გვირილა
01.08.2019, 15:05

გვირილა რთულყვავილოვანთა გვარს მიეკუთვნება. რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში.

საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალ ბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა.

ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა. 

გვირილა ერთწლიანი ან მრავალწლიანი სახეობისაა, 35 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითაა, ფრთისებრ განკვეთილი. 

კალათები სხედან სათითაოდ ყვავილის გრძელ ყუნწზე ტოტების კენწრულ ნაწილში და აქვთ თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილები. კალათის საერთო საფარველი კრამიტისებრია. კიდურა ბუტკოიანი, ყვავილების რიცხვი კალათაში იცვლება 12-დან 17-მდე, ისინი თეთრი ფერისაა, სამკბილიანი, ენისებრი გვირგვინით. შიგნითა ყვავილები ხუთკბილიანია. ყვავილსაჯდომი კონუსისებრია, შიშველი, უაპკო, შიგნით ღრუ. გამშრალი კალათის დიამეტრი 5-8 მილიმეტრია. კალათა იშლება თანდათანობით.

ყვავილობის დასაწყისში ენისებრი ყვავილები აღმართულია ზევითკენ, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, ყვავილობის შემდეგ სტადიაში ენისებრი ყვავლების ფურცლები იღებენ ჰორიზონტალურ მდებარეობას, ყვავილსაჯდომი იჭიმება და ყვავილობას იწყებენ ქვედა მილისებრი ყვავილები, ამის შემდეგ ენისებრი ყვავილები დაიყვავილებენ, გვირგვინი ქვევით იხრება, ყვავილსაჯდომი სულ უფრო კონუსურ ფორმას იღებს და თანდათანობით კიდიდან ცენტრისაკენ ყვავილობას იწყებენ მილისებრი ყვავილები. ამ დროს კი ქვედა მილისებრი ყვავილები უკვე იწყებენ ნაყოფის მოცემას.

ნაყოფი თესლურაა. მცენარე სურნელოვანია, ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ცალკეული კალათა ყვავის სამ კვირამდე.

გვირილას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს.

გვირილა ხარობს მდელოებში, სტეპებში, უშენ და დანაგვიანებულ ადგილებში და დიდ ფართობებზეც ვრცელდება. ნედლეულის სახით აგროვებენ გვირილის ყვავილებს, მხოლოდ მაშინ როდესაც ენისებრ ყვავილებს ჰორიზონტალური მდგომარეობა უკავიათ.

სამკურნალო გვირილის გარდა გვხვდება სხვა სახეობის გვირილებიც, რომელთა შეგროვება და გამოყენება დაუშვებელია. სხვა სახეობის გვირილების ყვავილსაჯდომები არ არის ღრუ, ხოლო კალათები უფრო დიდი ზომისაა, დაახლოებით 12 სმ-მდე დიამეტრისა.

გვირილას ყვავილედი შეიცავს 0,2-0,8% ეთერზეთს, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიდ-აპიგენონს, ამიტომ მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმომადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი.

მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს.

გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს.

გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის.  

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 სთ, გაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.

ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს.

ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ კარგად თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ.

ამ ნაყენს ხმარობენ აგრეთვე თვალების მოსაბანად. თვალების ანთებითი პროცესების დროს.

გვირილას დიდი გამოყენება აქვს კოსმეტოლოგოაშიც. 

სამკურნალო გვირილა, ანუ ბაბუნა, ძლიერ დატოტვილი ერთწლოვანი ბალახია, სიმაღლით 35-40 სმ. აქვს ორმაგად ფრთისებრ გაკვეთილი მორიგეობითი ფოთლები, კალათა ყვავილედი. გრძელ ყუნწზე მოთავსებულია ერთი ყვავილი. ახასიათებს გვერდითი თეთრი ენისებრი და შიდა მილისებრი ყვავილები. მცენარის ყოველი ნაწილი სურნელოვანია, ყვავის მთელი ზაფხული, მასიურად კი ივნისში. ცალკეული ყვავილები გაშლილია სამი კვირის განმავლობაში. ხარობს ველებზე, ტყის მდელოებზე, ქმნის დიდ ნაზარდებს. გვირილას ყვავილები უნდა მოკრიფოთ უყუნწოდ, ისეთ დროს, როცა ჰორიზონტალურად არის გაშლილი. უფრო გვიან მოგროვებული ნედლეული უვარგისია. ყვავილები დაკრიფეთ ხელით ან სპეციალური სავარცხლით. შეაგროვეთ ტილოს პარკში. გააშრეთ ჰაერზე ან შენობაში, 40-45 გრადუს სითბოში. მშრალი ყვავილები შეინახეთ მუყაოს ან ხის კოლოფში. ვარგისია ორი წელი.

გვირილას მოვლა:

გვირილა მიუხედავად იმისა, რომ უპრეტენზიო მცენარეა, მაინც მოითხოვს ყურადღებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სად დარგავთ, თუ ადგილს სწორად ვერ შეურჩევთ ექნება სუსტი ყვავილობა, არც სიმაღლეში გაიზრდება სათანადოდ. გვირილას არ უყვარს მჟავე ნიადაგი, ეს დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ. იმისათვის რომ ნიადაგის მჟავიანობა შეამციროთ ნიადაგში უნდა შეიტანოთ ხის ნახშირი. 

გვირილას უყვარს მზე, აქედან გამომდინარე უნდა დავრგათ მზიან ადგილას, სადაც დღის განმავლობაში ექნება პირდაპირი მზის სხივები მინიმუმ 5-6 საათი.  ძალიან უყვარს წყალი, მორწყეთ დილით ან საღამოს.

პირველი კვირტების გაჩენის თანავე კარგია თუ სასუქებს მიაშველებთ, ასევე უყვარს თუ შარდოვანას შეიტანთ ნიადაგში. 

 

დათესვა: 

გვირილა ითესება პირდაპირ ღია გრუნტში. დათესვისთვის კარგი პერიოდია აპრილ-მასისი. თესლი არ უნდა დაითესოს ღრმად, უნდა დააყაროთ მიწა თხლად და დააფაროთ ცელოფანი, რომელსაც პერიოდულად გაანიავებთ. სამი კვირის შემდეგ უკვე ღმოცენდება, სრული ოთხი ფოთოლის განვითარების შემდეგ ჩითილები დააცალკევეთ, თითოეულ ადგილას დატოვეთ ორი-სამი ნერგი. ნერგებს შორის დაშორება უნდა იყოს მინიმუმ 30 სანტიმეტრი. 

 

გასხვლა და განახლება:

გვირილას ბუჩქი წლებთან ერთად ძალიან იბუჩქება, უხმება ძველი ტოტები და იღებს ულამაზო ფორმას, ამიტომ 2-3 წელიწადში სჭირდება ბუჩქის განახლება, უნდა მოეჭრას ძველი და გამხმარი ტოტები. 

 

 გამრავლება ბუჩქის დაყოფით:

გვირილა მრავლდება ბუჩქის დაყოფით. ეს უნდა მოხდეს სექტემბრის ბოლოს. გასაყოფათ უნდა ამოვიღოთ მცენარე მთლიანად, უნდა მოვაცილოთ მიწა ფესვებიდან და ამის შემდეგ ფრთხილად გავყოთ რამოდენიმე ნაწილად. თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვები და ახალი ყლორტები. 

დარგვამდე წინასწარ უნდა ჩაყაროთ ამოღებულ მიწაში სასუქი. შემდეგ ჩარგეთ მცენარე, კარგად დაუტკეპნეთ მიწა და კარგად მორწყეთ. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3503 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar