პეტუნიას დათესვა და დარგვა
19.02.2021, 09:12

პეტუნია პოპულარული მცენარეა თითქმის მთელს მსოფლიოში. იგი პირველად ამერიკიდან მოხვდა ევროპაში და შემდეგ თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. გავრცელებულია პეტუნიის 14 სახეობა. ჩვენთან ძირითადად ჰიბრიდული ჯიშებია გავრცელებული. არსებობს ამპელური პეტუნია, ხუჭუჭა და უხვად მოყვავილე პეტუნიის ჯიში. ეფექტურია აივნებისა და ეზოს დიზაინის გასაფორმებლად. ფერებითაც მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს: თეთრი, წითელი, ვარდისფერი, იისფერი და სხვა.

პეტუნიებს აშენებენ აივნებზე, ტერასებზე, სადღესასწაულო გასაფორმებლად, ღია გრუნტში და სხვა

 

პეტუნიას დათესვა და მოვლა:

პეტუნია ითესება ადრე გაზაფხულზე, კერძოდ თებერვლის თვეში. ჩითილების გამოსაყვანად საჭიროა დაითესოს კონტეინერებში, რომელსაც თბილ ადგილას მოვათავსებთ.

თესლი უნდა დავთესოთ მიწის ზემოდან დაყრით. თესლს ზემოდან მიწა არ ეყრება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ ამოვიდეს. ითესება თხელ ფენად. დათესვის შემდეგ უნდა დაინამოს ფრთხილად და დავაფაროთ ცელოფანი ან გამჭვირვალე რაიმე, რომ სითბო და სინესტე შეინარჩუნოს. 

კონტეინერი უნდა იმყოფებოდეს ნათელ და თბილ +25 გრადუს ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში ნათესი დაახლოებით ორ კვირაში იწყებს ამოსვლას. პერიოდულად ნათესი უნდა განიავდეს და დაინამოს მიწის ზედაპირი. ჩითილების ამოსვლიდან თანდათან უნდა გავზარდოთ განიავების პერიოდი, რათა მცენარე შეეჩვიოს გარე პირობებს.

 

როდის და როგორ ადგილას გადავრგათ პეტუნია:

როცა ჩითილი კარგად ამოიზრდება და ღერო გაუმაგრდება და გაუმსხვილდება, საჭიროა ღია გრუნტში გადაყვანა. ამ პერიოდში ნათესს უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ ხუთი ფოთოლი. 

პეტუნია სინათლის და მზის მოყვარული მცენარეა. მისი გადარგვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს. ახალგადარგულ მცენარეს, სანამ ფესვები კარგად მოძლიერდება სასურველია ხშირი მორწყვა, ისე რომ ნიადაგი მუდმივად ნესტიანი ჰქონდეს, მაგრამ არა სველი. პეტუნია უნდა მოვრწყათ ფრთხილად, რათა ფოთლებზე არ მოხვდეს წყალი. 

 

პეტუნიას, ისევე როგორც სხვა მოყვავილე მცენარეებს სჭირდება სასუქი. მას უნდა მივაწოდოთ ათ დღეში ერთხელ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები.

პეტუნია სწრაფადმზარდი მცენარეა და მას სჭირდება ტოტების დამოკლება, რომ ლამაზი და კომპაქტური ბუჩქის ფორმა ჰქონდეს.

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5401 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar