ზამბახი ( Iris)
23.07.2019, 10:08

Iris golden beauty hollandica

ზამბახი მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია. აქვს ხმლისებრი, იშვიათად ხაზური ფოთლები და დიდი, თეთრი, კაშკაშა იისფერი, ლურჯი ან ყვითელი ყვავილები, 3-წახნაგოვანი მრავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი.

ცნობილია 200-მდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 11 სახეობა გვხვდება. იზრდება მდელოზე, ველსა და ნახევრად უდაბნოში, ზოგი — ჭაობსა და ტენიან ადგილას. ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა.

ჩვენში განსაკუთრებით გამოირჩევა ქართული ზამბახი, რომელიც ქართლსა და აზერბაიჯანში ნახევრად უდაბნოებში იზრდება. ზამბახის ზოგი სახეობის ფესურას იის სუნი აქვს და მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ.

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე, მისი ყინვა და გვალვაგამძლეობა, გამრავლების სიადვილე, მინიმალური ღონისძიებების საჭიროება, რომელსაც მოითხოვს მცენარის კულტურაში შეტანა, მას ხდის ღირსეულ დეკორაციულ მცენარედ.

თუმცა, აღნიშნული სიადვილის მიუხედავად, ქართულ ზამბახს ძალზე სათუთი და თავისებური ბიოლოგია ახასიათებს. მოვლა-დამუშავების წესითაც საკმაოდ განსხვავდება ლურჯი ზამბახისგან.

ჩვენ გვინდა, ყვავილთმოყვარულებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქართულ ზამბახზე, რომელიც ბოლო პერიოდში უფრო გამოჩნდა ჩვენს ეზოებში, დასავლეთ საქართველოში. უმეტესად კი ის აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანშიც გვხვდება.

გასული საუკუნის დასაწყისში, მოსკოველი ბოტანიკოსი ჰოფმანი საქართველოს ესტუმრა. აქ მან უხვი ბოტანიკური მასალა მოიპოვა. თბილისის მიდამოებში მოგზაურობისას კი პირველად წააწყდა ქართულ ზამბახს. შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ დედამიწის ზურგზე ის სხვაგან არსად გვხვდება და მეცნიერთათვის ახალ სახეობად იქცა. ბოტანიკოსმა მას ქართული ზამბახის სახელწოდება მიანიჭა და მას შემდეგ ლიტერატურულ წყაროებში ასე დარჩა.

გამოარჩევენ ქართული ზამბახის ორ სახეობას:

პირველი სახეობის ზამბახი ყვავილის ძირში კვერცხისებრ-ლანცეტა ფორმის, ღეროზე შემოხვეული ორი თანაყვავილით გამოირჩევა. მარტივი ყვავილსაფარი გვირგვინისებრია, ექვსად გაყოფილი. აქედან სამი ქვევით არის დახრილი, გარეთა ფოთლებით, სამი კი ზევით არის აღმართული და ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ჰქვია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მომრგვალო-კვერცხისებრია, ცენტრში მსხვილი, მომრგვალო-კვერცხისებრი, მუქი ყავისფერ-ღვინისფერი, თითქმის მოშავო ხავერდოვანი ლაქა აქვს. ლაქის შემდეგ, ძირისკენ მუქი ყავისფერ-ღვინისფერი მოკლე ბეწვების ზოლი მოსდევს. საერთო ფონი ზოგჯერ მოცისფრო-თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო-თეთრი. 

მეორე სახეობა უფრო მწვანე ფოთლებით გამოირჩევა, ყვავილის სიდიდით და შედარებით დაგვიანებული ყვავილობით. ნასკვი ქვედაა, ისე, რომ ყვავილში მხოლოდ ბუტკოს სამად გაყოფილი სვეტის ნაკვთები ჩანს, რომელიც ქვევით არის დახრილი და მჭიდროდ ებჯინება ყვავილსაფრის ქვედა ფოთოლს. სვეტის ნაკვთები ზურგჩამოზნექილია, კიდეებს ზევით აშვერილი, ყავისფერ-ღვინისფერი, ძირში უფრო მუქი.

დღეისთვის ქართული ზამბახი დასავლეთ საქართველოშიც არის გავრცელებული. ბოლო ხანს განსაკუთრებით გამოჩნდა გურიაში. ყავისფერ-ღვინისფერი, მოშავო ხავერდოვნით დამთავრებული საოცარ სილამაზეს აფრქვევს. ის ადვილად მრავლდება, როგორც თესლით, ისე ფესურათი. უმეტესად ფესურით გამრავლებას ამჯობინებენ. დაყოფილი ფესურით მეორე გაზაფხულზე უკვე ყვავილობს, თესლით გამრავლებისას კი შვიდი წელი სჭირდება.

მცენარე გაზაფხულზე, აპრილ-მაისში ხანმოკლე ყვავილობით ხასიათდება, თუმცა, თუ სათანადო პირობებს შევუქმნით, მისი ყვავილობა შეიძლება წლის თითქმის ყოველ დროში მოხდეს.

ქართულ ზამბახს მეტად თავისებური ბიოლოგია ახასიათებს. ზრდასრული მცენარე ვეგეტაციას აგვისტო_ სექტემბერში იწყებს. ამ პერიოდიდან იგი უხვად იფოთლება და ახალ ამონაყარს იძლევა. ზამთრის მოახლოებისას და თვით სუსხიანი ზამთრის პერიოდშიც ფოთოლი არ უქრება და მწვანე რჩება. იტანს მინუს 15 გრადუს ყინვას. მოსვენების პერიოდი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მთავრდება და ხშირად ჯერ კიდევ თოვლის ქვეშ მყოფი ზამბახი კვლავ იწყებს ზრდას და პირველად ახალი ფოთლების განვითარებას იძლევა. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი, მას დავაკვირდეთ, შევუქმნათ სათანადო პირობები და წელიწადის ყოველ დროს გამოვიწვიოთ მისი ყვავილობა. ულამაზესი, იშვიათ ფერთა გამით გამორჩეული ქართული ზამბახი ყვავილობას აპრილის, ზოგჯერ მაისის პირველი რიცხვებიდან იწყებს. ყვავილის ხანგრძლივობა ერთი კვირაა, ხოლო ჯგუფად დარგული ერთ თვეს ყვავილობს.

საოჯახო გარემოში, გამწვანების საქმეში დეკორაციულ მებაღეობაში, შესაძლებელია უნიკალური ქართული ზამბახის ახლებურად და ყველა დროში გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უთვალავ, ზღაპრულ ყვავილთა სახეობებს ვხვდებით, ბაზარი გაჯერებულია და სავსე, ქართული ზამბახის ნიშა გამორჩეული და უალტერნატივოა. მთავარია, მივაღწიოთ ამ სახეობის წელიწადის ყველა დროში აყვავილებას, რის საშუალებასაც მცენარე თავად გვაძლევს.

 

ზამბახის მოვლა არ არის რთული. კარგად ეგუება ნებისმიერ ნიადაგს.

ზამბახს ძირითადად ამრავლებენ ფესურის დაყოფით. დაყოფა უნდა მოხდეს იანვარ-თებერვალში, როცა მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების პერიოდშია. ფრთხილად მოაცილეთ ერთმანეთს ფესურები და ჩარგეთ სასურვბელ ადგილას. ასე დარგული ზამბახი მეორე წლიდან გაგახარებთ ყვავილობით.

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3351 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
avatar