27.02.2019, 00:08 | |
რამდენად ფანტასტიკურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მტაცებელი მცენარეები მართლა არსებობენ. ისინი იზრდებიან ისეთ ნიადაგზე, რომელიც სრულიად არანაყოფიერია, ამიტომ გამოიმუშავეს გადარჩენის უნიკალური სტრატეგია იკვებონ ცოცხალი ნადავლით. ერთ-ერთი ასეთი მტაცებელი მცენარე გახლავთ დიონეა, ანუ ვენერას ბუზიჭამია. დიონეა მრავალწლიანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარეა. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარე ბეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5—10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება. ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე, აზოტის, ფოსფირისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს. ამ ადგილებში ნიადაგი იმდენად უნაყოფოა, მცენარე ფესვებიდანაც კი ვერ იღებს სასიცოცხლო ნივთიერებებს, ამიტომ ამ ნაკლებობას მცენარე მწერების ხარჯზე ინაზღაურებს, რომელსაც სპეციალური დამჭერი ორგანოებით მეტამორფოზული ფოთლებით იჭერს. დიონეას ფოთლები გამოიმუშავებს და გამოყოფს სასიამოვნო სურნელის მქონე ნექტარს, რომელიც „მსხვერპლს“ იზიდავს და თავის მახეში ახვევს. როგორც კი სურნელით გაბრუებული მწერი მცენარის ფოთოლს შეეხება, ფოთოლი იკეცება, მწერს შიგ იმწყვდევს და ინელებს.
მოვლა: დიონეა ბუზიჭამია უპირატესობას კარგ განათებას ანიჭებს, ამიტომ მას ყველაზე მეტად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრები მიესადაგება. შეგიძლიათ, მცენარე სამხრეთის ფანჯარასთანაც მოათავსოთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ზაფხულობით შუადღის მწველი მზისგან თხელი ფარდით მოჩრდილება დასჭირდება. ზამთარში კარგი იქნება, დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ. მცენარეს არ მოსწონს ჩახუთული ჰაერი, ამიტომ ხშირად უნდა გაუნიავოთ ოთახი, ჩახუთულ ჰაერს ვერ ეგუება და კვდება. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ გაიყვანოთ მცენარე, ოღონდ მოერიდეთ ხშირად ადგილის შეცვლას ვერ ეგუება. მორწყვის რეჟიმი: დიონეა ჭაობის მცენარეა, ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს. აჯობებს მცენარე ქოთნის სადგამიდან მორწყათ. წყლის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, უნდა მოირწყას ნადგამი წყლით ან გადადუღებული წყლით. მცენარეს წვიმის წყალიც ვნებს, თუ გარეთ გეყოლებათ ყურადღება მიაქციეთ წვიმა არ მოხვდეს. ზაფხულობით შეგიძლიათ, სადგამზე წყალი მუდმივად გესხათ და დროდადრო გამოცვალოთ, ხოლო ზამთარში ზედმეტი წყალი სადგამზე არ დატოვოთ. მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-27 გრადუსი, ზამთარში კი მინიმუმ ხუთი გრადუსი. დიონეა ივითარებს ბოლქვებს, ამიტომ შესაძლოა მცენარე ზამთარში ჩახმეს, გაზაფხულიდან ისევ ამოვა.
სჭირდება თუ არა სასუქი: მცენარე ცოცხალი არსებებიდან იღებს საჭირო ნივთიერებებს. ცოცხალი არსებები აზოტის შემცველი დესერტია მცენარისთვის. როცა მცენარეს აზოტი და საკვები ნივთიერებები აკლია, ცდილობს დაიჭიროს ბუზები და კოღო. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვენერას ბუზიჭამიას თითოეული ფოთოლი, „მსხვერპლს“ მხოლოდ 3-5-ჯერ იჭერს, ამის შემდეგ კი შავდება და კვდება. მცენარე შეიარაღებულია სპეციალური ბეწვებით, რომელზე შეხებისას იხურება და იწყებს საკვების გადამამუშავებელი წვენის გამოყოფას, ამიტომ დაუშვებელია მცენარის მოტყუება სხვა საკვებით. ზამთარში მცენარე ისვენებს და არ იკვებება. ასევე არ იკვებება სტრესულ სიტუაციაში: თუ ახალი გადარგულია, ან ახალი მოყვანილი სახლში. თუ სინათლე აკლია მაშინაც არ იჭერს ნადავლს.
მოსვენების პერიოდი: შემოდგომიდან მცენარე მზადებას იწყებს დასაძინებლად, ამ პერიოდში ფოთლები უშავდება და უხმება. გამოუცდელები ხშირად პანიკაში ვარდებიან, ჰგონიათ რომ მცენარე საბოლოოდ მოკვდა. ასეთ დროს მცენარე უნდა მოათავსოთ გრილ ადგილას თებერვლამდე. არ უნდა მოირწყას, მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენა უნდა დაინამოს პერიოდულად. დიონეა თებერვლის ბოლოდან იწყებს გაღვიძებას, ამ პერიოდში ძალიან ნელა იზრდება.
ნიადაგი და გადარგვა: მცენარე ადრიან გაზაფხულზე უნდა გადარგოთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. მცენარეს აქვს გრძელი და სუსტი ფესვები და ეს უნდა გაითვალისწინოთ, რათა არ დაუზიანოთ. ქოთანი უნდა იყოს ღია ფერის, დაუშვებელია შავი ფერის ქოთანი, რადგან მცენარეს ფესვები მგრძნობიარეა და მუქი ფერის ქოთანში ფესვები ჩაეხარშება. ნიადაგი მჟავე შემადგენლობისა შეარჩიეთ და ცოტაოდენი სფაგნუმიც დაამატეთ. კარგი იქნება, სფაგნუმი მიწაზე ზემოდანაც მოაფინოთ. როგორ მრავლდება: ყველაზე ადვილია ბუჩქის დაყოფით გამრავლება, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამ წელიწადში ერთხელ. მცენარე ოჯახურ გარემოს ამჯობინებს, ხშირი დაყოფა ასუსტებს მცენარეს. დაყოფა ფრთხილად უნდა მოხდეს, რომ ნაკლები ტრამვა მიიღოს მცენარემ. ბასრი დანით ფრთხილად უნდა გაყოთ და შემდეგ დაფხვნილი ნახშირი მოაყაროთ. კალამი ან ბოლქვი მინისათბურში უნდა დააფესვიანოთ ისე, რომ ჰაერი არ ხვდებოდეს, პერიოდულად კი უნდა გაანიავოთ და დანამოთ.
| |
| |
ნანახია: 3548 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |