ხმალა იგივე გლადიოლუსი (Gladiolus)
24.07.2019, 21:55

ხმალა მიეკუთვნება მრავალწლოვან გორგლ-ბოლქვიან მცენარეთა გვარს ზამბახისებრთა ოჯახისა. აქვთ სწორმდგომი, დაუტოტავი (ზოგჯერ დატოტვილი) ღერო, მწვანე ან მოცისფრო-მომწვანო შეფერილობის ხაზურ-ხმლისებრი ფოთოლი. ყვავილი ძაბრისებრია და 6 არასწორნაკვთებიანი ყვავილსაფარი აქვს. ყვავილები ლამაზად ყვავის და სხვადასხვა ფერია: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, იასამნისფერი, იისფერი და ვარდისფერი შეფერილობის. ყვავილედი ერთ-ან ორმხრივი თავთავია.

ცნობილია ხმალას დაახლოებით 250-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია აზიაში, ხმელთაშუა ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა. მათგან 1 საქართველოს ენდემია, 1 კავკასიისა. დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდაა გავრცელებული ჰიბრიდული ხმალა, რომელიც გამოირჩევა ყვავილობის ხანგრძლივობით, დიდი ზომის ყვავილედითა და ყვავილით, ნაირგვარი ფერადოვნებით. ხმალას იყენებენ ბაღებში, პარკებსა და სკვერებში ყვავილნარების გასაფორმებლად, ყვავილწნულების გასაკეთებლად და სხვა. ხმალა მრავლდება გორგალ-ბოლქვით და შვილეული ბოლქვებით. დეკორატიულ მეყვავილეობაში მიღებულია მისი მრავალი ჯიში და ფორმა.

 ხმალას სახეობების გულდასმით შესწავლა და კულტურაში შეტანა დაიწყო XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც განხორციელდა აფრიკული ექსპედიციები. აქაური სახეობები მნახველს აოცებდა თავისი ზომებითა და რაც მთავარია, ყვავილების ფერთა სიუხვით.

ხმალა მე-18 ს-ში ევროპაში შეიტანეს აფრიკიდან მისი ბოლქვები და მას შემდეგ გახდა პოპულარული. წინა საუკუნის 50-60-იანებში მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია ჰოლანდიაში, სადაც გამოიყვანეს უამრავი ახალი ჯიში.

ხმალას დარგვა და მოვლა:

ესაჭიროება ქარისაგან დაცული, მზიანი ადგილები და კარგად დრენირებული ნიადაგი. თუ ნიადაგი თიხნარია, ცოტა ქვიშა უნდა დაემატოს. გამოსადეგია ნაკვეთები, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და ტაფობი, ჭაობიანი ადგილები.

მისი დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: არ შეიძლება ერთ ადგილას 2 წელზე მეტ ხანს მისი ყოფნა. ახალ ადგილზე მიწის შემადგენლობა სხვანაირი უნდა იყოს. სჯობს ადგილობრივი ბოლქვის შეძენა, რადგან უცხოური, მაგალითად ჰოლანდიური ბოლქვი იყვავილებს იმ წელს და მეტჯერ აღარ აყვავდება. არ შეიძლება ერთად დიდი და პატარა ბოლქვების ჩარგვა, იმიტომ რომ დიდი დაჩაგრავს პატარას. ჩარგვის სიღრმეს მნიშვნელობა აქვს , უნდა ჩაირგოს სადღაც 3-4 ბოლქვის დიამეტრის სიღრმეზე, უფრო ღრმად თუ ჩარგავთ, არ იყვავილებს, უფრო ზედაპირულად კი მოგიწევთ საყრდენზე მიმაგრება.

ხმალა სინათლის მოყვარული მცენარეა და ჩრდილში არ ყვავის. ზაფხულში ირწყვება კვირაში ერთხელ, მაგრამ უხვად, ადგილი უნდა ნიავდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაავადდეს სოკოთი.

ირგვება აპრილ-მაისში, მათ შორის მანძილი 12-15 სმ, მოითხოვს მულჩირებას. რწყავენ დილით ან საღამოს ისე, რომ წყალი არ მოხვდეს ფოთოლს, გვალვაში უფრო ხშირად უნდა მოირწყას, 3-4 დღეში ერთხელ. მიწას უფხვიერებენ 10 დღეში ერთხელ. როცა საყვავილე ღერზე კოკრები გაჩნდება, საჭიროების შემთხვევაში უნდა საყრდენი, დაყვავილების მერე კი ღერო უნდა მოიჭრას მჭრელი დანით, დილას ან საღამოს ისე, რომ გადანაჭერი ჩაიმალოს ფოთლებს შორის ღრმად. ესაჭიროება როგორც მინერალური, ისე ორგანული სასუქი.

როდის და როგორ შევინახოთ ბოლქვი:

ბოლქვები უნდა ამოიღოთ შემოდგომაზე, თვენახევრის მერე დაყვავილებიდან. ბოლქვები უნდა დაიშალოს, თუ პატარები აქვთ, ისინი ადვილად ცილდებიან ერთმანეთს. მათაც აქვთ მკვრივი ქერცლები .თხრიან მშრალ ამინდში. ათავისუფლებენ მიწის ზედა ნაწილისგანაც და ფესვებისგანაც, უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, ცოტა ხნით დებენ მარგანცოვკაში, 3 დღე აშრობენ და ინახავენ ქაღალდის პარკებბში სიგრილეში.

ბუნებრივი დასვენების პერიოდი 40 დღეა, მაგრამ ჩვენთან ამ ვადის გასვლის მერეც ზამთარია, ამიტომ ხელოვნურად აგრძელებენ ამ პერიოდს. ინახავენ 5 -8 გრ-ზე, ნივრის კბილებთან ერთად და პერიოდულად ცვლიან ნივრებს, თვეში ერთხელ ათვალიერებენ ბოლქვებს და დაზიანებულს აშორებენ. ქალაქის პირობებში მათთვის კარგია მაცივარი, სარდაფი. გაზაფხულზე გამოაქვთ აივანზე ან აივანზე ან ტერასაზე.

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3218 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar