30.11.2018, 11:21 | |
აუცილებლად უნდა ვიყოლიოთ სახლში ქლოროფიტუმი, რადგან ის ოთახში საგრძნობლად წმენდს ჰაერს ბაქტერიებისგან. თუ ქლოროფიტუმს დადგამთ სამზარეულოში, ის გაწმენდს ჰაერს და შეისრუტავს სუნსაც კი. ცნობილია რომ ქლოროფიტუმი შთანთქავს გაზის სუნს, აცეტონს, ამიაკს, ბენზოლს, აზოტს, მათ მაგიერ ფოტონოციდებს გამოყოფს, რაც ბაქტერიებს ანადგურებს. ქლოროფიტუმი შეუცვლელი მცენარეა ისეთი ოჯახისთვის, ვისაც ფილტვების დაავადება და ალერგია აწუხებთ. კარგია ასევე მისი დადგმა ბავშვების ოთახში ან საძინებელში.
როგორ მოვუაროთ სწორად: მცენარე ქლოროფიტუმი ადვილი მოსავლელია. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმს მიწა მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს. სასურველი ოთახის ტემპერატურაა18-24 გრადუსი, ზამთარში კი – მინიმუმ 8 გრადუსი. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად მცენარე დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ, მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. იმისათვის, რომ მცენარეს ფოთლის ბოლოები არ გაუყავისფრდეს, ტენი სჭირდება, ამიტომ ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, ფოთლები დღეში რამდენჯერმე დაუნამეთ და პერიოდულად თბილი წყლით ფრთხილად დაბანეთ. მომჭკნარი და გაყავისფრებული ბოლოები მოაჭერით. ზამთარში, როგორც მცენარეთა უმეტრესობას, მასაც დასვენების პერიოდი აქვს, ამიტომ მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ.
ქლოროფიტუმს პერიოდულად სასუქიც უნდა მივაშველოთ. ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ თხევადი ბალანსირებული სასუქით, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება.
როგორ გავამრავლოთ: მცენარეს ძირიდან უვითარდება ღერო, სადაც იკეთებს პატარა შვილიკოებს, ლამაზად გადმოკიდებული ღეროები მცენარეს კიდევ უფრო ალამაზებს. თუ მცენარის გამრავლება გსურთ, ფრთხილად მოაჭერით შვილიკო, რომელსაც უკვე გამოტანილი ექნება ფესვები და ჩარგეთ სხვა ქოთანში.
| |
| |
ნანახია: 3329 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |