19.02.2019, 10:51 | |
პეტუნია თითქმის ყველა ქვეყანაშია პოპულარული. იგი პირველად ამერიკიდან მოხვდა ევროპასი და შემდეგ თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. გავრცელებულია პეტუნიის 14 სახეობა. ჩვენთან ძირითადად ჰიბრიდული ჯიშებია გავრცელებული. არსებობს ამპელური პეტუნია, ხუჭუჭა და უხვად მოყვავილე პეტუნიის ჯიში. ეფექტურია აივნებისა და ეზოს დიზაინის გასაფორმებლად. ფერებითაც მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს: თეთრი, წითელი, ვარდისფერი, იისფერი და სხვა.
როგორ მოვუაროთ პეტუნიას: პეტუნიას მოვლა არ არის რთული, მთავარია ვიცოდეთ როგორი პირობები უყვარს. პეტუნიას უყვარს ნათელი ადგილი, კარგია მზის სხივიც მოხვდეს, მხოლოდ შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ. პეტუნია შეგიძლიათ იყოლიოთ აივანზე, ეზოში ან სახლში, ფანჯრის რაფაზე. ზაფხულში მცენარეს თითქმის ყოველდღე სჭირდება მორწყვა, ძალიან ცხელი ამინდების დროს დღეში ორჯერაც კი რწყავენ. ეს მცენარე ვერ იტანს ზაფხულის ცხელ ჰაერს და ამიტომ ხშირად უნდა წყლის მიწოდება, თუმცა, არც ძალიან ნესტიანი მიწაა სასურველი. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს შეგიძლიათ, ორ კვირაში ერთხელ მორწყათ (სახლის პირობებში). გადამეტებულმა მორწყვამ შეიძლება, მცენარის ფესვის ლპობა გამოიწვიოს. ამიტომ, მუდმივად ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტუნია დღეში რამდენჯერმე არ მორწყათ და ამის გამო არ დალპეს მისი ფესვები. თუ მცენარეს ეს დაავადება შეეყარა, ვეღარ გადაარჩენთ. მორწყვამდე ხელით შეამოწმეთ მიწა. მცენარეს ემტერება ცრუფარიანა და ფქვილისებრთა ფარიანა. ეს მავნებლები შეგიძლიათ, მოაშოროთ აქტელიკითა და კარატეთი. ან საპნიანი წყლით დაბანოთ, პროცედურა გაიმეორეთ ერთი კვირის შემდეგ. პეტუნიას ეს მავნებელი აგვისტოში უჩნდება და ყურადღებით იყავით.
პეტუნიას გასხვლა: პეტუნია რომ ლამაზად გაიზარდოს და კარგად დაიბუჩქოს, სიმაღლეში გაზრდილი ტოტები უნდა მოაჭრათ. პეტუნიას გასხვლა მაშინ უნდა დაიწყოთ, როცა სიმაღლეში სწრაფად დაიწყებს ზრდას. ამის შემდეგ გვერდითა ტოტები დაიწყებს ზრდას. შედეგად მივიღებთ მსხვილ და უხვ ყვავილებს. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ ეს პროცესი გაიმეოროთ. ყურადღებით ადევნეთ თვალი პეტუნიას აყვავებულ ღერებს. დროულად მოაცალეთ ყველა დაყვავილებული და მომპალი ღერები. ეს პროცესი უზრუნველყოფს ახალი კვირტების წარმოქმნას.
პეტუნიას გამრავლება: პეტუნია შეგვიძლია გავახაროთ როგორც თესლით, ასევე კალმითაც. თესლით გახარებული პეტუნია უფრო ამტანი და უხვან მოყვავილე გამოდის, ვიდრე კალმით გახარებული. პეტუნია ითესება მარტში, სახლის პირობებში. მიწა უნდა იყოს ნოყიერი და ფხვიერი. ქოთნის ძირს უნდა ჰქონდეს კარგი დრენაჟი, შემდეგ ვყრით სადრენაჟე მასალას და ვავსებთ ნიადაგით. თესლი წინასწარ უნდა გადავურიოთ ცოტა ქვიშაში და მოვაბნიოთ კარგად დანამულ ნიადაგს. უნდა დავასათბუროთ და მოვათავსოთ 20-22 გრადუსზე. არ უნდა დაუშვათ მიწის გამოშრობა, მიწა უნდა დანამოთ პულიზატორით. ასეთი წესით დათესილი მცენარე 5-6 დღეში იწყებს ამოსვლას. მას კარგი განათება სჭირდება, სინათლის ნაკლებობის გამო ღერები უგრძელდება. როცა მცენარეს სამი ოთხი ფოთოლი გაეზრდება უნდა გადახადოთ. ერთი თვის მერე უკვე საჭიროა საკვების მიწოდება. კარგია აზოტით მდიდასი სასუქი მიაწოდოთ. კალმით გამრავლებაც არ არის რთული. მოჭრილი ტოტი უნდა იყოს დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის, მოაცალეთ ქვემოთა ფოთლები და ოდნავ დაუმოკლეთ ზემოთა წვერო. უნდა ჩარგათ ნამიან ფხვიერ სუბსტრაქტში და დაასათბუროთ. კალმებს სჭირდება კარგი განათება. მალე ფესვიანდება.
| |
| |
ნანახია: 2906 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |