10.01.2020, 09:06 | |
იორდასალამი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების, იშვიათად ბუჩქების ან ბუჩქ-ბალახების გვარი, იორდასალამისებრთა ოჯახის მცენარეა. აქვს წითელი, ვარდისფერი ან იშვიათად მოყვითალო, მარტოული დიდი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. გვარში 40-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 10 სახეობა, რომელთაგანაც ორი კავკასიის, ხუთი კი საქართველოს ენდემია. საქართველოს მთის შუა და ზედა სარტყელში გვხვდება რუპრეხტის იორდასალამი (Paeonia ruprechtiana) და სტევენის იორდასალამი (Paeonis steveniana). სახეობათა უმრავლესობა მესამეული პერიოდის ფლორას ეკუთვნის. მრავალი მათგანი დღესაც ფართოფოთლოვან რელიქტურ ტყეებში გვხვდება. მეტად ლამაზი დეკორატიული მცენარეებია. მებაღეობაში უამრავი ჯიშია გამოყვანილი. მებაღეობაში უამრავი ბუთხუზა ჯიშია გამოყვანილი. ზოგ სახეობას ხალხი მედიცინაშიც იყენებს.
როგორ დავრგათ იორდასალამი და როგორ მოვუაროთ: იორდასალამი სინათლის მოყვარული მცენარეა, მისთვის დასარგავად უნდა შეირჩეს მზიანი, ქარისგან დაცული ადგილი. მცენარე კარგად ეგუება ნახევარცრდილსაც, მაგრამ ჩრდილში დარგვის შემთხვევაში ნელა იზრდება და ყვავილობაც მწირი ექნება. მცენარეს მოსწონს ნესტიანი ადგილი, სადაც მუდმივი ტენი ექნება. მის დარგვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს წინასწარ. მცენარისთვის შერჩეულ ადგილას უნდა შეიტანოთ ორგანული სასუქი, რაც გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. იორდასალამს სჭირდება მჟავე ნიადაგი, ამიტომ მისთვის სასურველი და ადვილადასათვისებელი სასუქი კომპოსტია, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ბოსტნეულის ნარჩენებისგან და ფოთლებისგან. მცენარის დასარგავად უნდა გავამზადოთ ორმო, ზომით 50-70-50 სმ. ასეთი ზომის ორმოში ფესვები მალე გაიზრდება და კარგად განვითარდება, პატარა ზომის ორმოში კი ფესვები მალე აჩერებს ზრდას და არც ყვავილობა იქნება უხვი. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 80 სანტიმეტრისა. იორდასალამის დარგვისთვის კარგი პერიოდია აგვისტო, ასე მცენარე ზამთრამდე ასწრებს ახალ გარემოსთან შეგუებას. ბუჩქი რომელიც უნდა დაიშალოს, ამოაქვთ მიწიდან. ბუჩქი ფრთხილად უნდა დაიშალოს და დაიყოს. თუ პატარაა ნერგი და ჯერ არ იყოფა, მხოლოდ გადააქვთ ახალ ადგილას. ჩარგვის სიღრმეს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ზრდის წერტილის კვირტები ზემოდან უნდა დაიფაროს 3-5 სანტიმეტრის სიმაღლის მიწით. დარგვის შემდეგ კარგად უნდა დაიტკეპნოს მიწა და მოიწყას მცენარე. თუ ძალიან დაიწევს მიწა, უნდა დაამატოთ ზემოდან მსუბუქი სუბსტრატი. მცენარე დიდი ფოთლების გამო ბევრ წყალს მოიხმარს, ამიტომ კვირაში ერთხელ უხვი მორწყვა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულში და ყვავილობისას. თუ რამოდენიმე ბუჩქი გაქვთ დაშენებული ერთმანეთის მიყოლებით, შეგიძლიათ გვერდით პატარა საარხე კვალი გაუკეთოთ და ისე მორწყათ. უმჯობესია მცენარის მორწყვა ღამით. იმისათვის, რომ მცენარეს დიდი ყვავილები გაეზარდოს ზედმეტი კოკრები უნდა შეეცალოს. აცლიან გვერდითა ტოტებზე განვითარებულ კოკრებს. მცენარე ყვავილობას ასრულებს ივნისში. ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარეს უნდა დაუმოკლოთ ტოტები. ტოტები მიწიდან 5-7 სანტიმეტრის სიგრძის უნდა დარჩეს, დანარჩენი მოეჭრას. მოჭრილი ტოტები დროულად უნდა გაიტანოთ ნაკვეთიდან, რადგან მასში გროვდება სხვადსხვა მავნე ბაქტერია.
სასუქი როდის მივაწოდოთ: პირველი ორი წლის განმავლობაში იორდასალამს სასუქის მიწოდება არ სჭირდება. მხოლოდ მიწის გაფხვიერებაა პერიოდულად საჭირო. პირველი ორი წლის განმავლობაში ფესვები უვითარდება და კარგია თუ შარდოვანას მიაწვდით 10 დღის ინტერვალებით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ. მესამე წლიდან მცენარე ემზადება ყვავილობისთვის. ადრე გაზაფხულიდან უნდა მიაწოდოთ ფოსფორით, კალიუმით და აზოტით მდიდარი სასუქი. სასუქი უნდა მოეყაროს მცენარის გარშემო, დაუშვებელია ფესვებთან ახლოს დაყრა, რომ ფესვები არ დაეწვას. როცა პირველ კვირტებს შეამჩნევთ, მეორეთ მაშინ მიაშველეთ იგივე შემცველობის სასუქი. როცა მცენარე 10-15 წლის გახდება მინერალური სასუქის მიწოდების დონე უნდა გავზარდოთ. კარგია ფრინველის სკლინტის ჟიჟა, უნდა დაემატოს ცოტა სუპერფოსფატი და დააჩეროთ 10 დღის განმავლობაში, სანამ ბოლომდე არ დადუღდება. შემდეგ უნდა დაემატოს ორი წილი წყალი და ისე მოირწყას მცენარე.
10-15 წლის შემდეგ მცენარეს ყვავილები უწვრილდება და ყვავილობაც ნაკლები აქვს. ეს აისახება ფესვების სიღრმეში ჩაზრდით, სადაც საკვები ნივთიერებები არაა. სრული ყვავილობის აღდგენა ამ ასაკშიც არის შესაძლებელი. პირველი კვების შემდეგ ბუჩქის გარშემო 4 დიდ ნახვრეტს აკეთებენ 40 სანტიმეტრის სიღრმისას. ნახვრეტებში ყრიან სასუქს ან თხევადს ასხამენ. მშრალი სასუქის ჩაყრისას ნახვრეტები კარგად უნდა მოირწყას, რომ სასუქის კრისტალები ბოლომდე გაიხსნას. ეს პროცესი სამჯერ უნდა გაიმეოროთ 10 დღიანი ინტერვალით და მცენარეს ძველებური ძალა დაუბრუნდება.
როგორ მრავლდება: იორდასალამი ძირითადად მრავლდება ბუჩქის დაყოფით. ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარე ჯერ უნდა დავსხლათ, დავუმოკლოთ 5 სანტიმეტრამდე ტოტები, შემდეგ ამოვიღოთ ფრთხილად მიწიდან და გავყოთ ნაწილებად. თითოეულ მოჭრილ ნაწილს უნდა დაეყაროს დაფხვნილი ხის ნახშირი. თუ რომელიმე ფესვი დაზიანებული ან დამპალი აქვს დაუყოვნებლივ უნდა მოეჭრას.
| |
| |
ნანახია: 3187 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |