შროშანი (Lilium)
08.08.2019, 13:40

შროშანი მრავალწლოვანი ბოლქვიანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეა, შროშანისებრთა ოჯახისა. 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ liliumნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. აქედან საქართველოში 8 სახეობა იზრდება, უმეტესობა კავკასიის ენდემია. შროშანის ღერო ხშირფოთლიანია, სიმაღლით ერთ მეტრს აღწევს.  აქვს ფართო ლანცეტა ფოთლები, მტევნებად შეკრებილი ან უფრო იშვიათად მარტოული ყვავილები. ყვავილსაფრის ფოთლები გოგირდისფერია, შიგნითა მხრიდან მოფენილია მუქი მეწამული წინწკლებით.

დეკორატიული მიზნით აშენებენ ბაღებში, პარკებში. დიდი თეთრი, ყვითელი ან მონარინჯისფრო ყვავილები აქვთ, ბოლქვებზე ერთმანეთზე კრამიტივით მიწყობილი ქერქლები.

იზრდება მინდვრებზე, ტყისპირებზე, სუბალპურ მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში. გამოყვანილია შროშანის მრავალი დეკორატიული ჯიში. ვეგეტაციის პირველ წელს მცენარე, ჩვეულებრივ, არ ყვავილობს, მაგრამ იკეთებს მიწაში პატარა ბოლქვს, რომლის ზომა თანდათან იზრდება შემდეგ წლებში. მხოლოდ ბოლქვში მარაგების გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ, მცენარე იწყებს ყვავილობას და მას შემდეგ ყვავილობს ყოველ წელს.

შროშანი გაზაფხულის მომასწავებელია, ამიტომ წარმართულ ეპოქაში მას იმ ქალღმერთებს უკავშირებდნენ, რომლებიც წელიწადის ამ მშვენიერ დროს მფარველობდნენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც, როგორც ჩანს, ქრისტიანულად სახეცვლილი მითია, შროშანად ქცეულა წმინდა გიორგის
გველეშაპთან შერკინებისას მიწაზე დაცემული სისხლის წვეთები. მეორე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ანალოგიური მეტამორფოზა განუცდია ბერძენთა ნადირობის ქალღმერთის ოფლს, როდესაც არტემიდა მტერს თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა.
lilium
მრავალ ქვეყანაში შროშანს განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან. საფრანგეთში მას დღესასწაულიც კი, რომელიც ყოველი წლის მაისის პირველ კვირას იმართება. 1967 წელს კი შროშანი ფინეთის ეროვნულ სიმბოლოდ იქნა აღიარებული. ამ ყვავილის გამოსახულება ამშვენებს გერმანიის ქალაქ ვეილერის, ნორვეგიის ქალაქ ლუნერისა და შვედეთის ქალაქ მელერუდის გერბებს.

 

 

ბოლქვების დარგვა:

შროშანის ბოლქვები ირგვება შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. დარგვამდე კარგია თუ თავის დაზღვევის მიზნით ნახევარი საათით ღია ფერის მარგანცოვკაში ჩაალბობთ. დაბალი ჯიშის შროშანი ირგვება 10 სანტიმეტრის სიღრმეზე, დიდები კი 13-15 სანტიმეტრის სიღრმეზე. ბოლქვებს შორის დაშორება უნდა იყოს 20-25 სანტიმეტრი. დარგვამდე ნიადაგში უნდა გაერიოს მინერალური სასუქი, ტორფი, ქვიშა, რომ გამოვიდეს ფხვიერი ნიადაგი. დარგვის შემდეგ ბოლქვებს ზემოდან დააყარეთ ტორფი, ასე სითბოს და ნესტს კარგად ინარჩუნებს. 

შროშანს არ უყვარს მიწაში რომ წყალი გუბდება, ამიტომ ბოლქვების დარგვისას გაითვალისწინეთ ადგილი. ღია ფერის ყვავილიან მცენარეებს მოსწონთ კარგად განათებული და ქარისგან მოფარებული ადგილი, მუქი ფერის ყვავილიანები კი უფრო კარგად გრძნობენ თავს ჩრდილში. 

არ უყვარს ხშირი მორწყვა, ბევრი წყისგან შეიძლება სოკოვანი დაავადება გაუჩნდეს.

 

 

სასუქი:

შროშანს ზრდის დაწყებიდან ყვავილობამდე ათ დღეში ერთხელ სჭირდება სასუქი. შეიტანეთ კომპლექსური და აზოტიანი სასუქები მონაცვლეობით. ყვავილობისას კი კალიუმიანი სასუქი. ასევე კარგია ნაცარი მოაყაროთ ძირებში თვეში ერთხელ. 

 

 

მავნებლები:

მავნებლებიდან შროშანს ძალიან აზიანებს ხოჭო და მისი მატლები, ისინი ჭამენ ფოთლებს და საყვავილე კოკრებს. ხოჭო არის ერთი სანტიმეტრის სიგრძის და თვალით კარგად ჩანს, თუ რამოდენიმე აქვს შეგიძლიათ ხელითაც მოარიდოთ, ძლიერი შემოსევისას შეგიძლიათ შეწამლოთ პრეპარატებით, ოღონდ ფოთლებზე ტოვებს ნაკვალევს. 

შეიძლება მიწის ზედა ნაწილს გაუჩნდეს სოკო და ზედა ნაწილი გაუხმეს მცენარეს, ოღონდ ბოლქვები არ ზიანდება. დაავადების ნიშნებია ფოთლებზე ოვალური ფორმის ნაცრისფერი ლაქების გაჩენა, რომელიც თანდათან იზრდება. ფოთლები და ღეროები ყავისფერდება და შრება. მცენარე ამ დაავადებით ზედმეტი ტენიანი ნიადაგისგან ავადდება. 

ვირუსული დაავადება ხშირად ფარულად მიმდინარეობს, აღინიშნება ზრდის შეჩერება, მცენარის დაჩაგვრა. შროშანისთვის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა რგოლური ლაქები ფოთლებზე, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელს მცენარეზე. დეფორმაციას განიცდის ღერო, ყვავილი და აღარ იზრდება. 

ვირუსებთან განმკლავება საკმაოდ რთულია, ამიტომ როგორც ამ ნიშნებს შეამჩნევთ მცენარეს უმჯობესია სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან დაზიანებული ძირი, სანამ ყველგან გავრცელდება დაავადება. 

შროშანი ცოცხლობს 5-10 წელი, მაგალითად ჯუჯა შროშანი ვერ ცოცხლობს დიდხანს, ის მოითხოვს რეგულარულად განახლებას. გაახალგაზრდავება ან სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა ხდება დათესვით ან გადარგვით. ასევე საჭიროა ნიადაგის შეცვლაც. გაახალგაზრდავებული ბოლქვი მეორე წელსვე იყვავილებს და ასევე გაიჩენს შვილეულ ბოლქვებს. გამრავვლების შედეგად შროშანი უფრო კარგად იზრდება და ყვავილობს. 

ცხელი ამინდების დროს ნიადაგის გადახურება მცენარეზე უარყოფითად მოქმედებს, ასეთ დროს კარგია ზედაპირზე ნახერხის მოყრა. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2442 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 0
avatar