სურო (Hedera)
09.02.2021, 09:18

  სუროს, როგორც დეკორატიულ მცენარეს აქტიურად ახარებენ თითქმის ყველა მხარეს.  სუროს ყველა სახეობა დეკორატიულია. ის გამწვანების მიზნით გამოიყენება ბაღებსა და პარკებში, აგრეთვე, ორანჟერეებსა და ინტერიერებში, როგორც ეზოს დეკორატიული მცენარე. ძველ საბერძნეთში ამ მცენარეს ღვიძლის, რევმატიზმისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში ის დღემდე გამოიყენება, როგორც ფარმაციაში, ასევე ხალხურ მედიცინაშიც. სურო მარადმწვანე ლიანაა. მას ვერტიკალურად დგომა არ შეუძლია და დამატებითი ფესვებით ემაგრება ნიადაგს, ხის ღეროს, სახლის კედელს, ღობეს ან საგანგებოდ გაკეთებულ საყრდენს. სუროს აქვს მარადმწვანე ტყავისებრი პრიალა ფოთლები, მარტივ ქოლგა ყვავილედად შეკრებილი მწვანე ყვავილები, მომრგვალო, შავი კენკრა ნაყოფი. ყვავილობას შემოდგომაზე იწყებს და იანვარ-თებერვლამდე აგრძელებს. ნაყოფმსხმოიარობს ზამთარში. 

მსოფლიოში სუროს 15 სახეობაა ცნობილი. სურო ძირითადად გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ის ძირითადად ტყეებში იზრდება. სუროს თითქმის ყველა სახეობა მარადმწვანეა და ძალიან ალამაზებს გარემოს.

სუროს გაშენება ნამდვილად ღირს ბაღის გასალამაზებლად, რადგან ის ძალიან ალამაზებს გარემოს. ამის გამო მთელ ევროპაში პოპულარული მცენარეა. მეტიც, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ის ხელს უწყობს ადამიანს მიზნის მიღწევაში.

 

საქართველოში სუროს სამი სახეობაა ცნობილი: დასავლეთ საქართველოში ხარობს კოლხური სურო, რომელიც, ძირითადად ტყეებში გვხდება, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ლაზეთში, თუმცა შესაძლებელია ქართლშიც შეგვხვდეს. მისი საყვარელი ადგილი ტენიანი ტყეებია. კოლხურ სუროს გულის ფორმის ტყავისებრი ფოთლები აქვს და როგორც სუროს სხვა სახეობები, ძალიან შთამბეჭდავი სანახავია.
აღმოსავლეთ საქართველოში კი პასტუხოვის სუროა გავრცელებული. მისი ფოთოლი უფრო ვიწროა, პასტუხოვის სურო უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებშია და კვერცხის ფორმის პრიალა ფოთლები აქვს.

კავკასიური სურო თითქმის მთელი­ საქართველოს ტყეებშია. მას დანაკვთული ფოთლები აქვს. ფოთლები 3-7 ნაწილად არის დაყოფილი. ხარობს მთელ კავკასიაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოკავკასიაში... კავკასიური სურო ნიადაგზეც დახოხავს და ხეებზეც ადის. განსაკუთრებით უყვარს დაჩრდილული და ტენიანი ადგილები.


 ჩვენს კლიმატსა და ბუნებრივ პირობებს სუროს ბევრი უცხოეთიდან შემოტანილი სახეობა მოერგო. ერთ-ერთი კანარის სურო ანუ ჭრელფოთოლა სუროა, რომელიც ძალიან კარგად ეგუება სინათლეს. ის საკარმიდამო ნაკვეთებშიც ხშირად გვხვდება. კანარის სუროთი რთავენ აივნებს, მესერს და ასევე ქოთნის ყვავილადაც ახარებენ (ოღონდ აივანზე). სუროს სახეობებს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა "მონა ლიზა", ასევე, "ევა". უცხოეთიდან არის შემოტანილი სახეობა, რომელსაც "ქალწულე­ბრივ სუროს" ეძახიან, ის ძალიან ლამაზია, ადვილად იზრდება და კარგად ფარავს უსახურ ადგილებს. ამ სახეობის სუროს ზამთარში­ ფოთლები სცვივა, მაგრამ ზაფხულობით მწვანედ ხასხასებს, შემოდგომაზე კი - ბორდოსფერია.

 

როგორი პირობები მოსწონს სუროს:

 სურო ვერ იტანს მშრალ ჰაერს და პირდაპირ მზის სხივებს. თუ ასეთ პირობებში მოხვდება, ხშირად უნდა მოვრ­წყათ და დავნამოთ მისი ფოთლები. როცა მცენარე მოიზრდება და ფესვები გაძლიერდება, უკვე სიცხეშიც­ ხარობს. ეს მცენარე ძალიან კარგად იკრიჭება და შეიძლება სასურველი ფორმის მიცემა. დღეს მსოფლიოში მიღებულია ასეთი­ რამ: მავთულისგან ფიგურებს აკეთებენ, მერე ამ ფიგურებზე სუროს უშვებენ და სასურველ ფორმას აძლევენ. გაკრეჭის შემდეგ სურო იტოტება და საუკეთესო საშუალებაა ეზოს მოსართავად, ინტერიერის გასამწვანებლად. 

 

სუროს გამრავლება:

 სურო ადვილად მრავლდება­ და ჩვენს კლიმატს კარგად ეგუება. დეკორატიულ მებაღეობაში სურო მრავლდება 18-20 სმ სიგრძის მწვანე კალმებით, ანუ ღეროებით. წელიწადის თბილ პერიოდებში კალმებს რგავენ პატარა ქოთნებში, რომელშიც უნდა ჩაიყაროს: კორდიანი მიწა, ნეშომპალა და ქვიშა (შეფარდება - 1:1:1). ქოთანს დგავენ დაჩრდილულ და გრილ ადგილას. ღეროები დაახლოებით ორ თვეში ფესვიანდ­ება. დაფესვიანება შეიძლება წყალშიც. როგორც გითხარით, სურო ვერ იტანს გამომ­შრალ ჰაერს და მზის პირდაპირ სხივებს.­ ამიტ­ომ, ახალდარგული მცენარე უნდა მორწყათ ყოველდღიურად, სანამ ფესვებს კარგად არ გაიდგამს.

კატეგორია: მხვიარა მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 6220 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar