29.10.2018, 16:20 | |
ფიკუსის სამშობლოა ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთი. ბუნებაში ფიკუსის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, თუმცა სახლის პირობებში მაგხელა არ იზრდება. ფოთლები მცენარეზე ერთმანეთის მონაცვლეობითაა განლაგებული, ფოთოლს აქვს მოგრძო ოდნავ წაწვეტებული ფორმა. არსებობს მწვანე, მუქი მწვანე(რომელსაც შავ პრინცს ეძახიან) და ჭრელი ფიკუსი. ახალი ფოთოლი გახვეულია მოწითალო ფერის თანაოთოლში , როცა ფოთოლი ბოლომდე გაიშლება თანაფოთოლი თვითონვე მოსძვრება, სახლის პირობებში ფიკუსი არ ყვავილობს. ფიკუსი ჰაერის კარგი გამწმენდია. იგი ისრუტავს უარყოფით ენერგიას და გარდაქმნის დადებითად, თუ თქევნ ირჩევთ მცენარეს კაბინეტისთვის, ყველაზე კარგი არჩევანია ფიკუსი. ის დაგეხმარებათ ყურადღების გამახვილებაში და მოგცემთ თქვენ თავში დარწმუნების საშვალებას.
მოვლა: ფიკუსს გაფანტული მკვეთრი სინათლე უყვარს, მაგრამ კარგად იტანს ნახევრად ჩრდილსაც. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჭრელ ფიკუსს უფრო მეტი სინათლე სჭირდება, ვიდრე მწვანეს. მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოვარიდოთ, რადგან შეიძლება ფოთლები დაეწვას. ზამთარში როცა სინათლე ნაკლებია უნდა დავუმატოთ ხელოვნური განათება, რომ მკვეთრი შეფერილობა არ დაკარგოს. ფიკუსს არ უყვარს ადგილის ცვლილება, ძნელად ეგუება ადგილის შეცვლას და ამის გამო შესაძლოა ფოთლები დაიცვინოს. მაგალითად ბენჟამენის ფიკუსი ისეთი მგრძნობიარეა, რომ ერთი ადგილიდან გვერძე გადადგმაც კი არ მოეწონოს, არათუ ოთახის შეცვლა. ბენჟამენის ფიკუსს პერიოდულად გასხვლაც სჭირდება, რათა სასურველი ფორმა მივცეთ. გასასხლავად კარგი პერიოდია მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. ზაფხულში სასურველი ტემპერატურაა მაქსიმუმ 25-30 გრადუსი, ხოლო ზამთარში მინიმუმ 15 გრადუსი. სასურველია ტემპერატურული რეჟიმი ყოველ სეზონზე შეინარჩუნოთ, რათა დიდხანს გაგახაროთ თქვენმა მცენარემ. ფიკუსს უყვარს უხვი და რეგულარული მორწყვა, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს, ხოლო ზამთარში ნაკლებად მორწყეთ, ძირითადად დაუნამეთ ფოთლები. მოსარწყავი წყალი აუცილებლად ნადგამი და ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ტენიანობა ფოთლების დანამვით უნდა აუმაღლოთ. დღეში ერთხელ საკმარისია, მხოლოდ ცხელ ზაფხულში რამოდენიმეჯერაც შეგიძლიათ. პერიოდულად სველი ჩვრით გაუწმინდეთ ფოთლები, თვეში ერთხელ კი თბილი შხაპით გაანებივრეთ. ეს გაახალისებს თქვენს მცენარეს. რადგან ფიკუსს სიცხე არ უყვარს ზამთარში არ დადგათ გამათბობელთან ახლოს.
მორწყვა: ფიკუსი ადვილად იტანს მსუბუქ გვალვას, ვიდრე ზედმეტ მორწყვას. ფიკუსი უნდა მოირწყას მაშინ, როცა ორი თითის სიღრმეზე გაშრება მიწა. თუ მცენარის მორწყვა ზედმეტი მოგვივიდა, ფოთლები გაუყვითლდება და დასცვივა.
სასუქი: აპრილიდან-ოქტომბრის ჩათვლით უნდა მივაშველოთ აზოტით მდიდარი სასუქები, ორ კვირაში ერთხელ.
გადარგვა: ფიკუსის გადარგვისათვის კარგი პერიოდი არის გაზაფხული, ან ზაფხულის დასაწყისი. ახალი ქოთანი 4-5 სმ მეტი უნდა იყოს წინა ქოთანზე. საჭიროა წინასწარ მოვამზადოთ შესაფერისი გრუნტი: ფოთლოვანი ტყის მიწა+ცოტა ტორფი+კორდის მიწა+ტორფი+ქვიშა. ქოთნის ძირში ჩავყაროთ დრენაჟი და შემდეგ გადავრგათ მცენარე. თუ მცენარე დიდია და ვერ ვახერხებთ ახალ ქოთანში გადატანას, მაშინ ყოველ წლიურად მიწის ზედაპირი გამოუცვალეთ.
ფიკუსი მრავლდება ძირითადად კალმებით, ამისათვის კარგი პერიოდია გაზაფხული, ამ დროს იწყებს მცენარე აქტიურ ზრდას. მცენარეს ზემოთ უნდა მოეჭრას 10-15 სმ კალამი ირიბად. შემდეგ მოაცალეთ ქვემოთა ფოთლები. კარგად გარეცხეთ მოჭრილი კალამი, სანამ რძისფერი სითხე არ შეწყვეტს გამოსვლას. ამის შემდეგ ჩარგეთ ფხვიერ მისთვის განკუთვნილ მიწაში და დროდადრო დანამეთ, ისე რომ ნესტი ჰქონდეს მუდმივად. მწვანე ფიკუსის დაფესვიანება უფრო ადვილია, ვიდრე ჭრელის. ფიკუსის თავის გადაჭრა იმისთვის სჭირდება, რომ გვერდითა ტოტები განუვითარდეს. თუ თავს არ გადავაჭრით მარტო სიმაღლეში გაიზრდება.
დაავადებები: ფიკუსი იშვიათად ავადდება მწერებით, აბლაბუდას ტკიპით ან ფარიანათი, ისიც იმ შემთხვევაში თუ რეგულარულად არ ვუნამავთ ფოთლებს, ამიტომ საჭიროა რეგულარული დანამვა და თვეში ერთხელ სველი ღრუბლით ფოთლების გაწმენდვა. თუ მაინც რამე შევამჩნიეთ ზომები მალევე უნდა მივიღოთ. ფოთლები გაუწმინდეთ საპნიანი წყლით, ხოლო 2 საათის შემდეგ ჩამობანეთ. პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2 კვირის შემდეგ. თუ ამ პროცედურამ არ უშველა ქიმიური პრეპარატი გამოიყენეთ.
| |
| |
ნანახია: 35414 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |