ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. ასი გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც. გავრცელებულია ტყიან ადგილებში, თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება ასევე, მდინარის ნაპირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც. კარგად ხარობს საქართველოში. ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ძახველის ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K. ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP, ამიტომ ხშირად გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის დროს. C ვიტამინის წყალობით, ძახველი საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ძახველის ნაყოფის ნახარში ეფექტურად ებრძვის ბრონქიტს, ანგინას, ტონზილიტსა და ფილტვების ანთებასაც კი.
ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს. 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მილილიტრი) ანადუღარი წყლით.
დალიეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაციების დროს. გამოიყენება, აგრეთვე, როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ასევე, გინეკოლოგიური პრობლემის დროს სისხლისდენის შემთხვევაში. ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას, როგორც ოფლმდენი საშუალება.
ეს კენკრა, პექტინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყალობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. ძახველის ნაყოფი ძალზე სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისთვის, როგორც ორგანიზმის მოსაძლიერებელი საშუალება. ძახველის ნაყოფი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
რეკომენდებულია ძახველი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. ვიტამინებისა და ქიმიური ელემენტების შემადგენლობა მცენარეში აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას და დეპრესიასაც კი კურნავს. ძახველის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ხმის აღმდგენი საშუალება. ხმის ჩახრინწვისა და დაკარგვის დროს ყვავილების ნახარშის მიღება ხმის დაბრუნებას უწყობს ხელს. ძახველის კენკრა გამოიყენება, როგორც სისხლის გამწმენდი და განმაახლებელი საშუალება და არეგულირებს გულის მუშაობას. მასში სისხლძარღვების ცხიმოვანი ნადებისგან გამწმენდი ნივთიერებები შედის, რის გამოც ათეროსკლეროზის დროსაც გამოიყენება. ამ მიზნით, საკმარისია, დღეში ცოცხალი კენკრის მხოლოდ ნახევარი ჭიქის ოდენობით მიღება.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ძახველის ქერქის ნაყენი, როგორც სედატური და ჰიპოტენზიური პრეპარატი, ნევრასტენიის, ისტერიის, ბნედის, ჰიპერტონიული დაავადებებისას გამოიყენება. ძახველს ავადმყოფს უნიშნავენ კოლიტის, გასტრიტის, თირკმლის, კანის დაავადებისას.
ეფექტურია ძახველისა და ცაცხვის ნაყენი გაციებისას. ამისათვის: ცაცხვის 1 წილს, დავუმატოთ 1 წილი ძახველის ნაყოფი, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5-10 წუთი, გავფილტროთ და დავლიოთ ცხელი, 1-2 ჭიქა ღამით.
გასათვალისწინებელია ძახველის უკუჩვენებები: ალერგიის საშიშროების გამო ეს მცენარე არ უნდა მიიღონ ორსულებმა, დაბალწნევიანებმა. ასევე, მათ, ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვს. ძახველს უნდა მოერიდონ ისინიც, ვისაც პოდაგრა აწუხებს. ამ მცენარეში შემავალი მჟავები სახსრების ჯანმრთელობაზე არცთუ კარგად მოქმედებს. ძახველის ყველა ჯიში სასარგებლო არაა და შეიძლება, საწამლავიც იყოს. მოერიდეთ წითლის გარდა, სხვა ფერის ძახველს, რადგან მომწამვლელია. მაგალითად, კავკასიაში იზრდება შავი ფერის ძახველი, რომელიც ძლიერ შხამიანია.
|