20.10.2018, 16:02 | |
აგლაონემა მალაიზიური წარმოშობის ბუჩქის მსგავსი, მოკლეღეროიანი მცენარეა. ეს მცენარე პირველად 1880 წელს აღმოაჩინეს და მის შემდეგ პოპულარულ მცენარედ ითვლება. აგლაონემას სამშობლოდ მიიჩნევა ინდოეთის ტროპიკული ტყეები. მცენარე იზრდება დაახლოებით 70 სმ სიმაღლის. საკმაოდ ნელა იზრდება. აგლაონემასა აქვს მოგრძო დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიგრძის ფოთლები, სადაც ცენტრალური ძარღვი კარგად არის გამოყოფილი. იშვიათად ყვავილობს. ზაფხულობით ამოაქვს ტარო ყვავილედი წვრილი ყვავილებით. ნაყოფი წითელი ფერის კენკრაა, რომელიც მწიფდება 6-7 თვის შემდეგ. მისი წვენი აღიზიანებს ლორწოვან გარსს და მასთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები. არსებობს აგლაონემას სხვადასხვა სახეობები. ყველა სახეობას თითქმის ერთნაირი მოვლის თავისებურება ახასიათებს, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ჭრელფოთლიანებს უფრო მეტი განათება სჭირდება, ვიდრე მწვანეს. მწვანეფოთლებიანი იზრდებიან ჩრდილში, ხოლო ჭრელფოთლოვანებს შედარებით ნათელი ადგილი მოსწონთ. რადგან ნელა იზრდება, ხშირად გადარგვას არ მოითხოვს.
მოვლა სახლის პირობებში: აგლაონემა არ მოითხოვს დიდ ყურადღებას, ხარობს ნებისმიერ განათებულ ადგილას, მხოლოდ ჭრელფოთლიანებს სჭირდებათ ოდნავ მეტი განათება. აგლაონემა ტროპიკული მცენარეა და მუდმივი ტენი სჭირდება. ამისათვის ფოთლები უნდა დაუნამოთ დღეში 1-2 ჯერ, ზაფხულში კი რადგან ჰაერში მშრალი ჰაერია უფრო ხშირად სჭირდება დატენიანება. კარგია თუ თვეში ერთხელ თბილ შხაპს მოუწყობთ, ეს გაახარებს და გაახალისებს თქვენს მცენარეს. ვერ იტანს ორპირს და მზის პირდაპირ სხივებს. ოპტიმალური ტემპერატურაა 16 გრადუსი ზამთარში, ხოლო ზაფხულში 20-25 გრადუსი. მორწყვა: ბუნებაში იგი უხვად ირწყვება წვიმისგან. ვეგეტაციის პერიოდში უხვად უნდა მოირწყას. შემოდგომა-ზამთარში უნდა შეამციროთ მორწყვა, მაგრამ მიწა ბოლომდე არ უნდა გამოშრეს.
სასუქი: ვეგეტაციის პერიოდში მარტიდან აგვისტოს ბოლომდე უნდა მიახმაროთ მინერალური და ორგანული სასუქები. სასუქი უნდა შეიტანოთ ორ კვირაში ერთხელ. შემოდგომიდან მცენარე ზრდას ანელებს და სასუქის მიცემის პერიოდი უნდა გაახანგრძლივოთ, ზამთარში კი თავი შეიკავოთ სასუქის მიწოდებისგან. ნიადაგი და გადარგვა: მცენარე ნელა იზრდება და ამიტომ გადარგვა 3-5 წელიწადში სჭირდება. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, რომ წყალს კარგად ატარებდეს. კარგია ფოთლოვანი მიწა+ქვიშა და ტორფი, ცოტა ხის ქერქსაც თუ დაუმატებთ მჟავიანობას აამაღლებთ. ძირში არ უნდა დაგავიწყდეთ დრენაჟი.
გამრავლება: მრავლდება სამი გზით: თესლით, კალმით და ამონაყრით. უფრო ადვილია მისი გამრავლება ამონაყრით. ამონაყრით გასამრავლებლად კარგი პერიოდია გაზაფხული, როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგყავთ. ამოიღეთ მიწიდან მცენარე და ფრთხილად გაყავით სასურველ ნაწილებად. გადაჭრილ ადგილას მოაყარეთ დაფხვნილი ნახშირი. კალმად შეიძლება გამოვიყენოთ დაბერებული ტოტიც, რომელიც შეგიძლიათ რამოდენიმე ადგილად გადაჭრათ, დაახლოებით 5 სმ სიგრძისად. მუდმივი ტენის დროს 2 კვირაში ფესვიანდება. დათესვა რთული პროცესია. ითესება თებერვალში ფხვიერ მიწაში და უნდა დასათბურება, რომელსაც პერიოდულად განიავება სჭირდება. დაავადებები: ხშირად ჰაერის სიმშრალის გამო ემართება ტკიპა, ბუგრი, ფარიანა, ამიტომ მუდმივად სჭირდება ყურადღების მიქცევა, თუ რომელიმეს აღმოაჩენთ დროულად უნდა მიიღოთ შესაფერისი ზომები. საწყის ეტაპზე შეგიძლიათ საპნიანი წყლით გაუწმინდოთ ფოთლები, ორი საათის შემდეგ კი ჩამოუბანეთ. ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა. თუ არ უშველა, მაშინ ფუნგიციდები გამოიყენეთ.
| |
| |
ნანახია: 3299 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |