12.02.2019, 12:03 | |
კალადიუმი მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, ზოგჯერ მას სპილოს ყურსაც ეძახიან. კალადიუმის მთელი დეკორატიულობა გულის ფორმის, სხვადასხვა ფერის ლაქებით აჭრელებულ ფოთლებშია, რომლებიც შეიძლება იყოს: თეთრ-მწვანე, ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, იასამნისფერი, მომწვანო, წითელი და სხვა სხვადასხვა ფორმის ხაზებით. კალადიუმის ფოთლებში, ლურჯისა და ცისფერის გარდა, აბსოლუტურად ყველა ფერს შეხვდებით. რაც შეეხება კალადიუმის ყვავილებს, ფოთლებთან შედარებით უსახური და წვრილია, აქვს ბუტკოს ფორმა და მომწვანო-მოთეთრო გარსითაა დაფარული.
კალადიუმის მოვლა სახლის პირობებში: გაზაფხულიდან, როცა მცენარე ზრდას იწყებს მიწა მუდმივად ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ოღონდ არა სველი, რათა ფესვები არ დაულპეს. მისი დიდი ფოთლები ბევრ წყალს ისრუტავს და ნიადაგიც მალე შრება. ოქტომბრიდან, როცა მცენარე ფოთლების ხმობას დაიწყებს მორწყვა უნდა შემცირდეს. ზამთარში თითქმის არ უნდა მოირწყას. მცენარე თუ სახლში გყავთ მხოლოდ მიწის ზედაპირი უნდა დაუნამოთ. შეგიძლიათ, კალადიუმის ბოლქვი მოსვენების პერიოდში ქოთანში დატოვოთ ან ამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ქვიშაში შეინახოთ. კალადიუმისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ სველი ჩვრით. წყალი კი არა უშუალოდ მცენარეზე, არამედ მის გარშემო მოასხურეთ, რადგან ფოთლებზე წყლის მოხვედრა მასზე ლაქების გაჩენას კალადიუმი სითბოს მოყვარული მცენარეა. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 20-250C-ია, ხოლო მოსვენების პერიოდში (როცა კალადიუმს ფოთლები დასცვივდება) ტემპერატურა 200C-ს არ უნდა ჩამოსცდეს.
რომელი სასუქი მივცეთ: მას შემდეგ, რაც კალადიუმი ზრდას დაასრულებს, კვირაში ერთხელ: აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი რომელიმე თხევადი მინერალური სასუქით გაანოყიერეთ. აგვისტოს დასაწყისიდან სასუქის მიცემა შეუწყვიტეთ რადგან მოსვენების პერიოდში გადადის.
როდის და როგორ გადავრგოთ: კალადიუმი ყოველ წელს, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე უნდა გადაირგას, სასურველია ეს მოხდეს მარტში. ამისთვის საკმარისია, ბოლქვი ძველი ქოთნიდან დიდი ზომის ქოთანში გადაიტანოთ, ქოთნის ფსკერზე კი მსხვილი კენჭებისგან ან აგურის ნატეხებისგან კარგი დრენაჟიც მოაწყოთ. თუ დიდი ფესურა აქვს უნდა დაიშალოს და პატარა ბოლქვები ცალკე ქოთანში ჩარგათ. ერთ ქოთანში საკმარისია ორი ბოლქვიც ჩარგვა. ჩარგული ბოლქვები უხვად არ უნდა მოირწყას, საკმარისია მიწის ზედა ფენის დანამვა.
კალადიუმის გამრავლება: კალადიუმი მარტივად მრავლდება პატარა „შვილეული“ ბოლქვებითა და „დედა ბოლქვის“ დაყოფით.
დაავადებები: კალადიუმი შესაძლოა, ობობის ტკიპით დაავადდეს. ეს მავნებელი, ძირითადად, მცენარის ბოლქვებსა და ფესვებს უჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გადარგვის წინ კალადიუმის ბოლქვი ფუნგაციდის ფხვნილით დაამუშაოთ. იმ შემთხვევაში, თუ მავნებლები ფოთლებზეც შენიშნეთ, აუცილებელია, მცენარე მთლიანად შეიწამლოს.
| |
| |
ნანახია: 1757 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |