19.09.2019, 13:26 | |
თუ ისეთ მცენარეს ეძებთ, რომელიც ნაკლებად განათებულ ადგილს კარგად ეგუება ადიანტუმი სწორედ ასეთი მცენარეა, მას მეორე ნაირად ვენერას თმასაც ეძახიან. ის გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და შესანიშნავად გრძნობს თავს ბნელ გარემოში. გვარში გავრცელებულია ორასამდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია დედამიწის სუბტროპიკულ რაიონებში: სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთში, აზიასა და ევროპის სუბტროპიკულ ზონებში. ადიანტუმი ყველაზე ლამაზი გვიმრაა მწვანეფრთისებრი ფოთლებით ღეროზე, ამიტომ მას შეარქვეს ვენერას თმა. სახეობების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან, ფოთლის შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს ღია მწვანე, მუქი მწვანე ან მოწითალი ფერის. ბუნებაში ძირითადად გავრცელებულია ტროპიკულ ადგილებში, სადაც ხშირად ნისლია და ტენიანი ჰავა. ვენერას თმა აუმჯობესებს ბავშვის ძილის ხარისხს, ამიტომ კარგია, თუ მას საწოლთან ახლოს დაუდგამთ.
მოვლა სახლის პირობებში: ადიანტუმი სინათლის მხრივ დიდად მომთხოვნი არ არის, მაგრამ არც მთლად ბნელ ადგილას გამოდგება. არ უნდა მოხვდეს პირდაპირი მზის სხივები, თორემ დაიწვება. არ არის პრეტენზიული მცენარე, მთავარია ორპირში არ ამყოფოთ. სასურველი ტემპერატურაა 30 გრადუსამდე, ზამთარში კი უფრო დაბალი დაახლოებით 15 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. ზამთარში მოარიდეთ გამათბობელს. მაღალი ტემპერატურისას, როცა ოთახში მისთვის შესაფერის ტემპერატურაზე მაღალი ტემპერატურაა, ადიანტუმს შეიძლება ფოთლები გაუყვითლდეს, ან ყავისფერი ლაქები გაუჩნდეს. ასეთ დროს ჰაერის ტენიანობა უნდა ასწიოთ: ხშირად დანამოთ მცენარე. თუ ფოთოლი ყვითლდეა ან ყავისფერდება, შეიძლება დაიჭმუჭნოს და დასცვივდეს კიდეც, ეს დაბალი ტემპერატურის ბრალი შეიძლება იყოს, ან ორპირში ამყოფეთ მცენარე.
მორწყვის რეჟიმი და ტენიანობა: ადიანტუმი ტენის მოყვარული მცენარეა, მიწა მუდმივად ნესტიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არც ზედმეტი მოგივიდეთ. მორწყეთ მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე. ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე ადიანტუმი საკმარისია, კვირაში 1-ხელ მორწყათ ისე, რომ მიწა ძალიანაც არ გამოუშრეს. დაბალი ტენიანობის პირობებში, სასურველია ადიანტუმს ჰაერის ტენიანობა ხელოვნურად აუმაღლოთ, დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის რბილი წყალი შეასხურეთ. ჰაერის სიმშრალის გამო შეიძლება დაავადდეს ცრუფარიანათი ან აბლაბუდას ტკიპით. ასეთ დროს უნდა შეასხუროთ საპნიანი წყალი, ათი დღის მერე კი გაიმეოროთ პროცედურა.
სასუქი: განსაკუთრებულ კვებას ეს მცენარე არ მოითხოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიწა იფიტება და საჭიროა სასუქის მიწოდება. აპრილიდან ოქტომბრამდე თვეში ერთხელ მიაწოდეთ კომპლექსური სასუქები, ოღონდ მითითებულზე განახევრებული დოზით.
ნიადაგი და გადარგვა: ადიანტუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადარგოთ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს. ახალი ქოთანი ძველზე ოდნავ ფართო უნდა იყოს, ძირში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა, რომ ფესვებში წყალი არ დაუგუბდეს. ნიადაგი უნდა იყოს ძალიან ფხვიერი, წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი. უნდა შეიცავდეს: ტორფს, ტყის მიწას, ქვიშას და ცოტა ვერმიკულიტს. შეგიძლიათ დაუმატოთ ფიჭვის ხის ქერქიც.
როგორ გავამრავლოთ ადიანტუმი: ადიანტუმი ანუ ვენერას თმა ძირითადად მრავლდება ძირის გაყოფით. გაზაფხულზე, როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგყავთ, მაშინ შეგიძლიათ გაყოთ ძირი სასურველ ნაწილებად.
| |
| |
ნანახია: 5212 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |