს მინიმალური მოვლა სჭირდება. ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფოთლების ფერითა და ფორმით. მცენარეს საყრდენი სჭირდება, რადგან მის გარეშე ფილოდენდრონი ქოთნიდან გადმოეკიდება, ამიტომ მისი ტოტები ქოთანში ჩარჭობილ ხავსიან საყრდენს უნდა შემოახვიოთ. მცენარე შუადღის მზეს მოარიდეთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფოთლების სიჯანსაღისა და სიკაშკაშისთვის მას სინათლე არ უნდა მოაკლდეს. მცენარე კარგად იტანს როგორც მკვეთრ სინათლეს, ისე ნახევრად განათებულ ადგილს, მხოლოდ ასეთ დროს ცოტა ნელა იზრდება. მცენარისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 15 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში ის რეგულარულად მორწყეთ, რადგან მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. იმისთვის რომ, მას წყალი არ მოაკლდეს, ზაფხულში შეგიძლიათ თეფშის ძირზე დაუყაროთ კენჭები და წყალი მუდმივად ესხას. ფილოდენდრონი ზამთარში ზრდას ანელებს და ასეთ დროს ეცადეთ, იშვიათად მორწყათ. ზრდის პერიოდში მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ. თუ თქვენი მცენარე სიმაღლეში ძალიან გაიზარდა და დაბუჩქული უფრო მოგწონთ მოაჭერით მზარდი ტოტი, ასე მცენარე დაბლიდან ახალ ტოტებს წამოიღებს. გადანაჭერი კი შეგიძლიათ დააფესვიანოთ.
ნიადაგი და გადარგვა: ფილოდენდრონი სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ ყოველ წელს სჭირდება გადარგვა, ოღონდ ოდნავ დიდ ქოთანში. ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, მთავარია იყოს ფხვიერი, კარგია თუ ტენის შენარჩუნების მიზნით პერლიტსაც გაურევთ.
როგორ გავამრავლოთ: ფილოდენდრონი ადვილად მრავლდება კალმებით, ის ტოტებზე ივითარებს საჰაერო ფესვებს. გასამრავლებლად მოაჭერით კალამი, რომელსაც ექნება მინიმუმ ერთი საჰაერო ფესვი. კალამი შეგიძლიათ დააფესვიანოთ როგორც წყალში, ასევე ტორფნარევ ქვიშაში. შეგიძლიათ კალამი იქვე ჩაურგათ ქოთანში მცენარეს.
| |
| |
ნანახია: 2370 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |