29.06.2020, 16:59 | |
პიონი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს წითელი, ვარდისფერი ან იშვიათად მოყვითალო, მარტოული დიდი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. გვარში 40-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 10 სახეობა, რომელთაგანაც ორი კავკასიის, ხუთი კი საქართველოს ენდემია. სახეობათა უმრავლესობა მესამეული პერიოდის ფლორას ეკუთვნის. მრავალი მათგანი დღესაც ფართოფოთლოვან რელიქტურ ტყეებში გვხვდება. მეტად ლამაზი დეკორატიული მცენარეებია. მებაღეობაში უამრავი ჯიშია გამოყვანილი. ზოგ სახეობას ხალხი მედიცინაშიც იყენებს. კარგი მოვლის პირობებში მცენარე ოცი წლის განმავლობაში გაგახარებთ.
სად დავრგათ და როგორ მოვუაროთ: პიონი სინათლის მოყვარული მცენარეა, მისთვის დასარგავად უნდა შეირჩეს მზიანი, ქარისგან დაცული ადგილი. მცენარე კარგად ეგუება ნახევარჩრდილსაც, მაგრამ ჩრდილში დარგვის შემთხვევაში ნელა იზრდება და ყვავილობაც მწირი ექნება. მცენარეს მოსწონს ნესტიანი ნიადაგი, სადაც მუდმივი ტენი ექნება. მის დარგვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს წინასწარ. მცენარისთვის შერჩეულ ადგილას უნდა შეიტანოთ ორგანული სასუქი, რაც გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. პიონს უყვარს მჟავე ნიადაგი, ამიტომ მისთვის სასურველი და ადვილად ასათვისებელი სასუქი კომპოსტია, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ბოსტნეულის ნარჩენებისგან და ფოთლებისგან. მცენარის დასარგავად უნდა გავამზადოთ ორმო, ზომით 50-70-50 სმ. ასეთი ზომის ორმოში ფესვები მალე გაიზრდება და კარგად განვითარდება, პატარა ზომის ორმოში კი ფესვები მალე აჩერებს ზრდას და არც ყვავილობა იქნება უხვი. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 80 სანტიმეტრისა. პიონის დარგვისთვის კარგი პერიოდია აგვისტო, ასე მცენარე ზამთრამდე ასწრებს ახალ გარემოსთან შეგუებას. ბუჩქი რომელიც უნდა დაიშალოს, ამოაქვთ მიწიდან. ბუჩქი ფრთხილად უნდა დაიშალოს და დაიყოს. თუ პატარაა ნერგი და ჯერ არ იყოფა, მხოლოდ გადააქვთ ახალ ადგილას. ჩარგვის სიღრმეს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ზრდის წერტილის კვირტები ზემოდან უნდა დაიფაროს 3-5 სანტიმეტრის სიმაღლის მიწით. დარგვის შემდეგ კარგად უნდა დაიტკეპნოს მიწა და მოიწყას მცენარე. თუ ძალიან დაიწევს მიწა, უნდა დაამატოთ ზემოდან მსუბუქი სუბსტრატი. იმისათვის, რომ მცენარეს დიდი ყვავილები გაეზარდოს ზედმეტი კოკრები უნდა შეეცალოს. აცლიან გვერდითა ტოტებზე განვითარებულ კოკრებს. მცენარე ყვავილობას ასრულებს ივნისში. ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარეს უნდა დაუმოკლოთ ტოტები. ტოტები მიწიდან 5-7 სანტიმეტრის სიგრძის უნდა დარჩეს, დანარჩენი მოეჭრას. მოჭრილი ტოტები დროულად უნდა გაიტანოთ ნაკვეთიდან, რადგან მასში გროვდება სხვადსხვა მავნე ბაქტერია. დაყვავილებული ტოტები დროულად უნდა მოაჭრათ ( თუ რა თქმა უნდა თესლის აღება არ გსურთ).
სასუქი როდის მივაწოდოთ: პირველ რიგში მიწის გაფხვიერებაა პერიოდულად საჭირო. პირველი ორი წლის განმავლობაში ფესვები უვითარდება და კარგია თუ შარდოვანას მიაწვდით 10 დღის ინტერვალებით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ. მესამე წლიდან მცენარე ემზადება ყვავილობისთვის. ადრე გაზაფხულიდან - მარტიდან უნდა მიაწოდოთ ფოსფორით, კალიუმით და აზოტით მდიდარი სასუქი. სასუქი უნდა მოეყაროს მცენარის გარშემო, დაუშვებელია ფესვებთან ახლოს დაყრა, რომ ფესვები არ დაეწვას. როცა პირველ კვირტებს შეამჩნევთ, მეორეთ მაშინ მიაშველეთ იგივე შემცველობის სასუქი. როცა მცენარე 10-15 წლის გახდება მინერალური სასუქის მიწოდების დონე უნდა გავზარდოთ. კარგია ფრინველის სკლინტის ჟიჟა, უნდა დაემატოს ცოტა სუპერფოსფატი და დააჩეროთ 10 დღის განმავლობაში, სანამ ბოლომდე არ დადუღდება. შემდეგ უნდა დაემატოს ორი წილი წყალი და ისე მოირწყას მცენარე. 10-15 წლის შემდეგ მცენარეს ყვავილები უწვრილდება და ყვავილობაც ნაკლები აქვს. ეს აისახება ფესვების სიღრმეში ჩაზრდით, სადაც საკვები ნივთიერებები არაა. სრული ყვავილობის აღდგენა ამ ასაკშიც არის შესაძლებელი. პირველი კვების შემდეგ ბუჩქის გარშემო 4 დიდ ნახვრეტს აკეთებენ 40 სანტიმეტრის სიღრმისას. ნახვრეტებში ყრიან სასუქს ან თხევადს ასხამენ. მშრალი სასუქის ჩაყრისას ნახვრეტები კარგად უნდა მოირწყას, რომ სასუქის კრისტალები ბოლომდე გაიხსნას. ეს პროცესი სამჯერ უნდა გაიმეოროთ 10 დღიანი ინტერვალით და მცენარეს ძველებური ძალა დაუბრუნდება.
პიონის გამრავლება: პიონი მრავლდება ბუჩქის დაყოფით და დათესვით. ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარე ჯერ უნდა გავსხლათ, დავუმოკლოთ 5 სანტიმეტრამდე ტოტები, შემდეგ ამოვიღოთ ფრთხილად მიწიდან და გავყოთ სასურველ ნაწილებად. თითოეულ მოჭრილ ნაწილს უნდა დაეყაროს დაფხვნილი ხის ნახშირი. თუ რომელიმე ფესვი დაზიანებული ან დამპალი აქვს დაუყოვნებლივ უნდა მოეჭრას. თესლს თესავენ აგვისტოში, ღია გრუნტში. თესლი ამოსვლას დაიწყებს გაზაფხულიდან. მოვლა სწირდება როგორც ზრდასრულ მცენარეს. | |
| |
ნანახია: 7643 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |