04.12.2018, 11:23 | |
მცენარის გვარი რძიანისებრთა ოჯახისაა. 700-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, იშვიათად სუბტროპიკებში. მისი შხამიანი თესლიდან იღებენ კროტონის ზეთს, რომელიც ძლიერი საფაღარათო საშუალებაა. აღიზიანებს კანს და ლორწოვან გარს. მცირე რაოდენობითაც კი (20 წვეთზე მეტი) მომწამლავია. სამშობლოში მცენარე კროტონი დაახლოებით 2-3 მეტრი სიმაღლის იზრდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ოთახის პირობებში, შეგვიძლია, სიმაღლეში 1მეტრს არ აჭარბებდეს. როგორ მოვუაროთ სწორად:
კროტონი საკმაოდ მგრძნობიარეა გარემოპირობების განათების, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილების მიმართ. მცენარეს თბილი და ნათელი ოთახი უყვარს, ვერ იტანს ორპირ ქარს. ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე შეიძლება ფოთლები მთლიანად ან ნაწილობრივ დასცვივდეს. ფოთლების ლამაზი ფერების შესანარჩუნებლად მზიანი ადგილია საჭირო, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს, პირდაპირი მზე არ უნდა მოხვდეს ფოთლებს, თორემ დაეწვება ფოთლები. მორწყვით უნდა მოირწყას მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა შეუშრება, ისე რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. ქოთნის ქვემოთ გამოსული წყალი სადგამზე არ დაუტოვოთ. გარდა ამისა,ჰაერის ზედმეტი სიმშრალისგან ახალნაზარდი ტოტები და ფოთლები უწვრილდება. ამიტომ მცენარეს პერიოდულად უნდა დაუნამოთ ფოთლები, თვეში ერთხელ კი თბილი შხაპითაც გაანებივრეთ. მისთვის სასურველი ტემპერატურაა 22 გრადუსი, ხოლო ზამთარში 18 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს.
სასუქი: სასუქი მცენარეს უნდა მივცეთ 10 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში მხოლოდ თვეში ერთხელ.
როდის და როგორ გადავრგათ: ახალგაზრდა კროტონს გადარგვა ყოველ წელს სჭირდება, ხოლო ზრდასრულს 3 წელიწადში ერთხელ. ამოიღეთ მცენარე ძველი ქოთნიდან, ფესვებიდან მიწის ნახევარი შემოაცალეთ და დაზიანებული ფესვები მოაცილეთ. ამის შემდეგ მცენარე შედარებით მოზრდილ ქოთანში გადარგეთ, მხოლოდ ისე, რომ ფესვის ყელი მიწის პირიდან იგივე დონეზე დარჩეს. ქოთანი უნდა იყოს წინაზე ოდნავ დიდი. ქოთნის ძირში ჩაუყარეთ დრენაჟი. ჩარგვისას მიწა ოდნავ მიუტკეპნეთ და მაშინვე მორწყეთ. ამის შემდეგ, რამდენიმე დღით ჩრდილში დადგით, რომ ახალ ქოთანს მიეჩვიოს.
როგორი ნიადაგი სჭირდება: მცენარისთვის სასურველი ნიადაგი ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს, რადგან მძიმე მიწას მცენარე ცუდად ეგუება. სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: ტორფის, ქვიშის, ფოთლოვანი მიწის და ცოტა პერლიტისგან.
როგორ გავამრავლოთ: მცენარე ტოტების წვეროს კალმებით მრავლდება. ამისათვის მცენარეს უნდა მოაჭრათ დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის ტოტი, იქიდან გამოსული რძე გადარეცხეთ გამდინარე წყალში, შემდეგ სტიმულატორით დაამუშავეთ და ჩარგეთ ნესტიან ტორფნარევ ქვიშაში. დადგით თბილ ადგილას და პერიოდულად მიწა დანამეთ ხოოლმე. როცა ფესვები კარგად გაეზრდება გადარგეთ ქოთანში და მოუარეთ ჩვეულებრივი წესით.
მცენარეს გასხვლა სჭირდება იმისთვის, რომ დაიბუჩქოს. თუ ტოტს მოაჭრით, ხელს შეუწყობს დამატებითი ტოტების განვითარებას. თუ შეატყობთ, რომ ფოთლის წვერები გაუყავისფრდა ეს ჰაერის სიმშრალის ბრალია. | |
| |
ნანახია: 2946 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |