როგორ მოვუაროთ კანას (Canna)
20.12.2019, 13:33

კანას დაახლოებით 50-მდე სახეობა არსებობს, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში. კანა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია ბოლქვისებური ფესურებით. სწორად იზრდება სიმაღლეში, მაქსიმუმ მეტრანახევრამდე. ღეროები სწორმდგომია, დაუტოტავი. ფოთლები დიდია, ელიფსური ან ოვალურ- წაგრძელებული, წამახვილებული, 25-80 სმ სიგრძის და 10-30 სმ სიგანის, მწვანე, ზოლებიანი ან ალისფერ-ბრინჯაოსფერი.

ყვავილები სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა ფერის აქვს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, ან თეთრი, უსუნო, მსხვილი, ასიმეტრიული, მოკლე ყვავილსაჯდომზე, კენწერულ მტევან ან საგველა ყვავილედად შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია. თესლები მსხვილია, შეფერეილობით ღია ყავისფრიდან შავ-ყავისფრამდე.

ყვავილები მსხვილია, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი, ჭრელი, 12-15 სმ დიამეტრის, თავთავისებურ ყვავილედად შეკრებილი. ყვავილობა გრძელდება ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე. კანას უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა, გამორჩეულია ორიგინალური, ფოთლებიან-ყვავილებიანად ნაირფერი ჯიში, როცა ერთ საძირეზე ზოლებიანი მწვანე და იისფერი ფოთლების მქონე, რამდენიმე ფერის  ყვავილს იკეთებს, გეგონება, რომ ერთ ორმოში რამდენიმე ჯიშის ბოლქვია ჩარგული. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა, რომელიც თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და გარემოში საზეიმო განწყობას ამკვიდრებს.

 

 

როგორი მოვლა სჭირდება კანას:

კანას სჭირდება ნათელი, მზიანი, ცივი ქარებისაგან დაცული ადგილები. უყვარს ნოტიო ნიადაგი, ეცადეთ მიწა მუდმივად ნოტიო ჰქონდეს და არა სველი. საკვები ნივთიერებებით მდიდარი, ფხვიერი ნიადაგი. ვეგეტაციის პერიოდში მცენარეს ესაჭიროება უხვი მორწყვა და ნიადაგში სასუქების შეტანა. უხვი ყვავილობის უზრუნველსაყოფად ნიადაგში შეაქვთ გადამწვარი ნაკელი.

კანას დარგვისთვის კარგი პერიოდია მარტის ბოლო, როცა ცოტა გამოთბება. კანას ბოლქვი უნდა ჩაირგას 10-15 სმ სიღრმეზე და ერთმანეთისაგან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 30 სანტიმეტრით. ბოლქვის ჩარგვამდე უნდა დამუშავდეს ნიადაგი, წინასწარ უნდა აურიოთ მიწაში ნაკელი. 

ივნისიდან მცენარე იწყებს ყვავილობისთვის მზადებას და ამოაქვს საყვავილე ღეროები.

 

როგორ შევინახოთ კანას ბოლქვები:

ზამთარში კანის ფესურებს მშრალ სარდაფში, ან ცივ ორანჟერეაში 7—8° ტემპერატურაზე ინახავენ. ფესურების ფენას მსუბუქად აყრიან მიწას ან ქვიშას, შემდეგ აწყობენ კვლავ ფესურებს, კვლავ მიწას ან ქვიშას და ა.შ. დროდადრო ამოწმებენ, რომ დამპალი და დაზიანებული ბოლქვები მოაცილონ.

მარტში ფესურებს მიწას აცილებენ, აჭრიან ძველ ფესვებს და ყოფენ რამდენიმე ნაწილად. დაყოფილი ფესურები გასაღვიძებლად უნდა განთავსდეს თბილ ორანჟერეაში სტელაჟებზე და დროდადრო ფრთხილად დაეპკუროს წყალი, ოღონდ არა ისეთი ჭარბი რაოდენობით, რომ მათი ლპობა დაიწყოს.

 

 

როგორ მრავლდება:

მრავლდება ორი გზით: დათესვით და ძირის დაყოფით. თესლით გამრავლება რთული პროცესია, თანაც ამოსული მცენარე განსხვავებულია დედა მცენარისგან.

ძირის დაყოფით გამრავლებისას მცენარე სრულად ემგვანება დედა მცენარეს. ადრე გაზაფხულზე ერთი ძირი შეგიძლიათ რამოდენიმე ნაწილად გაყოთ და ცალ-ცალკე ჩარგათ.

 

 

კანას ცხელი ზაფხულის შემთხვევაში ფოთლებზე შეიძლება გაუჩნდეს ყავისფერი ლაქები. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4442 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar